myrights.ge
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც შეწყალებულია 121 პირი. ამათგან 93 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 28 მსჯავრდადებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება. შეწყალებულთაგან 3 ქალია და 3 არასრულწლოვანი.
„კომისიამ, რომელიც 14 და 15 ნოემბერს მუშაობდა, 752 მსჯავდებულის საქმე განიხილა, რომელთაგან 350 საქმე არსებითად იყო განხილული, ხოლო სხვა საქმეები არ აკმაყოფილებდა არსებითი განხილვისთვის საკმარის კრიტერიუმებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. 93 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური აქტია, რომელიც განსაზღვრულ პირთა მიმართ ხორციელედება. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს როგორც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ასევე შეუმცირდეს ან შეეცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
შეწყალებას ხშირად „კერძო ამნისტიას“ უწოდებენ, რომელიც გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავს ცნობენ დამნაშავედ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და პირადად ითხოვენ შეწყალებას. თუ მსჯავრდებული პირადად არ ითხოვს შეწყალებას, მაშინ, მიუხედავად მისი ოჯახის წევრების, პარლამენტარების, საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეების, ორგანიზაციების მიერ აღძრული შუამდგომლობებისა, შეწყალების საკითხთა განყოფილებას არა აქვს საქმის მომზადებისა და კომისიაზე განსახილველად წარდგენის საფუძველი.
მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათი და ხარისხი, ადრინდელი ნასამართლეობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, ოჯახური პირობები და სხვა.