myrights.ge
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმპიჩმენტის ინიცირებას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონფრონტაციაში შევიდა. მიიჩნევენ გამოკითხული ექსპერტები. მათი აზრით, კოალიციის მუშაობაში პრინციპული ცვლილებები ასევე მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების რაოდენობა გაზრდილია.
14 ნოემბერს პრეზიდენტმა პარლამენტს „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსის გარანტირებისთვის“ მთავრობის კონტროლისკენ მოუწოდა. ამასთან, პრეზიდენტის გამოსვლამდე განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მარგველაშვილი იმაში დაადანაშაულა, რომ ის „მთავრობას როგორც კონკურენტს, ისე განიხილავს“.
ნიკა ჩიტაძე: „ქართული ოცნებისთვის“ აუცილებელი იყო პარლამენტში უმრავლესობა შეენარჩუნებინა
„ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ახალი წევრების შესვლა, უპირველესად თვითონ კოალიციაზე უარყოფითად აისახება, მიიჩნევს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე
„ინტელექტუალური თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი შეიძინა. პირიქით, ვფიქრობ, ახლა „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა შესაძლებლობა, წინა რეჟიმის ტოტალიტარულობაზე, სააკაშვილის პარტიის ყველა წარმომადგენლის დამნაშავეობაზე ისაუბროს. რადგან მათ ხელი ვერაფერმა შეუშალა საკუთარ რიგებში მიეღოთ სააკაშვილის პარტიის ის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგ ყოველთვის გამოდიოდა ოპოზიცია“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ფრაქცია მაჟორიტარების „ქართულ ოცნებაში“ შესვლას პრინციპული ცვლილებები ასევე არ მოუტანია, აცხადებს ექსპერტი.
„ფრაქციის წევრებმა დიდი ხანია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა შეწყვიტეს და მმართველი პარტიის ყველა ინიციატივას მხარს უჭერდნენ“, მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე. უფრო მეტიც, ჩიტაძის აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი რიგების გაფართოება იძულებითი ნაბიჯი იყო.
„მათ უმრავლესობა აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინათ, რათა ინიცირებული კანონპროექტები მიეღოთ“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
თუმცა ექსპერტის აზრით, კოალიციიდან გამოსული „თავისუფალი დემოკრატები“ „ინტელექტუალურ პოტენციალს“ წარმოადგენდნენ, რომელსაც ოპოზიციასთან ოპონირება და საკუთარი კანონპროექტების ინიცირება შეეძლო.
„ასე რომ, ახლა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმცირესობასთან პოლემიკა ბევრად გაუძნელდება“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
პოლიტოლოგი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობას გამორიცხავს. მისი თქმით, დღეს პარლამენტს „არ აქვს ლეგალური შესძლებლობები იმისთვის, რომ იმპიჩმენტის ინიცირება მოახდინოს“.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იმისთვის, რომ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადონ, საჭიროა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია სისხლის სამართლის კანონი ანდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი დაარღვია.
ნიკა ჩიტაძის აზრით, პარლამენტის თვითდაშლა ასევე არალოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რადგან „ქართული ოცნება“ თავისი საპარლამენტო უმრავლესობით ვერ დაიჩივლებს, რომ მას აუცილებელი კანონების მისაღებად შესაძლებლობა არ აქვს“.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ევროინტეგრაციული ინიციატივები არ შემობრუნდება, მიიჩნევს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.
„ასეთია დაპირებები და არანაირი ნაბიჯები, რაც ევროინტეგრაციის შემობრუნებაზე იქნებოდა მიმართული, არ არის გადადგმული“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტის აზრით, „მოსახლეობის პოლიტიკური შეკვეთა დასავლეთთან დაახლოებაზე არის ორიენტირებული“ და ამიტომ, მთავრობა უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ ვერ გამოვა.
„რაც შეეხება მთავრობას, რასაკვირველია, ტექნიკური სირთულეები შეიქმნება იმის შედეგად, რომ გამოცდილი ადამიანები მაღალი თანამდებობებიდან მიდიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია. რადგან ჯერ ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური ნება შესუსტდა“, - შენიშნავს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტი არ მიიჩნევს, რომ მმართველი კოალიციის ქმედებები პოლიტიკური კონკურენციის შესუსტებას გამოიწვევს, რადგან „რჩება პრეზიდენტის ფაქტორი, რომელსაც ვეტოს დადების უფლება აქვს“.
ამასთან, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს კვალიფიციური უმრავლესობა (100 დეპუტატი 150-დან), აღნიშნავს ექსპერტი. კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გამოსვლამდე „ქართულ ოცნებას“ საჭირო ხმების შეკრების შესაძლებლობა რჩებოდა, ამბობს კახა გოგოლაშვილი.
„ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით სიტუაცია გაუმჯობესდა. შეიძლება გავლენა მოიპოვოს პრეზიდენტის ინსტიტუტმა და ეს კარგია. რადგან, პრინციპში, ამ მიმართულებით მოძრაობით მეტი შანსებია დემოკრატიის განვითარებისთვის, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტების კონსენსუსზეა დაფუძნებული“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
„მაჟორიტარების „ქართულ ოცნებასთან“ მიერთების რეალური მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას, საპარლამენტო კომიტეტებისა და კომისიების ხელმძღვანელების დანიშვნისას რიგი უპირატესობები აქვს, აცხადებს „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.
„ისინი კარგავდნენ ელემენტარულ უმრავლესობას და შესაბამისად, ვიცე-სპიკერების, კომიტეტების თავმჯდომარეების კვოტას“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, კოალიციაში 10 დეპუტატის მისვლას, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს იყრიდნენ, მიხეილ სააკაშვილის პარტიისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მოუტანია.
სოსო ცისკარიშვილი ასევე ხაზს უსვამს, რომ მაჟორიტარების ფრაქციის ბევრი წარმომადგენელი ბიზნესმენია.
მისივე აზრით, „ქართულ ოცნებასთან“ კონფლიქტის მიუხედავად, კოალიცია მისი იმპიჩმენტის ინიცირებას არ მიმართავს.