რამდენად პასუხობს რკინიგზის აღდგენა თბილისის ინტერესებს?
myrights.ge
სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი გამოცემა „ტერტ.ამ-თან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს. მისი თქმით, ეს საკითხი არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც პოლიტიკური. არაქელიანის დაკვირვებით, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა დამაიმედებელი ნიშნები საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, რა სტადიაზეა საკითხი, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სომხური, რუსული და ქართული მხარეები ამ პროგრამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.
„უბრალოდ, ბოლო დროს გაიზარდა შანსები დამაიმედებელი განცხადებებისთვის, კერძოდ, „რუსეთის სარკინიგზო ხაზების“ პრეზიდენტმა ვლადიმერ იაკუნინმა განაცხადა, რომ არის დამაიმედებელი ნიშნები. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების წინაშე გამოსვლას და ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს გავაკეთებთ“, - განაცხადა არაქელიანმა.
ქართული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. რკინიგზის აღდგენის წინადადება ერევნის მხრიდან აქამდეც არაერთხელ წამოყენებულა, რასაც გაგრძელება არ მოჰყოლია. თბილისი ამ გადაწყვეტილებას დღემდე ბლოკავს, რადგან მოსკოვის მხრიდან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საპირწონედ არანაირი გარანტიები არ მიუღია. პირიქით, რუსულ-აფხაზური ახალი ხელშეკრულებით, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გადამწყვეტ ფაზაში შედის.
„myrights.ge-სთან“ საუბრისას აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილი უშიშროების მინისტრი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ თბილისი რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენას უნდა დათანხმდეს და რუსეთთან პოლიტიკური შეთანხმებაში საქართველოს ტერიტორიული მლიანობის გარანტიები ჩადოს. ამავე დროს, მისივე თქმით, რუსულ-აფხაზურ ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბზარი ღრმავდება და აფხაზები იწყებენ ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად.
„ჩემთვის გასაგებია, თუ რატომ არ კლებულობს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით სომხეთის ინტერესი. მაგრამ გაუგებარია ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისა თუ პოლიტოლოგის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ეს ხალხი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გამოდის და ყურით მოთრეული მოსაზრებები მოჰყავთ. ამასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული დადებითი აზრი მაქვს. ვთვლი, რომ სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა, აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის დასაწყისი იქნება.
სადღეისოდ ეს ნაბიჯი ეკონომიკურად წამგებიანიც რომ იყოს, აუცილებლად გადასადგელია. მით უმეტეს, თუ ქართული მხარე რუსეთთან პოლიტიკურ შეთანხმებაში საკუთარ ინტერესებს ჩადებს, უპირველესად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. მეორე - ეს რკინიგზა რომც არ გვქონდეს, რადგან აფხაზებს ჩვენს ნაწილად და ერთეულად ვთვლით, რეგიონთან სატრანსპორტო მოძრაობა უნდა განახლდეს. თუ აფხაზები დათანხმდნენ ამ ნაბიჯს, ეს ენგურის ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობას, ურთიერთობას აღადგენს. ურთიერთობის დაწყება უკვე საწინდარი იქნება, რომ იგი ნელ-მელა დათბება. და თუ ყველაფერი გაწყვიტე, არაფერი გააკეთე, მაშინ ნდობის აღდგენის ან ურთიერთობის დამყარების პროცესი როგორ უნდა დაიწყოს?
ასე რომ, რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა ერთგვარი გარანტიაც იქნება იმ შეთანხმების შესრულებისა, რომელიც ალბათ, საფუძვლად დაედება. მას დამცავი საშუალებაც ექნება, რომ მოძრაობის შესაძლო გადაკეტვის შემთხვევაში, საქმე გვექნება რუსეთთან წინასწარი შეთანხმების დარღვევასთან. ამასთან, ბრმები უნდა ვიყოთ, თუ რუსეთიდან სომხეთისკენ გამოგზავნილ ტვირთებს ვერ დავინახავთ და სათანადოდ ვერ გავაკონტროლებთ. ეს გარანტიები დასაწყისშივე უნდა ჩაიდოს და თუ ვინმე პირობებს დაარღვევს, მერე კონტრზომების მიღებაც შესაძლებელი იქნება, თუ სახელმწიფო ვართ. თუ არ ვარ, მაშინ ყველაფერს თავი დავანებოთ.
რაც შეეხება რუსულ-აფხაზურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ბოლო პერიპეტიებს, ვფიქრობ, რომ აფხაზურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის გაჩენილი ბზარი თანდათანობით იზრდება და ღრმავდება. შორს არ იქნება დრო, როდესაც თვითონ აფხაზები დაიწყებენ ბრძოლას საკუთაი უფლებების დასაცავად“, - ამბობს ლევან კიკნაძე.