მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი: პირადი განცხადების საფუძველზე თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს - 11 ნოემბერი 2014

ომბუდსმენი მუნიციპალიტეტებში მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებეხმაურება

myrights.ge

სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების, თვითმმართველ ერთეულებში ჩატარებული რეორგანიზაციებისა და თანამშრომელთა ატესტაციების ჩატარების კანონიერების შესწავლას. ამ პრობლემაზე ომბუდსმენის მორიგ განცხადებას myrights.ge უცვლელად გთaვაზობთ.

აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან, არჩევნების შემდეგ გათავისუფლებულ მოხელეთა რაოდენობისა და მათი გათავისუფლების საფუძვლების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, მარტო თბილისის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის (პირველი ნაწილი) მდგომარეობით გათავისუფლებულ იქნა 387 საჯარო მოხელე, აქედან 307 მოხელის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა პირადი განცხადება; დანარჩენ 80 შემთხვევაში ძირითადად ადგილი ჰქონდა თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მოტივით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას. პირადი განცხადების საფუძველზე თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების შემთხვევები ასევე ფიქსირდება სხვა მუნიციპალიტეტებში, რაც საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონის გათვალისწინებით, ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს, მოხელეთა მხრიდან გათავისუფლების შესახებ გამოხატული ნების ნამდვილობისა და შესაბამისად, გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე.

სახალხო დამცველს მიმართა არაერთმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ყოფილმა თანამშრომელმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ სამსახურიდან წასვლის სურვილი და განცხადებები, დაკავებული თანამდებობებიდან საკუთარი ნებით გათავისუფლების თაობაზე  დაწერეს არა თავისი სურვილით, არამედ ზემდგომი თანამდებობის პირების მოთხოვნის, მათზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის საფუძველზე. სახალხო დამცველის აპარატში საჩივრები მიღებულ იქნა იმ მოხელეთა მხრიდანაც, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად უარს აცხადებდნენ საკუთარი ინიციატივით განცხადების დაწერაზე. მსგავსი შინაარსის განცხადებები, სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნა მთავარ პროკურატურას, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მათზე შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეისწავლეს თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობაში არსებული მდგომარეობა მოქალაქის მომართვის საფუძველზე. თბილისის დიდუბის გამგეობიდან გამოთხოვილი მასალების შესწავლის და 2014 წლის 17 სექტემბერს და 4 ნოემბერს ადგილზე განხორციელებული ვიზიტის შედეგებით დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობაში ყველდღიურად ცხადდებოდნენ უცხო პირები, რომელთაც არანაირი სტატუსი არ გააჩნდათ, თუმცა, ასრულებდნენ გარკვეულ სამსახურებრივ დავალებებს. ხოლო, გაოგეობის სხვადასხვა სტრუქტურის ერთეულების ხელმძღვანელთა გათავისუფლების შემდგომ დაინიშნენ მათ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლებად. პირი, რომელიც 2014 წლის 17 სექტემბერს  სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ დიდუბის გამგეობაში ვიზიტის დროს ყოველგვარი სტატუსის გარეშე ცხადდებოდა სამსახურში, სოციალურ საკითხთა განყოფილებაში და ასრულებდა გამგებლის სხვადასხვა სამსახურებრივ დავალებებს, 2014 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით დაინიშნა დიდუბის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად.

ბუნებრივია თბილისის დიდუბის გამგეობაში განვითარებული პრაქტიკა მიუღებელია და არღვევს კანონს.

არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთ ორგანოში ჩატარდა, ხოლო რიგ ორგანოებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის პროცესი. სახალხო დამცველმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა რეორგანიზაციის ჩატარების თაობაზე მიღებული აქტები, რეორგანიზაციის შედეგად დამტკიცებული საშტატო ნუსხები და რეორგანიზაციის მოტივით გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

საკმაოდ მაღალია რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის შედეგად მუნიციპალიტეტებიდან გათავისუფლებულ მოხელეთა რაოდენობა, კერძოდ 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ლიკვიდაციის საფუძველზე გათავისუფლდა შტატით გათვალისწინებული 313 საჯარო მოხელე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ლიკვიდაციის საფუძველზე გათავისუფლდა 86 საჯარო მოხელე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე –  7 მოხელე; დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 40 საჯარო მოხელე; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 37 საჯარო მოხელე; შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 74 საჯარო მოხელე; ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 19 საჯარო მოხელე; ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 46  საჯარო მოხელე; ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 37  საჯარო მოხელე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 1  საჯარო მოხელე; ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 70  საჯარო მოხელე; ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 44  საჯარო მოხელე; გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 5  საჯარო მოხელე; წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 2  საჯარო მოხელე; რუსთავის მერიიდან – 13 საჯარო მოხელე, ქუთაისის მერიიდან – 27 საჯარო მოხელე. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტთა ნაწილში რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ხოლო ნაწილში ჩატარებული რეორგანიზაციის თაობაზე ინფორმაცია აპარატში სრულად არ არის შემოსული. სახალხო დამცველი აგრძელებს აღნიშნული საკითხის შესწავლას.

სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება თბილისის მერიაში ატესტაციის ჩატარების საკითხს. ატესტაციის პირველი ეტაპი – ტესტირება ჩატარდა 2014 წლის 1 ნოემბერს, რომლის მინიმალური ბარიერის გადალახვა (60 კითხვიდან 45 სწორი პასუხი)  მონაწილე 486 თანამშრომლიდან მხოლოდ 196 პირმა შეძლო. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ მოახერხეს ტესტირებაზე მინიმალური ბარიერის გადალახვა (290 მოხელე), არის ძალიან მაღალი, რაც შესაძლოა ყოფილიყო განპირობებული ტესტების  სირთულითა და მაღალი მინიმალური ბარიერის დადგენით. იმ პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ატესტაციის პირველი ეტაპი, ჩაუტარდებათ გასაუბრება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ ატესტაციის მეორე ეტაპის ჩატარება მოხდეს კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, რათა არ მოხდეს ატესტაციაში მონაწილე პირთა კანონიერი უფლებების დარღვევა. ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა კადრების შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატთა ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მოხდეს. მხოლოდ ეს გარემოება იქნება განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით დასრულების გარანტი.

ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, დეტალურად შეისწავლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციებით ნაკისრი კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფა და არ მოხდეს ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლების - შრომის უფლების დარღვევა.

საქართველოს სახალხო დამცველი ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს კვლავ დააკვირდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია