myrights.ge
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში თერაპიის პროცესის აუდიო- ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ეხმაურება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახური განმარტავს, რომ თერაპიის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა.
მათივე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე და საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ვიდეო კამერების დემონტაჟი მანდატურის სამსახურში ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისის თვეში განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეისწავლოს, რამდენად მართლზომიერი და მიზანშეწონილია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ, მოსწავლის კონსულტირებისას პერსონალური მონაცემების დამუშავება (პროცესის აუდიო–ვიდეო გადაღება, შენახვა და შემდგომი გამოყენება).
„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევს 6–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს, აღნიშნული მომსახურების განხორციელებას ვიდეო–კამერით აღჭურვილ ოთახში გეგმავს, რაც არასრულწლოვანთან ფსიქოლოგის შეხვედრების ვიდეო ფირზე გადაღების, შენახვისა და მიღებული ინფორმაციის შემდგომი დამუშავების საფუძველი გახდება.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლეებთან განსახორციელებელი სამუშაო პროცესის აუდიო–ვიდეო ჩაწერა წარმოადგენს არასრულწლოვანის პირადი სივრცით დაცულ სფეროში არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ჩარევას, რაც ქმნის სახელმწიფოს მიმართ მოქმედი ნეგატიური ვალდებულების დარღვევის საფრთხეს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.