myrights.ge
უკრაინული გამოცემა „ნოვაია ვრემია“ კახა ბენდუქიძესთან ბოლო ინტერვიუს აქვეყნებს. myrights.ge მასალას მცირე შემოკლებით გთავაზობთ.
- კახა ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ ევროპულ მოთხოვნებთან უკრაინული კანონმდებლობის ჰარონიზაცია 2015 წლამდე მოიცდის. ქართული რეფორმების მამა საუბრობს იმაზე, თუ როგორ აიძულებენ საქართველო და უკრაინა რუსეთს დააბრუნოს დაპყრობილი ტერიტორიები და რა უნდა გააკეთონ უკრაინელებმა დაუყოვნებლივ, რათა სახელმწიფო შეინარჩუნონ.
- რა საერთოა უკრაინისა და საქართველოს რეფორმატორულ გზაში?
- ქართული ეკონომიკა ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ იყო 2004 წელს, როდესაც ჩვენ რეფორმებს ვიწყებდით. ის გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. დიახ, ბევრი პრობლემები გვქონდა. უკრაინას იგივე პრობლემები აქვს, მაგრამ დამატებითი სპეციფიკური გამოწვევებიც სახეზეა. ამიტომ, მხოლოდ რეფორების სასწრაფოდ დაწყებას გისურვებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა არ იქნება.
უკრაინისა და საქართველოს რეფორმატორული გზის საერთო მომენტად შეგვიძლა ის ფაქტი მივიჩნიოთ, რომ ჩვენ და თქვენც რუსეთის მხრიდან აგრესიის მდგომარეობაში ვიყავით. ეს ყველაზე დიდი საერთო ნიშნია. ამ აგრესიას ძალიან დამახასიათებელი ნიშნები აქვს. და ეს ნიშნები, თავდაპირველად ქართული, ახლა უკრაინაში მეორდება.
მაგალითად, ავიღოთ მწვანე კაცუნები ყირიმში. როდესაც ისინი გამოჩნდნენ, მაშინვე გავიხსენე რომ 2008 წელს, როდესაც სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ესკალაცია იწყებოდა, იქ ასევე იყო ე.წ მესამე ძალა - ვიღაც გაუგებარი ადამიანები, რომლებიც გაუგებარია ვის ესროდნენ, ვიღაცებს ჭრიდნენ. ამასთან, ესროდნენ რუსებს - ე.წ სამშიდობო კონტინგენტს. ამ თვალსაზრისით, ბევრი მსგავსება შეინიშნება. ასევე გამოუცხადებელი ომი, რომელიც ფაქტობრივად რეალურია და ყველა საშუალებით წარმოებს. ეს ჩვენი საერთო უბედურებაა.
მხოლოდ ერთობლივად შეგვიძლია ამას თავი დავაღწიოთ. ერთად არა იმ თვალსაზრისით, რომ ხელი ხელს ჩავკიდებთ და სროლას დავიწყებთ, არამედ იმაში, რომ ეს მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს. ეს ცვლილებები მხოლოდ ისეთი უნდა იყოს, რომლებიც იქამდე მიგვიყვანს, რომ რუსეთი შიგნიდან შეიცვლება - ის დაპყრობილ ტერიტორიებზე უარს იტყვის.
- მაგრამ უკრაინა უნდა შეიცვალოს, ხოლო რეფორმები არ ტარდება. უკრაინა-ევროკავშირის შეთანხმების იმპლემენტაციაც 2015 წლამდე გადადეს. რას უნდა ნიშნავდეს ერთწლიანი მორატორიუმის დადება რეფორმების განხორციელებაზე?
- არა, რეფორმები ახლავე უნდა განხორციელდეს. რეფორმები უნდა ჩატარდეს არა იმის გამო, რომ ხელი მოვაწერეთ რაღაც შეთანხმებას; არამედ იმის გამო, რომ უკრაინა, მისი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური გარემო ამას მოითხოვს. ეს გარდაუვალობაა. შეიძლება ანალოგიის მოყვანა: ეს იგივეა, რომ თქვენ სახლს დაალაგებთ არა იმიტომ, რომ ეს საჭიროა, არამედ იმიტომ, რომ მეზობელთან ხელი მოაწერეთ ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას. ალბათ, მართებულია დალაგება იმიტომ, რომ ეს საჭიროა. დიდი ხანია, რაც სახლში ამის გაკეთების დროა...
უკრაინას რეფორმები სჭირდება არა იმიტომ, რომ უკრაინელებს წარმოუდგენელი სიყვარული გაქვთ რეფორმებისადმი და თქვენ უბრალოდ ძილში ხედავთ, როგორ განახორციელოთ რომელიმე ახალი რეფორმა; არამედ იმიტომ, რომ ეს სასიცოცხლო აუცილებლობაა. მისი გაკეთება საჭიროა, რათა უკრაინამ იარსებოს როგორც სახელმწიფომ, რათა შეძლოს განვითარება.
- მაგრამ რას გამოიწვევს ეს გადავადება? იქნება თუ არა რთული ერთი წლის შემდეგ რეფორმის დაწყება?
