myrights.ge
განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით, ამ სფეროს წარმომადგენლებში კრიტიკული განხილვები გრძელდება. მთავარი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ცვლილებებით არ უნდა დაირღვეს ისედაც მწირ ხელფასზე მომუშავე მასწავლებლების შრომითი უფლებები. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტის მაია კობახიძის განცხადებით, ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ სისტემურ ცვლილებებს, რომელიც პედაგოგთა საზოგადოებას პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის საქმეში დაეხმარება.
„პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (პმთპ) არაერთხელ გამოუხატავს თავისი პოზიცია მასწავლებელთა სერტიფიცირების მოქმედი სისტემის ნაკლოვანებებისა და „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის“ პროექტის მიმართ. წლების განმავლობაში მიმდინარე სერტიფიცირებამ შედეგი ვერ მოგვცა და პედაგოგთა ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია. რეალობა ასეთია: სახელმწიფო პედაგოგებისაგან მოითხოვდა მათი პროფესიული კომპეტენციის დადასტურებას. მიგვაჩნია, რომ ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია და ამისათვის მზად არის პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა. ახალი სისტემის ამოქმედება მოხსნის ბევრ კითხვას პედაგოგთა კომპეტენციის შესახებ და წინა პლანზე წამოწევს განათლების სისტემაში არსებულ სხვა ბევრ გამოწვევებს, რომლებიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ პედაგოგებს ბრალდებათ. მოქმედი სერტიფიცირების პროცესის ძირითად ნაკლოვანებად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ საგამოცდო მოთხოვნები კომპლექსურად არ ითვალისწინებდა პედაგოგთა საქმიანობის შეფასების ყველა კომპონენტს და რაც მთავარია, პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაზრდა გამოიხატებოდა სასერტიფიკაციო დანამატით, რომელმაც ძირეულად ვერ შეცვალა პედაგოგის სოციალური მდგომარეობა. ვფიქრობთ, ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმ ფაქტისა, რომ პედაგოგთა უმრავლესობამ უარი განაცხადა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე. სპმთპ კატეგორიული წინააღმდეგი იყო პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაზრდის ასეთი მიდგომის, რაც რეალურად ნიშნავდა, რომ სახელმწიფო თავს არიდებდა პედაგოგთა ხელფასების გაზრდის ვალდებულებას. ჩვენი მოთხოვნა იყო და არის ეტაპობრივად გაიზარდოს პედაგოგთა საბაზო ხელფასი ორი-სამი წლის განმავლობაში, იმ ოდენობით, რომ იგი გაუტოლდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, რომელიც დაახლოებით 700-750 ლარია. ამ პოზიციას იზიარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა. როგორც ცნობილია, პედაგოგთა ხელფასების გაზრდის საკითხი ასახულია 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშიც. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის“ პროექტით პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა და სახელფასო განსხვავების დაწესება მოხდება გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად. მიგვაჩნია, რომ პედაგოგთა შრომითი, სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის საკითხის ასე დაყენება და გადაწყვეტა სამართლიანი და მისასალმებელია“, - აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება თავად ახალი სქემის პროექტს, კობახიძეს მიაჩნია, რომ პროფესიაში შესვლის და კარიერული ზრდის პრინციპები ჩამოყალიბებულია თანამედროვე მოთხოვნების დონეზე და პედაგოგებს უქმნის ახალ მოტივაციას პროფესიული სრულყოფისათვის:
„ალბათ ყველა, ვისაც სკოლაში უმუშავია დაგვეთანხმება, თუ რა მორალურ დაუკმაყოფილებლობას განიცდიან მოწინავე, ავტორიტეტული პედაგოგები, როდესაც მათი და სხვა პედაგოგების საქმიანობის შეფასება ხდება ერთი და იგივე კრიტერიუმებით. ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ პედაგოგთა შორის არ უნდა არსებობდეს კონკურენცია, არ უნდა ჰქონდეს მასწავლებელს მოტივაცია პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისათვის. ახლა მთავარია, უკეთ იქნას განმარტებული ოთხი საფეხურის მოთხოვნები, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდება პედაგოგთა საქმიანობის შესწავლა-შემოწმების ობიექტური კრიტერიუმები და კრედიტების მინიჭების სისტემა. მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს. პედაგოგთა შეფასებასთან დაკავშირებით სქემის პროექტის განხილვის დროს, ჩვენ გვქონდა ბევრი შენიშვნა და მოსაზრება. განსაკუთრებით გვაფიქრებს, როგორ მოხდება პედაგოგთა შეფასება და ვინ განახორციელებს ამ საქმიანობას, ხომ არ გადაიქცევა პედაგოგთა შემოწმების პროცესი მათი დაშინების ახალ ინსტრუმენტად. ზემოაღნიშნულ საკითხებზე განათლების სამინისტროში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, ჩვენ ჩართულნი ვართ სამუშაო განხილვებში პედაგოგთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. მივესალმებით საზოგადიების აქტიურ ჩართულობას ახალი სქემის პროექტის განხილვის პროცესში. ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ სისტემურ ცვლილებებს, შევქმნათ ისეთი სისტემა და მექანიზმები, რომელიც დაეხმარება პედაგოგთა საზოგადოებას პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის საქმეში“.
