მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრეზიდენტი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა - 16 ოქტომბერი 2014

myrights.ge

საქართველოს პრეზიდენტი ქალთა უფლებებზე მომუშავე 25 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო, ერთი მხრივ, იმ პროექტების გაცნობა, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად ახორციელებენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას

შეხვედრისას ქალთა უფლებადამცველებმა პრეზიდენტს ის ძირითადი პრობლემები გააცნეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე დგას. საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვას, ოჯახში ქალთა ძალადობის ფაქტებს და ამ მხრივ არსებული სირთულეების დაძლევასაღინიშნა, რომ განსაკუთრებით მძიმეა ვითარება საქართველოს რეგიონებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრების მნიშვნელობასა და  სხვადასხვა კამპანიის წარმოების აუცილებლობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოების ჩაბმულობის საკითხიც განიხილეს. მათი თქმით, ამ საკითხის მიმართ საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა შესაბამისი გზები მოიძებნოს სწრაფი რეაგირებისა და პრევენციისთვის.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხი იყო. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიურად ჩაბმის თაობაზე.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მსგავს პრობლემებთან დაკავშირებით, შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს, საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით აქტიურად ჩაებას ამ პროცესში.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები სოფიო შამანიდი და თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ

ცნობისთვის, ტერმინი ქალთა უფლებები ყველა ასაკის ქალთა და გოგონათა უფლებებთან და თავისუფლებებთან არის დაკავშირებული. ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ნაკარნახევი იყო ქალისადმი ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებით, გენდერული ასიმეტრიისა და გენდერული უთანასწორობის დაძლევის სურვილით. ქალთა უფლებები ითვალისწინებს ქალის რეპროდუქციულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში მონაწილეობის, განათლების, დასაქმების, სუფთა გარემოს, სამშვიდობო პროცესში ჩართვის უფლებებს.

საერთაშორისო სამართალში მიღებულია რამდენიმე საერთაშორისო აქტი, რომლებიც განსაზღვრავენ ქალთა სტატუსს. ქალთა უფლებების დასკვნასთან დაკვაშირებით ფუნდამენტური პრინციპია ქალთა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებით. სხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან ერთად ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი გათვალისწინებულია: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (1948 წ.), საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966 წ.), საერთაშორისო პაქტში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966 წ.), აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაში შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ (1958 წ.), იუნესკოს კონვენციაში განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (1960 წ.), კონვენციაში მამაკაცთა და ქალთა მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ (1951 წ.).

ქალთა სტატუსს აწესრიგებს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებიც, როგორებიცაა: კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ (1952 წ.) და კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ (1957 წ.). განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1979 წლის 19 ნოემბრის კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ: იგი ითვალისწინებს ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის სახელმწიფოს მიერ ამ უფლებათა შესრულების ზედამხედველობის მექანიზმს. გაეროს ფარგლებში მოქმედებს კომისია ქალთა მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დამხმარე ორგანოა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია