myrights.ge
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც საუბარია, მობილური ოპერატორების ან სასამართლოს მიერ ე.წ. გასაღების ფლობაზე, ეს პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან.
„საუბარია იმაზე, რომ ე.წ. გასაღები იყოს ერთის მხრივ მობილური ოპერატორების ხელში, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სურთ მისი ფლობა. მეორეს მხრივ, მე პირადად ვეწინააღმდეგები იმას, რომ ჩართვის მექანიზმი იყოს მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში. მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არცერთ ქვეყააში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს. მობილური ოპერატორი მაშინ შეიძლება მართავდეს ამ საკითხს, თუ იქ დაცულია მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმები. ჩვენ შემთხვევაში ასე არ არის და სახელმწიფო, ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს", - აცხადებს პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლეების მიერ მოსმენის განხორციელება ტექნიკურად პრაქტიკულად შეუძლებელია:
„ის ვარიანტი, რომელიც დამუშავდა და წარმოდგენილი იქნა, გულისხმობდა კონტროლის მექანიზმის შექმნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანთან, რომელიც განახორციელებდა მონიტორინგს და გააკონტროლებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც აბსოლუტურად ევროპული და თანამედროვე მიდგომაა. არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც ე.წ. გასაღები შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურების მფლობელობაშია, მაგრამ მათ დაწესებული აქვთ მონიტორინგი. ეს არის მიდგომა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. დღეს საუბარი იმაზე, რომ ნაუცბათევად მიიღონ ახალი კანონი და ეს მექანიზმი გადაეცეს ერთის მხრივ უცხოურ კომპანიებს და მეორეს მხრივ სასამართლოს, არის დამანგრეველი, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი".
პრემიერის შეფასებით, იდეები კარგია, თუმცა მათ განხორციელებას არსებული რეალობის გაანალიზება სჭირდება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დღეს ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დგას და ამ შემთხვევაში, მთელი სამართალდამცავი სისტემის პარალიზება ნიშნავს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას მიმართა, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდნენ და მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება. პრემიერის განცხადებით, არ შეიძლება გაუაზრებლად ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დააზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და უსაფრთხოებას, რაც ნომერპირველი ამოცანაა და რაზეც ზედაპირულად საუბარი კატეგორიულად მიუღებელია.
პრემიერ-მინისტრმა მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონი გაიხსენა, რომლის თანახმად ყველა მოწმე სასამართლოში უნდა დაკითხულიყო. ირაკლი ღარიბაშვილის განცადებით, მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა თავად განაცხადა, რომ სახელმწიფო ამისთვის მზად არ იყო. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ამ თემაზე კითხვით დეპუტატ პავლე კუბლაშვილსაც მიმართა, რადგან კანონპროექტი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ინიცირებული:
„მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს სამართალდამცავი ორგანოების პარალიზებას გამოიწვევდა. დავუსვი კითხვა, რატომ აკეთებდა ამას, რადგან ეს ქვეყანა მათიც არის - „ნაციონალური მოძრაობისაც", ოპოზიციისაც და რატომ არ უფრთხილდებიან სახელმწიფო ინტერესებს. მან მიპასუხა, რომ ოპოზიციის საქმეა, მთავრობას შეუქმნას პრობლემები, ხოლო ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვას და ასეთ გამოწვევებს უპასუხოს".
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი თავისი განცხადებით ფაქტობრივად აღიარებს, რომ ადამიანების მოსმენა დღესაც სასამართლოს გვერდის ავლით ხდება. ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უნდათ, სასამართლოს გადასცენ გასაღები, რადგან ახლა მოქალაქეებს სასამართლოს გვერდის ავლით უსმენენ. მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ პრემიერს საკითხთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება აქვს.
შეგახსენებთ, რომ კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სრულიად მიუღებლად მიაჩნიათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის 2015 წლის აპრილამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. გადავადების საფუძვლად ჯგუფის მიერ ფარული თვალთვალის და მიყურადების სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობა სახელდება, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა არ მოწვეულა.
„აღმაშფოთებელია, რომ ინიციტივის შეტანა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საიდუმლოდ მოხდა, რის შესახებაც სამუშაო ჯგუფის წევრთა უმრავლესობისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი. ასევე, სამუშაო ჯგუფის რამდენიმე წევრის მიერ კომიტეტის თავმჯდომარისათვის გაგზავნილი ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, შეხვედრის ორგანიზება კომისიის მუშაობის დასრულების კანონით დადგენილ თარიღამდე – 1 ნოემბრამდე შეუძლებელი აღმოჩნდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან ამგვარი ქმედება, სულ ცოტა, არაკოლეგიალობის და ჯგუფის წევრების იგნორირების მცდელობას წარმოადგენს.
მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა კანონპროექტის ინიცირების შესახებ, სამუშაო ჯგუფის რვა წევრმა, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და საქართველოს პარლამენტის ორმა წევრმა – ნინო გოგუაძემ და თამარ კორძაიამ, განცხადებით მივმართეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს და ვითხოვეთ სამუშაო ჯგუფის სასწრაფოდ შეკრება ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფი ამ დრომდე არ ყოფილა მოწვეული.
გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კომისიის მუშაობა პროდუქტიული იყო და ჯგუფის წევრების უმეტესობას მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია ე.წ. მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით. ჯგუფის აბსოლუტური უმრავლესობა გასაღების შსს-დან გამოტანის იდეას ემხრობოდა. ევროსაბჭოს ექსპერტების ვიზიტის შემდეგ ჯგუფის წევრების უმეტესობა დაეთანხმა ექსპერტემის მიერ შემოთავზებული კომპრომისული ორგასაღებიანი სისტემის მოდელს. როგორც ჩანს, ამის საწინააღმდეგო არგუმენტები არც სამართალდამცავებს ჰქონდათ. შესაძლოა, სწორედ ეს იყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრების შემდგომში არმოწყობის მიზეზი. სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებულები იყვნენ, რომ საკითხის კენჭისყრაზე გატანისას მას ჯგუფის წევრთა უმეტესობა დაუჭერდა მხარს.
სამწუხაროა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი სამართალდამცავი ოროგანოების მხრიდან საზოგადოების იგნორირების. ჩვენ ცალსახად ვაცხადებდით რომ პარლამენტის მიერ კანონპროექტის ნაწილის მიღება ნამდვილად პროგრესულია, თუმცა ყველა რეგულაციას ეკარგება აზრი, თუ სამართალდამცავების ხელში კვლავაც დარჩება მოქალაქეთა უკონტროლოდ მოსმენის შესაძლებობა. უკონტროლო სისტემის არსებობას კი სწორედ შსს-ს ხელში მოსმენების გასაღების შენარჩუნება უზრუნველყოფს“.
კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი უმოკლედ ვადებში უნდა შეიკრიბოს და მოეთხოვოს დასკვნის წარდგენა პარლამენტისთვის საკუთარი მუშაობის შესახებ: „კამპანიის წევრები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი თარიღის გადაწევის შესახებ ინიციატივას და მოითხოვოს სამუშაო ჯგუფი დაუყოვნებლივ მოწვევა. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით“.
არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი ღარიბაშვილს ე.წ. გასაღების საკითხზე შეხვედრას სთავაზობენ.