ამასთან, მაია კობახიძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ პედაგოგისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა და შეწყვეტა სასამართლოს გარდა სხვა არც ერთ უწყებას არ უნდა გააჩნდეს.
განათლების სამინისტროს დაგეგმილი ნაბიჯების წინააღმდეგ თავის სასწინააღმდეგო პოზიციას კვლავ ახმოვანებს 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი, „საგანმანათლებლო ალიანსის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი მარიამ რამინაშვილი; მის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო პედაგოგებო, კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა, შეცდომაში რომ არ შეგვიყვანონ. მოქმედი კანონით, 1-ლი იანვრისთვის არასერტიფიცირებულ მასწავლებელს ჩამოერთმევა სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსი, რაც, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და კანონში მოხდეს ამ მუხლის შეჩერება, ვიდრე სისტემა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად სრულყოფილად მზად არ იქნება. ამის ნაცვლად, მინისტრი ცდილობს შემოგვაპაროს ფორმულირება - მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევა და დაიკანონოს ეს უფლება, რაც არ უნდა დავუშვათ. ეს ნიშნავს, რომ მინისტრი ყოველთვის შეძლებს დაგვემუქროს ამ ძალით და ჩვენც შევეგუოთ ნებისმიერ მოცემულობას - ხელფასს, პირობებს, დავალებებს - წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ დავკარგავთ ნებისმიერ სკოლაში მუშაობის შესაძლებლობას. მოვითხოვოთ, შეჩერდეს არსებული მუხლის მოქმედება და როცა პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც რეალობასა და შესაძლებლობასთან კორელაციაში იქნება და ჩვენი ხელფასისა თუ კარიერული ზრდის პირობა გახდება, ამის შემდგომ მივიღოთ კანონის სახით. დღეს რეალური საფრთხის წინაშე ვართ! თუ ამას დავაკანონებინებთ, ვერასოდეს ამოვიღებთ ხმას ხელფასსა და სხვა პრობლემებზე.
ამასთან, განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორებს დაავალა, რომ თავიანთი სკოლიდან მოიტანონ პედაგოგების ხელმოწერები მინისტრის მიერ პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების დამტკიცების მოთხოვნით. თქვენ ხელს გაწერინებენ დაკანონდეს კანონში აი ეს ჩანაწერი: „მასწავლებლის უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით თუ მასწავლებელი არღვევს პროფესიული სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებს. მასწავლებლობის ჩამორთმევის სხვა საფუძვლები, ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემით“.
არ მოაწეროთ ხელი თქვენი პრობლემების შექმნას, ეს მინისტრის ახირებაა და მომავალში თქვენს დასაშინებლად სჭირდება!“
შეგახსენებთ, რომ ინიციატივასთან დაკავშირებით შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსაც გააჩნიათ. არსებულ ვარიანტს არც განათლებისა და მეცნიერები კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ეთანხმება.