myrights.ge
რუსულენოვანი „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ცხინვალის საქალაქო სასამართლოში, რესპუბლიკის შსს-ს წინააღმდეგ ჟურნალისტ ირინა ქელეხსაევას სარჩელზე მეორე სხდომა გაიმართა. მოსამართლემ მხრეებს შეთანხმების მიღწევა შესთავაზა, მაგრამ ჟურნალისტმა კვლავ განაცხადა, რომ შეურაცხყოფის გამო, შსს-სგან წერილობით ბოდიშს მოითხოვს.
რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახურის, „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტმა ცხინვალში ირინა ქელეხსაევამ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა და პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
„ქელეხსაევას აზრით, სახელმწიფო უწყების 2014 წლის 21 აგვისტოს განცხადებაში მის პატივსა და ღირსებას შეეხნენ. სასამართლოს წინა სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებაში არ მიიჩნევენ, რომ ქელეხსაევას პატივი და ღერსება დაამცირეს.
გუშინდელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა სასამართლო-ლინგვისტური ექსპერტიზის ჩატარებაზე, სტატიაში ნეგატიური ინფორმაციის დასადგენად, რამაც ქელეხსაევას ღირსება, პატივი და საქმიანი რეპუტაცია შეურაცხყო.
კერძოდ, შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლოს სთხოვა, რომ ექსპერტიზა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრაზე ჩატარდეს. „რადგან რესპუბლიკაში სასამართლო-ლინგვისტური ექსპერტიზის განმახორციელებელი სპეციალური დაწესებულება არ გვაქვს, ჩვენ უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრას მივმართეთ“, - განმარტავს უწყების წარმომადგენელი.
თავის მხრივ, ირინა ქელეხსაევამ ეს შუამდგომლობა გააპროტესტა. „წინადადება სასამართლო-პროცესუალურ ნორმებს ეწინააღმდეგება. მე ვლადიკავკაზსა და მოსკოვში კონსულტაციები გავიარე და გავარკვიე, რომ ექსპერტიზის ჩატარება მხოლოდ სპეციალისტებს შუძლიათ და არა უბრალოდ რუსული ენის პედაგოგებს“, - განაცხადა ქელეხსაევამ სასამართლოზე.
ცხინვალის სასამართლოს წარმომაგენელმა ზალინა კოზაევამ აღნიშნა, რომ მხარეებს შეუძლიათ დონის როსტოვის საექსპერტო ბიუროს მიმართონ. მოსამართლემ მხარეებს ასევე სამშვიდობო მორიგების გამოყენება შესთავაზა.
ირინა ქელეხსაევამ კვლავ განაცხადა, რომ შსს-გან სააგენტო „რესის“ ვებგვერდზე წერილობით ბოდიშს ითხოვს.
მოსამართლემ განაცხადა, რომ შემდეგი სასამართლო სხდომა ერთ კვირაში შედგება“, - წერს „კავკაზსკი უზელი“.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ცხინვალში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტი საკუთარი უფლებების დასაცავად ხელისუფლების წარმომადგენლებს უჩივის. აგვისტოს დასაწყისში ქელეხსაევამ ცხინვალში მოამზადა რეპორტაჟი, სახელწოდებით „განგაშის დროა“, სადაც საუბარი იყო ერთ-ერთი ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რაც, სავარაუდოდ, ბიონარკოტიკის გადაჭარბებული დოზით მოხმარებამ გამოიწვია. ამავე სტატიაში, რომელიც რადიოს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში ნარკოტიკების უკანონო გავრცელების შესახებაც იყო საუბარი.
ორი კვირის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაციის კომიტეტის საინფორმაციო სააგენტო „რეს-ის“ ვებგვერდზე საპასუხო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი და რადიო შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„არ ესმით ისეთი ცნებები, როგორიცაა მორალი და ეთიკა. ვის შეეძლო აეტეხა განგაში ნარკოტიკების გავრცელების შესახებ თუ არა მორალურად მახინჯ ადამიანს?“, - ეს არის მცირე ამონარიდი დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან და მასალაში ასეთი ფრაზები უხვადაა.
ირინა ქელეხსაევამ განაცხადა, რომ ამ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევთ. იგი „თავისუფლებასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადრეც ყოფილა ანალოგიური შეურაცხყოფა, მაგრამ მსგავსი პასკვილები უავტოროდ, ანონიმურად იბეჭდებოდა, ახლა კი გამოჩნდა ადრესატი, ვისთან დავაც სასამართლოში უკვე შესაძლებელია.
ცხინვალელი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტი პატივისა და ღირსების დაცვას სასამართლოში ცდილობს. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუროკრატია ფიქრობს, რომ მას არა მხოლოდ ბიუჯეტის ქურდობა, არამედ თანამოქალაქეების შეურაცხყოფაც შერჩება. ქელეხსაევის აზრით, მოსარჩელემ საქმე რომც წააგოს, მაინც მოგებული დარჩება, რადგან მოპასუხეებს საჯაროდ მოუწევთ შეურაცხყოფაზე ახსნა-განმარტების მიცემა და თავის მართლება. ეს საჯარო ახსნა-განმარტება კი, მისი თქმით, თავისთავად უკვე დასჯაა.
„ირინა ქელეხსაევას პირველი სარჩელის თანხა შინაგან საქმეთა მინისტრის 10 თვის ხელფასით იყო განსაზღვრული. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჟურნალისტი აპირებდა ეს თანხა მილიციის თანამშრომელთა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გადაეცა. ქელეხსაევა აცხადებდა, რომ სარჩელის თანხა შემთხვევით არ არის დასახელებული. ამ გზით იგი სასამართლოში შეეცდება გაარკვიოს მინისტრის ხელფასის ოდენობა, რაც მკაცრად გასაიდუმლოებულია“, - აცხადებს „თავისუფლება“.