მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი: სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს - 26 ოქტომბერი 2014

myrights.ge

სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამცხეჯავახეთის მუფტს, სოფელ ჭელას წინამძღვარს და ადგილობრივ მუსლიმ თემს შეხვდნენ, რომელთა ინფორმაციით, ორშაბათს 27 ოქტომბერს სოფელ მოხეში სადავოს შენობის დემონტაჟის გაგრძელება იგეგმება. მათივე შეფასებით, მსგავს მოქმედებას, სოფელ მოხეში შესაძლოა სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვეს.

სახალხო დამცველი ითვალისწინებს რა ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე საპატრიარქოს მიერ სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვის აუცილებლობას. ხოლო, განხილვამდე დემონტაჟის პროცესის შეჩერებას. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სწორედ ის ორგანოა, რომელიც რელიგიის საკითხებზე, მათ შორის სადავო ნაგებობებთან დაკავშირებული დავების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს ჩართული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ისევე როგორც სამცხეჯავახეთის მუსლიმი მოსახლეობის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობა სააგენტოს არ მიუღია. ამასთან, სამცხეჯავახეთის მუფტმა სახალხო დამცველს მიაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მუსლიმი მოსახლების მოთხოვნებით განცხადებები შეტანილი იყო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში.

სახალხო დამცველის რწმუნებულები 2014 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, იქ განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით. სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას, 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში დაკავებულ პირებს. ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს. სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხისა და ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც 2014 წლის 22 ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დაკავებული პირების დროებით მოთავსების იზოლატორში განთავსებისა და გარეგანი დათვალიერების ოქმებს გაეცნენ. ადგილობრივი მუსლიმების ახსნაგანმარტებებით დასტურდება, რომ 22 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმები კი ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება პოლიციელების მიერ 22 ოქტომბერს სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში გააცნონ სახალხო დამცველს და საზოგადოებას გამოძიების შედეგები. აუცილებელია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული გადამეტებული ძალის ფაქტები არ დარჩეს დაუსჯელი.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მიცემულ ახსნაგანმარტებაში ადგილობრივი მუსლიმები ასევე საუბრობენ სადავო ნაგებობის დასუფთავებაში პოლიციის წარმომადგენლების მონაწილეობაზე, მაშინ როცა პოლიცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხ. 3, „პოლიციის შესახებსაქართველოს კანონი). ამასთან, „პოლიციის შესახებკანონის მე–8 მუხლის თანახმად, „პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს“.

სახალხო დამცველის მოუწოდებს ხელისუფლებას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და არ დაუშვას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა. სახელმწიფო მოხელეთა მოქმედებები ყველა დონეზე უნდა ემყარებოდეს თანასწორუფლებიანობას და უზრუნველყოფდეს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს შექმნას.

სახალხო დამცველის აგრძელებს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესწავლას“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა კონფესიის წარმომადგენელს მოუწოდებენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნებისმიერი სადავო საკითხის განხილვა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადაიტანონ.

არასამთავრობო სექტორი ეხმაურება 22 ოქტომბერს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, ვინც ამ ფაქტთან დაკავშირებით დააფიქსირა გარკვეული პოზიციები, გაითვალისწინონ ის რელიგიური მრავალფეროვნება, რომელიც "ჩვენი ისტორიული, კულტურული და სოციალური სიმდიდრეა".

"ვფიქრობთ, ამ სიმდიდრეს მოფრთხილება და დაცვა სჭირდება და, შესაბამისად, პრობლემების შესწავლა და სრულყოფილი წარმოჩენა უმნიშვნელოვანესი და გადაუდებელი საქმეა. მიგვაჩნია, რომ არსებულ პრობლემებზე მსჯელობა აგრესიის წამახალისებელი ტონით, ბევრად დააზარალებს იმ ურთიერთობებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობის საუკეთესო ტრადიციებით გამოირჩეოდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თითოეულმა მესიჯმა ხელი შეუწყოს განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, შემწყნარებლობას, გააღრმავოს რელიგიური ტოლერანტობის ისტორიული კულტურა და არა _ პირიქით.

დამაფიქრებელია, როდესაც ღიად და ამასთან გადაჭარბებულად ვსაუბრობთ მუსლიმთა მიმართ სახელმწიფოს რეპრესიულ პოლიტიკაზე, მათ რელიგიურ დევნასა და რელიგიურ ძალადობაზე. საფრთხის შემცველია რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებზე საუბარი. არსებული პრობლემების შეფასების მსგავსი არაადეკვატური გადაჭარბებული მესიჯები წაახალისებს საზოგადოების აგრესიას, ხელს შეუწყობს რელიგიებს შორის დაპირისპირებას მაშინ, როცა არსებული პრობლემების შესახებ მსჯელობა, ჩართული მხარეების მონაწილეობით, შესაძლებელია კონსტრუქციულ რეჟიმში, ყველა რელიგიური მრწამსისა და გრძნობების დაცვის გზით.

მიგვაჩნია, რომ რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტომ კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს და დროულად შეისწავლოს მეჩეთის ისტორიული და კულტურული სტატუსის საკითხი; მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სტატუსის გარკვევამდე შეაჩეროს შენობის დემონტაჟი და მეტი ყურადღება გამოიჩინოს უაღრესად სენსიტიური და მნიშვნელოვანი რელიგიური საკითხების მიმართ; ვთვლით, მნიშვნელოვანია სამართლებრივად და სამართლიანად შეფასდეს 22 ოქტომბერს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის მომხდარი ინციდენტი: შესწავლილ იქნეს როგორც პოლიციის მიერ ძალის სავარაუდო გადამეტების საკითხი, ასევე, იქ მყოფი მოქალაქეების მიერ პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და საპატრულო მანქანის დაზიანების ფაქტები.

ასევე, მივმართავთ მოხეს მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, პრობლემების გადაჭრის გზები კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადაიტანონ, ხოლო ჩვენ, უფლებადამცველი ორგანიზაციები მზად ვართ ჩავერთოთ ამ დიალოგში და დავიცვათ ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი კანონიერი უფლება.

იმედს ვიტოვებთ, ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება რელიგიური უმცირესობების პრობლემურ საკითხებს და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: 1.საზოგადოებრივი დამცველი, 2. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი (GMMC); 3. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია; 4. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; 5.ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი; 6.საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი; 7. ახალგაზრდები სამართლიანობისათვის; 8. ჯანმრთელი სამყარო.

ამავე თემაზე იხილეთ ბმული:

http://myrights.ge/index.php?do=fullmod/news&id=1592

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია