ვლადიმერ პაპავა ბრალდებებს „უნივერსიტეტის დასაცავად გაკეთებულ განცხადებებს“ უკავშირებს
myrights.ge
უმაღლეს განათლებაში არსებული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი აცხადებს, რომ უნივერსიტეტში არ ხდება სამეცნიერო საქმიანობის წახალისება და ნაცვლად მმართველობის დემოკრატიზაციისა, დამყარებულია კლანური მმართველობა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, უნივერსიტეტის მართვაში სტუდენტებისა და ლექტორების ნაცვლად ჩართულები არიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, როგორებიც არიან როინ მეტრეველი, რომელიც რექტორის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.
სტუდენტებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავით ჩომახიძეს იმ პროფესორების თანხების ხარჯვითი ნაწილის გამოთხოვის მოთხოვნითაც მიმართეს, რომლებიც მათი თქმით, უკანონოდ განკარგავენ უნივერსიტეტის თანხებს. აქციის მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და განათლების სამინისტროსკენ გაემართნენ. სტუდენტები სწორედ განათლების სამინისტროსგან მოითხოვენ რეაგირებას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ლაბორატორია 1918-ის“ ლიდერი ალექსანდრე ცაგარელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ რეფორმას პოლიტიკის სახე უნდა მისცეს და გაატაროს რეალურ ცხოვრებაში. მისივე თქმით, სტუდენტები წელიწადნახევარია სამინისტროსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელიან, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ, სტუდენტები კიდევ ერთხელ მოითხოვენ განათლების რეფორმის მკაცრად გატარებას და იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზოგადად უმღლეს განათლებაშია. ცაგარელის თქმით, სამინისტრომ ყველა უმაღლეს სასწავლებელს სამეცნიერი და აკადემიური განვითარებისთვის საშუალება უნდა მისცეს:
„აქცია–მსვლელობის მიზანია, სტუდენტების მხრიდან აქტიური ქმედებების დაწყება. უმაღლესი განათლებისა და უნივერსიტეტის შიდა მმართველობის პრობლემების აქტუალიზება. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია ვერ ახერხებენ ეფექტურად მართვას. სახეზეა კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტები. ძველი პრობლემები და კადრები უცვლელად დარჩა და პირიქით უნივერსიტეტში შეინიშნება ოდიოზური ფიგურების დაბრუნება, ძველი და ახალი კლანების ერთმანეთთან შერწყმა. განათლების სამინისტროს არა აქვს რეფორმის გეგმა და გრძელვადიანი სტრატეგია უმაღლესი განათლების განვითარების. ასევე უნივერსიტეტების შიგნით თავისუფალი სივრცის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის უფრო დემოკრატიულ პრინციპს, წარმომადგენლობითობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალ სტანდარტს“.
მისივე თქმით, სტუდენტებს კოლექტიური და სოლიდარული მოქმედებით სურთ, ხმა მიაწვდინონ როგორც უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას, აგრეთვე განათლების სამინისტროს და მათ მიერ წამოჭრილ პრობლემებზე დროულად რეაგირებისკენ მოუწოდონ.
თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა მისი და უნივერსიტეტის მიმართ არსებულ ბრალდებებს „უნივერსიტეტის დასაცავად გაკეთებულ განცხადებებს“ უკავშირებს. პაპავა აკადემიური პერსონალის ანაზღაურებასთან, საკადრო ცვლილებებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება. თსუ-ს რექტორი ბრალდებებს უნივერსიტეტის სიახლოვეს გაზგასამართი სადგურის, სასაფლაოს მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე უნივერსიტეტისთვის სპეციალური დაფინანსების გამოყოფის თაობაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. პაპავა ამბობს, რომ შემოტევას ელოდა.
მისივე თქმით, რექტორი რომ არ იყოს, კონკრეტულ პირებს დაასახელებდა, თუმცა ახლა მის უკან უნივერსიტეტის ინტერესებია. „არ მინდა, ბოლომდე ხიდი ჩავანგრიო, მე მინდა უკან დასახევი გზა მათაც დავუტოვო“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
თსუ-ს რექტორმა განმარტავს, რომ „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საკმაოდ საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხზე არასწორი ინტერპრეტირებული სახით გავრცელდა. პაპავა განმარტავს, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებამდე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ხელფასი თამანდებობრივი სარგოსა და დანამატისგან შედგებოდა, რომლის ოდენობა საათობრივ დატვირთვაზე იყო დამოკიდებული. აღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ დანამატი თანამდებობრივ სარგოში აისახა. 2014 წელს კი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალზე დანამატის სახით თანხა არ გაცემულა. რაც შეეხება პრემიებს, მისი ოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.
ლადო პაპავა სამი პროფესორის – ავთანდილ სილაგაძის, ვაჟა ლორთქიფანიძისა და ალექსანდრე კარტოზიას საკითხსაც გამოეხმაურა, მათი გამოცდილების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი მათგანი აკადემიურ თანამდებობებზე რექტორის მიერ დანიშნული არ არის.
რაც შეეხება მივლინებებს, რექტორმა მისი უფლებამოსილების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამონარიდი წარადგინა და განხორციელებული მივლინებების შესახებ ისაუბრა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვლადიმერ პაპავას 22 მივლინება (მათგან 8 შიდა და 14 გარე) ჰქონდა. აქედან რამდენიმე, პაპავას თქმით, წინა სამსახურის პროექტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით განხორციელდა.
თსუ-ს რექტორმა სტუდენტების სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მისი პირადი ბიბლიოთეკიდან თსუ-ს ბიბლიოთეკას 631 დასახელების 806 წიგნი გადაეცა.
ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში, თსუ-ში წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია. მის კედლებში ე.წ. 90-იანი წლების ცივ აჩრდილსაც კი ვეღარსად ნახავთ. ინფრასტრუქტურა წლიდან წლამდე უმჯობესდება და თანამედროვე სახეს იძენს. დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ, უნივერსიტეტის ბაღში შევდივარ. კაფე-ბუფეტი სტუდენტებით სავსეა და მთელი დატვირთვით მუაშობს. წლების წინ აქ დენიც კი არ ჰქონდათ და მენიუში მხოლოდ „ბუტერბროდი“ მოიპოვებოდა. იქვე გვერდით, მინი საფეხბურთო სტადიონი გაუკეთებიათ და იქ ყოფნისას ფაკულტეტებს შორის საჩემპიონატო თამაში იმართებოდა, რაც ჩვენ დროს სანატრელი გვქონდა. მცირე შტრიხებია, მაგრამ პროგრესი ყველა მიმართულებით აშკარაა. ქვეყნის მამოძრავებელ ახალ თაობას კი მეტი განვითარება სურს, რასაც განათლების სისტემის მამებმა ადეკვატურად უნდა უპასუხონ.