პრემიერ-მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გახსნა
myrights.ge
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად თბილისში ევროპული სტანდარტების და საერთაშორისო დონის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გაიხსნა.
„ეს არის ევროპული სტანდარტების და საერთაშორისო დონის ცენტრი, ამ დონის ცენტრები იშვიათობაა. ეს არის ჩვენი მთავრობის თანმიმდევრული მიგრაციული პოლიტიკის კონკრეტული შედეგი. ჩვენ დავიწყეთ სავიზო რეჟიმის მოწესრიგება, რომელიც იყო ქაოტური და აბსოლუტურად გაუგებარი. არალეგალ მიგრანტთა ცენტრი მოემსახურება 80 ადამიანს. აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ დიდი სიკეთის მიღწევაში, რასაც ჰქვია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შენობა ორი სართულისგან შედგება და გათვლილია საქართველოში უკანონოდ მყოფ 80 პირზე. არსებული ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შენობაში განთავსებულია სასადილო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, ასევე შენობის ეზოში მოწყობილია სპორტული და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნები, შექმნილია პირობები მოზარდთათვის. ცენტრში განთავსებულია ადაპტირებული ოთახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ასევე იმ უცხოელებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისკენ და არსებობს მათი მხრიდან გარშემომყოფებისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების საფრთხე. ხელმისაწვდომია სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.
ღონისძიებას მთავრობის წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა და პრობლემები შეექმნა, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ეს არ არის მიზანმიმართული პოლიტიკა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამ პროცესში დაფიქსირებული ყველა ხარვეზი დროულად აღმოიფხვრება.
„მინდა განვმარტო, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების უკეთ დაცვას, საქართველოში მიგრაციული პროცესების ეფექტურად მართვას. საზღვრის დაცვის პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტიანად და ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ის, რაც მინისტრმა ჭიკაიძემ ერთი წლის განმავლობაში გააკეთა. 11 ახალი სასაზღვრო სექტორი იხსნება მოკლე პერიოდში, მესაზღვრეებს გაეზარდათ ხელფასი, ძალიან ბევრი ეფექტიანი პროექტი განახორციელეს. ეს ყველაფერი შექმნის ძალიან კარგ სურათს, რომ ჩვენი ქვეყნის სანდოობა გაიზარდოს, იყოს მეტი უსაფრთხოება და უფრო დაცული იყონ ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა დედაქალაქის მერიაში სახელფასო დანამატების გაცემის საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დავით ნარმანია ყველაფერს ღიად და გამჭვირვალედ აკეთებს ყველაფერს და ჟურნალისტებს ურჩია, ამ თემაზე კითხვით თბილისის მერს მიმართონ.
ასევე იხილეთ ვიდეობმულები:
http://www.youtube.com/watch?v=A5s6yL0Uxs8#t=67
http://www.youtube.com/watch?v=_NNzFIg13Qw#t=23