- ვიმეორებ - რეფორმების დაწყება ახლა არის საჭირო. ეს სწრაფად უნდა გაკეთდეს. უკეთესი იქნებოდა, ეს პროცესი 20 წლის წინათ დაწყებულიყო. მთლიანობაში, რაც უფრო მალე დაიწყებენ რეფორმებს, მით უკეთესია, ეს გასაგები ამბავია. სხვა საქმეა, რომ შეთანხმება გადადებული იქნა - ეს დიდწილად რუსეთის ნეგატიური გავლენის დამსახურებაა. რუსეთი არამარტო უხეშად, არათანმიმდევრულადაც იქცეოდა.
თავიდან ის დათანხმდა, მონაწილეობდა ამ სამმხრივ მოლაპარაკებებში, შემდეგ კი უხეშად რაღაცები მოითხოვა. თუმცა ამაში რუსეთისთვის არანაირი ეკონომიკური შინაარსი არ დევს. ეს უფრო იმის ჩვენების სურვილია, თუ ვინ არის სახლში უფროსი. სამწუხაროდ, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ევროპული ხელისუფლება ყოველთვის სიმაღლეზე არ დგას.
- ერთ-ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ უკრაინის ხელისუფალნი რეალური რეფორმების მაგივრად, მათი ჩატარების იმიტაციას ქმნიან. რა მოხდება, თუკი მათზე ევროკავშირის წინაშე რეფორმატორული ვალდებულებები არ იმოქმედებს?
- მთლად ასე არ მითქვამს. მხედველობაში მქონდა არა რეფორმების ხილვადობა, არამედ მათი არასაკმარისი რაოდენობა. ცოტა რეფორმა ტარდება, ძალიან ცოტა. უკრაინამ სულ მეათედი გააკეთა იმის, რაც საჭიროა. მათ შორის გამოცხადდა საგადასახადო რეფორმა, რომელიც მეჩვენება, რომ კიდევ უფრო რადიკალური უნდა იყოს და რასაკვირველია დიდი ნაბიჯია გადადგმული, მაგრამ კვლავ სანახევრო, ორგანოების რეგულირებისა და შემოწმების ნაწილში.
ეს ყველაფერი უკიდურესად არასაკმარისია. უკრაინას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მკაცრად შემცირება სჭირდება. ამის გარეშე ქვეყანა უბრალოდ ვერ გადარჩება. შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სახელმწიფოს მადა და საზოგადოების რეალური შესაძლებლობა გადაიხადოს გადასახადები. საჭიროა მკაცრად აღიკვეთოს ყოვლისმომცველი ბიუროკრატია, რომელიც საშინლად გამრავლდა, განსაკუთრებით ბოლო ხუთ წელიწადში.
მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანას შეუძლია გადავიდეს პოზიტიური მოძრაობისკენ, განვითარებისკენ; იმის შესახებ, რომ ეკონომიკური დაცემა შეჩერებული იქნება; და იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზადაა აქტიური ინტეგრაციისთვის ევროპულ და მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.
- ანუ თქვენ გჯერათ, რომ რეფორმები სწორედ ასეთი იქნება?
- იქნება, იქნება, თან აუცილებლად. სხვა ხერხი არ არსებობს. ქვეყანა სხვაინაირად ვერ გაქაჩავს. ახლა რეფორმები იდეოლოგიისა და სილამაზის საკითხი არ არის, ანუ იმის, თუ როგორ უნდა გაკეთდეს უკეთესად. ეს ქვეყნის არსეობის საწინდარია.
უპირველესად, უკრაინისთვის აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, საშინლად გადამეტებული რეგულირების ლიკვიდაცია, საგადასახადო რეფორმა.
- რომელი რეფორმები სჭირდება უკრაინას პირდაპირ ახლა?
- რაც შეეხება კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვებთან ჰარმონიზაციას, ამას შეუძლია 2015 წლამდე დაიცადოს; ამაზე მეტიც კი. საჭიროა გავიგოთ, რომ ეს თავისთავად ხანგრძლივი პროცესია. და აქ მნიშვნელოვანია არ ვიჩქაროთ, ყველაფერი გავაკეთოთ აუჩქარებლად, მაგრამ სწორად. რადგან ერთიანი ევროპული წესები არ არსებობს. ისინი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია და საჭიროა ყველაზე კარგის შერჩევა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას, საშინლად ზედმეტი რეგულირების ლიკვიდაციას, საგადასახადო რეფორმას - ეს არის ის, რაც აუცილებელია პირველ რიგში.
ისეთი ეკონომიკური განვითარების ქვეყანამ, როგორიც უკრაინაა, სახელმწიფოზე საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი ან მაქსიმუმ მესამედი უნდა დახარჯოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ქვეყნის მშპ-ში სახელმწიფო ბიუჯეტის წილმა მისი მეოთხედი ნაწილი უნდა შეადგინოს. ამ შემთხვევაში არის შანსი, რომ ქვეყანა კარგად განვითარდება.
ქვეყანაში ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტია, რომელიც ნორმალურად არაფრით დაიფარება. ამიტომ, უპირველედ ეს უნდა იქნეს თავიდან მოცილებული.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.