myrights.ge
ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ვინაობის დამადასტურებელი არანაირი საბუთები არ გააჩნიათ. ერთ-ერთი მათგანია აფხაზეთიდან დევნილი იზოლდა ჩაჩუაა, რომელიც მშობლიური ბიჭვინთიდან, 1991 წელს, სტუდბილეთით ჩამოვიდა დედაქალაქში და მას მერე, გასაგების მიზეზების გამო, უკან ვეღარ დაბრუნდა. ის სოციალურად დაუცველია და პირადობის დამდასტურებელი მოწმობის არქონის გამო, ვერც რაიმე სოციალურ დახმარებას იღებს.
იზოლდა ჩაჩუამ საკუთარი გზის შესახებ მოკლედ გვიამბო.
„დავიბადე ბიჭვინთაში, გუნიას ქუჩა 15-ში. 1991 წლის 22 თებერვალს აფხაზეთი დავტოვე, რადგან არეულობა უკვე დაწყებული იყო. თბილისში ჩემს ბიძაშვილთან ჩამოვედი, მერე ომი გაჩაღდა და უკან ვეღარ დავბრუნდი. ერთადერთი პირადობის დამადასტურებელი, ტექნიკუმის სტუდბილეთი დამრჩა, რადგან აფხაზეთიდან წამოსვლისას დაბადების მოწმობა ან პასპორტი არ წამომიღია. 1999 წელს, ეს სტუდბილეთიც მომპარეს - მიწისქვეშა გადასასვლელში ხელჩანთა გამომტაცეს და ერთადერთი საბუთიც მას გაყვა. ამავე წელს ვაკის, არაყიშვილის პოლიციას მივმართე და უმისამართო პასპორტი მომცეს, რომელსაც 2003 წელს მოქმედების ვადა გაუვიდა. ვადის გასაგრძელებლად უბნის ინსპექტორს გავატანე განყოფილებაში; სამწუხაროდ, ინსპექტორი ამის შემდეგ მალე გარდაიცვალა და ჩემი განაცხადი საერთოდ დაიკარგა.
მოქალაქეობის დადასტურება მსურს, ვიღაცამ დოკუმენტი რომ მთხოვოს, რაღაც ხომ უნდა ვაჩვენო, როგორ დავამტკიცო ჩემი ვინაობა? წლებია ჰაერში ვარ გამოკიდებული და ამის გამო, სოციალურად დაუცველის სტატუსიც არ მაქვს, არადა, ამისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ. მივმართე იუსტიციის სამინისტროს, სანაპიროზე იუსტიციის სახლს. მომთხოვეს, რომ მიმეტანა ამონაწერი, თუ რას ვაკეთებდი 1985 წლიდან 1991 წლამდე და ასევე, დედაშენის სურათი წარმოადგინეო. ვერცერთი მივუტანე და ვერც მეორე. დედაჩემი არ მახსოვს, რადგან 8 თვის ვიყავი, როცა დამეღუპა. 85-დან 91 წლამდე ცხოვრების დასადასტურებლად კი ბიჭვინთაში უნდა ჩავსულიყავი და აბა, იქ როგორღა ჩავიდოდი.
ამიტომ, სხვა გამოსავალი რომ ვეღარ ვნახე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივმართე. იქ ამიხსნეს, რომ საბოლოო პასუხი მოგვიტანე იუსტიციის სახლიდან და ამის შემდეგ სარჩელი შევა სასამართლოში, რათა ამ გზით მოხერხდეს ჩემი დაბადების დადგენა, მოწმობის გაცემა და ამის შემდეგ პასპორტის მონიჭება. ახალგაზრდა იურისტების დარიგების შემდეგ უკვე იმედი გამიჩნდა, რომ სამართალს მივაღწევ და ჩემს საბუთებს დავიბრუნებ. შეიძლება ხალხს არ სჯერა, რომ იზოლდა ჩაჩუა ვარ და ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მომეცეს ამის დადასტურების საშუალება? თან წლების განმავლობაში ქუჩაში ვვაჭრობ, წიგნებს ვყიდი და არანაირი სოციალური დაუცველის სტატუსი და დახმარება მე არ გამნაჩნია. სიმართლე გითხრათ, ჩემს აფხაზეთში დაბრუნების იმედასაც არ ვკარგავ, მაგრამ ჯერ საკუთარი თავი უნდა დავიბრუნო ამისთვის“, - ამბობს იზოლდა ჩაჩუა.
ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი უახლოეს მომავალში დაიბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. რედაქცია ამ პრობლემატიკაზე მონიტორინგს გააგრძელებს და შედეგებს მკითხველს გააცნობს.