მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი მარგველაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური დევნას - 07 ოქტომბერი 2014

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს შეხვდა

myrights.ge

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ოფიციალური სადილის ფორმატით გაიმართა, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი დაესწრო.

ქვეყნის პირველი პირი დამსწრეთა წინაშე სიტყვით წარსდგა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტენდენციებსა და გამოწვევებზე, ასევე საქართველო-რუსეთ შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და უელსში ნატო- სამიტის შედეგებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი დამსწრე საზოგადოებას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა წარუდგინა და მადლობა გადაუხადა მას დიალოგში მონაწილეობისთვის.

პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სწორედ ეკონომიკური განვითარების გზით შეიძლება. გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს იმ სტანდარტებს, რომლებიც სრულად შეესაბამება  ევროკავშირის მოთხოვნებს.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში ბიზნესის კეთებას, პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა  ღიაა ინვესტორებისთვის და ეს ყველასთვის მომგებიანია, მათ შორის იმის გათვალისწინებითაც, რომ არ არის კორუფცია და ყველას შეუძლია ისარგებლოს  გამარტივებული სერვისებით.

სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის პირველმა პირმა წინა ხელისუფლების დროს დაწყებული კონკრეტული ეკონომიკური პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტსა და საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქციას დაუთმო.

ქვეყნის პირველი პირი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ ენერგოსექტორში უფრო მეტი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად განამტკიცებს რეგიონის უსაფრთხოებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილისთვის ის შეკითხვები დაესვათ, რომლებიც მათთვის აქტუალური იყო

პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე, იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ქვეყანას აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით არსებულ მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაზე, ეკონომიკურ ტენდენციაზე, საქართველოს უპირატესობებზე. პრეზიდენტი შეეხო იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ პროექტებს, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელობის ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, უფრო მჭიდრო კომუნიკაციას და საქართველოს მეტ ინტეგრაციას მის მეზობელ ქვეყნებთან. ამავე დროს, საკითხი შეეხებოდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნისა. ბუნებრივია, საქართველო ღიაა ინვესტორებისთვის და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, მათ შორის ბიზნესმენებთან, ინვესტორებთან პრეზიდენტი ამის შესახებ ყოველთვის საუბრობს", - აცხადებს გიორგი აბაშიშვილ.

ღონისძიებას აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა, რომელიც, ამავდროულადსაქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის საპატიო პრეზიდენტიცაა. რიჩარდ ნორლანდი ინტერესდება, რას უპასუხებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ზოგიერთ სკეპტიკოსს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო შეპყრობილია წარსულით, ვიდრე - მომავლით.

როდესაც დაიგეგმება პრეზიდენტის რანგში თქვენი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, რაც ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მოხდება, მაინტერესებს, როგორ მიიღებთ ზოგიერთი სკეპტიკოსის მოსაზრებას, რომლებიც კვლავ არიან ვაშინგტონში, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უფრო წარსულით არის შეპყრობილი, ვიდრე - მომავლით?, - მიმართა ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტს, რაზეც გიორგი მარგველაშვილის პასუხი იყო, რომ ამერიკელი და ევროპელი მეგობრების შეშფოთება  ჩვენი გამოწვევაა“:

ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ ვდგავართ რამდენიმე გამოწვევის წინაშე და ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ ამ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპასა და აშშ-ში, ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარია, რომელთაც მართლაც ბევრი გააკეთეს ჩვენს ქვეყანას წარმატებისთვის (ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, უელსის სამიტს), შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში; შეწუხებული არიან ასევე, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სამართლებრივი დევნის კონკრეტული შემთხვევებით. ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, არის ის, რომ მეც მაღელვებს ეს და ყურადღებით ვუსმენ დასავლელ კოლეგებს. მეორე, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ დაძლიოს ეს ღია დისკუსიის გზით და გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიულობის სტანდარტები. თუ გვექნება სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის კარნახის მცდელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ჩვენ ვერ მივალთ დემოკრატიის მაღალ დონემდე. ეს შიგნით უნდა გაკეთდეს და ამ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოებას უფრო დიდი როლი ჰქონდეს. პოლიტიკური ვერდიქტი არჩევნების დღეს სრულდება. პოლიტიკური ვერდიქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულდება, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი მიდის ხელისუფლებიდან, მეორე კი - მოდის. ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით სამი არჩევნების განმავლობაში. ეს არის, როდესაც პოლიტიკური ვენდეტა სრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური დევნას.

პრეზიდენტის თქმით, მეორე სიმართლე ისაა, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა განსაკუთრებულ კრიმინალურ საქმეებზე თავიანთი სამუშაო უნდა შეასრულონ და განიხილონ ეს საქმეები პოლიტიკური პოზიციის გარეშე.

საბოლოოდ ჩემი მიზანია, რომ უფრო აქტიურად ჩავერთო ამ პროცესის მონიტორინგში. ჩემი მიზანია, ჩავრთო ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ამ დიალოგში. მინდა, რომ ამ დისკუსიაში უფრო მეტი პოლიტიკოსი ჩაერთოს. სხვათა შორის, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მართლაც უცნაური მოსაზრება მოვისმინე, რომ ეს საქმეები მე გადმომაბაროს, მაგრამ ვპატიობ ამას. ვფიქრობ, ეს ძალიან გამოუცდელი, არაპროფესიონალური მიდგომაა მართლმსაჯულების საკითხებთან მიმართებაში. მჯერა, ქართული საზოგადოება შეძლებს ამ ყველაფერის გავლას და გახდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული საზოგადოება. ეს იქნება მტკივნეული პროცესი, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილ.

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში 15 წლის წინათ ჩამოყალიბდა და 160-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიასა და ინვესტორს აერთიანებს

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია