რამდენად მიზანშეწონილია თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ინსტიტუტის შენარჩუნება?
myrights.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ე.წ. ოდეერების შესახებ მორიგ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც თბილისის მერიის და მთავრობის კანცელარიის თანამშრომლებიც მოხვდნენ. როგორც ორგანიზაციის კველვაშია აღნიშნული, საბჭოთა კავშირის დროს „ოდეერებს“ სხვადასხვა უწყებებში უშიშროების სამინისტრო ნიშნავდა. ეს პრაქტიკა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში შენარჩუნდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც გრძელდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამჯერად კიიდევ სამი ე.წ. ოდეერის შესხებ ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ინფორმაციით, „ოდეერია“ დანიშნული თბილისის მერიაში. არჩილ ბებიაშვილი თბილისის ახლად არჩეული მერის, დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს.
არჩილ ბებიაშვილი (დაბადებული 16.06.1959), 2013 და 2014 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. ბებიაშვილი, პარალელურად, 2013 წლის 19 თებერვლიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2002 წლის მონაცემებით, მას ეკონომიკის სამინისტროს წინამორბედ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამა წლის 25 აგვისტოდან არჩილ ბებიაშვილი მუშაობს თბილისის ახლად არჩეული მერის, დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად. არჩილ ბებიაშვილის სახელი ფიგურირებდა ასევე 2011 წლის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული შემოწმების საქმეში. კომისიის წარმომადგენლებმა სწორედ არჩილ ბებიაშვილისა და მისი მეუღლის ბინაში შეამოწმეს, რამდენად კანონიერად გადასცემდა შპს „სუპერ ტვ“ სამაუწყებლო არხებს საქართველოს ტერიტორიაზე. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „სუპერ ტვ“ მთელ რიგ არხებს არამართლზომიერად გადასცემდა, რის საფუძველზეც მას გაფრთხილება მიეცა. აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გიორგი რატიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაავრცელა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მაკომპრომიტირებელი ფარული აუდიო ჩანაწერი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ე.წ. ოდეერია პაატა ჯაჭვაძე, რომელიც 2013 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს კანცელარიის უფროსის მრჩეველია უშიშროების საკითხებში.
პაატა ჯაჭვაძე (დაბადებული 03.01.1974), 2014 წლის 26 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს უფროსია. 2013 წლის 24 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მას იგივე თანამდებობა აქვს მითითებული, იქამდე კი ჯაჭვაძე ჯერ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პაატა ჯაჭვაძე 2013 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს კანცელარიის უფროსის მრჩეველია უშიშროების საკითხებში.
ე.წ ოდეერებს შორის მოხვდა გიორგი გამსახურდია, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, 2014 წლის თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრების უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილეა. იქამდე გამსახურდია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ცოტა ხნის წინაც გამოაქვეყნა ინფორმაცია ე.წ. ოდეერების შესახებ. ორგანიზაცია მომავალშიც აპირებს გააგრძელოს თემის კვლევა და საზოგადოების ინფორმირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. ოდეერების შესახებ.
ჩვენთან საუბრისას ქართული პოლიტიკის ვეტერანი ნოდარ ნათაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ბევრი უწყება სჭირდება, მათ შორის უშიშროების ეს სამსახურიც. მაგრამ მისივე თქმით, დღევანდელი მთავრობის საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს, ისევე როგორც მისი წინამორბედების.
„თანამედროვე მსოფლიოში უსაფრთხოება პროპაგანდის საგანია და სახელმწიფოს პარალიზაცია დაუშვებელია. მმართველობის სისტემა ძლიერი უნდა იყოს, მას დაზვერვა-კონტრდაზვერვა, უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვა სჭირდება. ამიტომ, ამ სამსახურის გაუქმების აზრი არ მესმის, პრობლემას ვერ ვხვედავ. მთელ მსოფლიოში, სელჩოებში ცნობილი ამბავია, რომ მეორე მდივანი არის ხოლმე დაზვერვის წარმომადგენელი. აქაც ალბათ ცნობილია, რომელი თანამდებობის პირი, რას წარმოადგენს. ამასთან გააჩნია, ეს კაცი რეალურად ვის ემსახურება და რა მიზანს, სახელმწიფო ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ უნდა იყოს. ისევე როგორც არ შეიძლება ვთქვათ, რომ რომელიმე იარაღი ბოროტებას ემსახურება. მაგალითად, თუ თოფს დათვს ესვრი სხვა რამეა და თუ მეზობელს, ეს კიდევ სხვაა. არ არსებობს ცალსახა პასუხი, რომ რეფორმა ყველა შემთხვევაში გამოსადეგია. საერთოდ კი, არსებობს პრინციპი, რომ სახელმწიფო იმ ძლიერების მაქსიმალურ ზღვარზე უნდა იყოს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობასთან შეთავსებულია. მაგალითად, არ შეიძლება სახელმწიფომ თავისი ინტერესის გასატარებლად უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიოს. ცივილიზებულ, ჰუმანურ სახელმწიფოში სახელმწიფოს ეს ფუნქციები რთულდება იმით, რომ მას გარკვეული ბორკილები ედება, მაგრამ არ უქმდება“.
რაც შეეხება ახალი ხელისუფლების ზოგად საკადრო პოლიტიკას, ნოდარ ნათაძე ამბობს, რომ დღევანდელი მთავრობაც ისეთივე „რუსეთის აგენტურაა, როგორიც ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის ხელისუფლება იყო“:
„ამასთან დაკავშირებით, სააკაშვილზე შემიძლია აუარებელი ფაქტები მოვიყვანო, ისევე შევარდნაძეზე. დღევანდელ მთავრობაშიც ზაქარეიშვილი მინისტრად ჰყავთ და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ ჰყავთ კაცი, რომელმაც შავით თეთრზე დაწერა, რომ საქართველოს არ სურს იყოს განხეთქილების ვაშლი ამერიკელებსა და რუსებს შორის. ასეთი ადამიანი შეიძლება თანამდებობაზე იყოს? ეს ჩემთვის საკმარისი საფუძველია, რომ მათ აგენტობაზე ვილაპარაკო. ღარიბაშვილმა რომ განაცხადა, რუსეთს საქართველოს დაპყრობა არ უნდაო, ეს საკმარისი არ არის, რომ პოსტზე არ იყოს?“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი დაინტერესებული პირების მონაწილეობით შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ რამდენად ლეგიტიმურია უშიშროების საკითხებში ოფიცრების ინსტიტუტის მუშაობა და შესაბამისად რამდენად კანონიერად ერევიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვა ინსტიტუტების კომპეტენციებში და რამდენად მიზანშეწონილია თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ინსტიტუტის შენარჩუნება.