მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ინგილოები საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის გამარტივებას სთხოვენ - 09 ოქტომბერი 2014

myrights.ge

საინგილოში მცხოვრები ქართველები თბილისთან სავიზო რეჟიმის გამარტივების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. როგორც კახის რაიონიდან გვაცნობეს, მიმართვას საქართველოს მთავრობას უახლოეს დღეებში მიაწვდიან. ადგილობრივები ხელისუფლებას არსებული რეალობის გათვალისწინებასა და თანადგომას  სთხოვენ. წერილში ნათქვამია:

საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოგმართავთ თხოვნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების, საინგილოს ქართველი მოსახლეობის სახელით, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა, მიიღოთ სავიზო რეჯიმის გამარტივების გადაწყვეტილება და შეგვიმსუბოქოთ ამ რეჟიმით გამოწვეული რთული პროცედურები. პრობლემები შეექმნათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოში მცხოვრებ და მომუშავე ინგილოებს,რომლებმაც გადაწყვიტეს იცხოვრონ დედასამშობლოში; ახლა მათ ეუბნებიან, რომ თქვენ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეები ერთნაირი უფლებებით ისარგებლებთო. გართულებული სავიზო რეჟიმი, დიდი ფინანსები და უამრავი საბუთების შედგენა (რომელიმე სადაზღვევო კომპანიიდან ჯანმრთელობის დაზღვევის ცნობა  - 100–120 ლარი, 50 დოლარი საელჩოს ანგარიშზე, 5 ათასი ლარი რომელიმე ბანკის ანგარიშზე, .განჯაში ორჯერ ჩასვლა და სხვა საბუთები ) საინგილოს ქართველების ისედაც რთულ (როგორც ფინანსური, ისე ფსიქოლოგიური) მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. ჰერელებს ყოველთვის ჰქონდათ გარკვეული შეღავათები და პრივილეგიები დედასამშობლოსთან დასაახლოებლად. ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია, ჩვენი შვილები საქართველოში სწავლობენ-მუშაობენ და მათი იზოლირება, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უარყოფით შედეგს მოიტანს. ამიტომ, მოგმართავთ (როგორც ქართველები, როგორც ძმები და არა როგორც უცხოელები ) თხოვნით, რომ მოხდეს სავიზო რეჟიმის გამარტივება (უბრალოდ, საქართველოს საზღვარზე ან საქართველოს საიმიგრაციო სამსახურებში რეგისტრაციის გავლა), საქართველოში თავისუფლად გადაადგილების უფლებით, დროებითი და მუდმივი ბინადრობის მიღების უფლებით, რათა მათაც შეეძლოთ საქართველოში სწავლის, ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლებაც და საშუალებაც (რედ.სტილი დაცულია)“.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც ვიზების გაცემისა და მიგრაციის ახალ რეგულაციებს განსაზღვრავს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამკაცრდა, კერძოდ 1 სექტემბრიდან 24 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა არ შეუძლიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომუცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომაროების შესახებ კანონშიშეტანილი ცვლილებების თანახმად, 94 ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში უვიზოდ გაჩერებას ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა, 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ ევროპის ქვეყნების, ნატო- წევრი, დსთ-ის წევრი და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეები.

საქართველოში შემოსასვლელი ვიზა  50 დოლარი ღირს და მისი აღება საზღვრის გადმოკვეთისას აღარ არის შესაძლებელი. საქართველოს ვიზა მხოლოდ ქვეყნის ოფიციალურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გაიცემა.

პრემიერმინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, თუ რაიმე ხარვეზი გამოიკვეთა, ჩვენ აუცილებლად გავასწორებთ“. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით  შეხვედრა გაიმართა: „ჩვენ შევიკრიბეთ, რადგან კიდევ უფრო კარგად გავაანალიზოთ საკითხი“.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია