მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომ ქრისტიან და მუსულმან ქართველებს შორის ურთიერთობა დაალაგონ' - 07 ნოემბერი 2014

myrights.ge

ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობების პრობლემები და მათი ინტეგრაცია ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას დასავლელი პარტნიორები იჩენენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებიც გაწერილია. არსებულ რეალობასა და მოსალოდნელ შედეგებზე, ყოფილ პარლამენტარს, ელენე თევდორაძეს ვესაუბრეთ.

_ დღეს, პოლიტიკასთან ძალიან ახლოს არ ვარ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ეროვნული უმცირესობები მაინცდამაინც ვერ ფლობენ სახელმწიფო, ქართულ ენას. ეს პრობლემა საქართველოში სულ იყო და სამწუხაროდ, დღესაც სახეზეა. სპეციალური კანონებიც მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში საკუთარ ენაზე გამოცდების ჩაბარების და შემდეგში ქართულ ენაზე გადასვლის უფლებაც მიეცათ, მაგრამ პრობლემა მაინც არ მოიხსნა. ამის გამო, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ადგილობრივ და ფედერალურ მმართველობაში. სანამ ეროვნულ უმცირესობას ქვეყნის მმართველობაში არ ჩავრთავთ, საქართველოს მოქალაქეებად თავს ნაკლებად იგრძნობენ... რელიგიურ საკითხებზეც გავამახვილებ ყურადღებას _ დღევანდელი ოპოზიციისგან ხშირად ისმის, რომ ქვეყანაში რელიგიური დაპირისპირება გამწვავდა, ამას არ ვეთანხმები, რადგან ასეთი წინააღმდეგობები ყოველთვის იყო. უბრალოდ, სააკაშვილის დროს შიშისგან ეს ნაკლებად ვლინდებოდა. ახლა, რადგან ლიბერალური მიდგომაა, საკითხი ისევ ამოტივტივდა.

_ ეს პრობლემა რამდენად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე?

_ევროსაბჭოში გაწევრიანებისას ჩვენი ვალდებულებებიდან ერთი შესრულებული არ არის _ ეს არის ენის კონვენცია. პოლიტიკაში ყოფნისას და დღესაც მივიჩნევ, რომ ამ კონვენციის ამოქმედება სადავოა; რუსეთთან რთული ურთიერთობების გამო არ უნდა ავჩქარდეთ, თუმცა ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაშიც აღნიშნულია და არ მგონია, საშიში იყოს.

_ როგორ უნდა გაუმჯობესდეს უმცირესობებთან დაკავშირებული მდგომარეობა?

_ უპირველესად, აუცილებელია განსაკუთრებული პროგრამების შემუშავება ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობა საქვეყნო საქმიანობაში. როცა იგრძნობენ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას, სხვა დამოკიდებულება ჩამოყალიბდება. დანარჩენები შეხედავენ, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებიც არიან გარკვეულ თანამდებობებზე და ამით საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ მეტი დაინტერესება იქნება.

_ სოფელ მოხეს შემთხვევას და მთავრობის რეაქციას როგორ შეაფასებდით?

 

_ სხვათა შორის, ასლან აბაშიძე, რაც უნდა ნეგატიური დამოკიდებულება გვქონოდა ამ ადამიანის მიმართ, კარგად არეგულირებდა ამ ურთიერთობას, სამწუხაროდ, დღეს არანაირი მექანიზმი არ არსებობს, მუსულმან და ქრისტიან ქართველებს შორის ურთიერთობა დაალაგონ. ამასთან ვფიქრობ, ეს მოძველებული საკითხია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა ნაკლებად იგრძნობოდა _ ხალხს გამოსვლის ეშინოდა, რადგან შეიძლება დაეპატიმრებინათ. ახლა ეს სიმკაცრე მოხსნილია და საკითხიც ამოტივტივდა.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია