მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საწვრთნელი ცენტრის შექმნა ნატოსთან კოლექტიურ თავდაცვას არ გულისხმობს“ - 24 ნოემბერი 2014

myrights.ge

NATO- გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ ალიანსიმიესალმება საქართველოს ერთგულებას იმ კურსისადმი, რომ გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი“. მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება.

მე მივესალმები ამ ერთგულებას, ამ პოზიციას და ეს ძალზე მნიშვნელოვანია და ცალსახა მიდგომაა. ეს შესაბამისობაშია იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2008 წელს ნატოს სამიტზე. მე მაშინ ვიყავი პრემიერ-მინისტრის რანგში, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. ამდენად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას ამ კურსისადმი, რომ გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა იმ პაკეტზე, რომელზეც შევთანხმდით უელსში. ეს გახლავთ პაკეტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ეს გახლავთ ერთობლივი წვრთნები, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ამას ვაკეთებთ, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს პატივს ვცემთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს საწვრთნელი ცენტრი და ის ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გახდება ცნობილი: „რაც შეეხება საწვრთნელ ცენტრს, ის ჩამოყალიბდება. ჩვენი გეგმა გახლავთ, დავიწყოთ სხვადასხვა ელემენტების განხორციელება ამ პაკეტისა მინისტერიალზე, რომელიც შედგება მომავალი წლის თებერვალში და ჩვენ აგრეთვე შეგვეძლება დეტალურად ვისაუბროთ სხვადასხვა ელემენტებზე, ამ მინისტერიალზე, რომელიც ჩატარდება თებერვალში“.

ნატოს გენმდივნის თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას:

მივესალმები საქართველოს ძალზე მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც შეიტანა ნატოსთან ურთიერთობაში, კერძოდ, ავღანეთშიაისაფისოპერაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო მათ ერთგულებაში, იმ განცხადებაში, რომელიც გააკეთა პრემიერ მინისტრმა და ქართველმა ხალხმა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.

რა რეალურ შედეგს მოუტანს საქართველოს ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა, ჩვენ ამ კითხვით სამხედრო მიმომხილველ ირაკლი ალადაშვილს მიმართა:

რეალურ შედეგებამდე ჯერ შორს ვართ. იდეა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ იხსნება ის არის, რომ ამ ცენტრის შექმნა და ამოქმედება ნიშნავს, რომ საქართველოში მუდმივად ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების სამხედროთა სწავლებები გაიმართება. რასაკვირველია, ეს ქართველებთან ერთად მოხდება. საუბარი რაზეა - თუ ნატო ვერ ახერხებს საქართველოში საკუთარი სამხედრო ბაზის შექმნას იმ გასაგები მიზეზის გამო, რასაც რუსეთის ფაქტორი ჰქვია, არსებობს ერთგვარი მეორე გამოსავალი, რომ შეიქმნას ასეთი საწვრთნელი ცენტრი თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც მუდმივი წვრთნების ჩატარებას დაეხმარება. ანუ, მთავრდება ერთი წვრთნა და მაშინვე მეორე იწყება, გრძელდება მესამით და . ამით, საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად იქნებიან ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები.

ამასთან, მკითხველმა უნდა იცოდეს და რეალობას თვალებში ჩავხედოთ - ეს არ ნიშნავს ნატოს წევრობასთან იგივეობას. ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ის ყბადაღებული მეხუთე მუხლი, რაც ნატოს სრულუფლებიანი წევრობის შემთხვევაში ვრცელდება და რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. თუ საწვრთნელი ცენტრის ამოქმედების პერიოდში რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელება მოხდა და ამ მომენტში ნატოს ქვეყნების სამხედროები აქ იქნებიან, ეს არ ნიშნავს, რომ ქართულ არმიას გვერდში დაუდგებიან“.

ჩვენი მეორე კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორი იქნება ნატოს თუნდაც ამ შუალედურ გადაწყვეტილებაზე რუსეთის რეაქცია:

რეაქცია იქნება, გააჩნია როგორი, შეიძლება იყოს დიპლომატიურ დონეზე, მორიგი ბრალდებები ან მორიგი გააქტიურება მათი მხრიდან. გამორიცხული არაფერია, რადგან რუსეთის ხელისუფლებას წინასწარ ვერავინ ვერაფერს გაუგებს, თუ რას აპირებს. მათგან ყოველთვის უფრო უარესი არის მოსალოდნელი. მაგრამ ბოლო დღეებში უკრაინასთან დაკავშირებით რაც ხდება, განსაკუთრებით ჩინეთსა და ავსტრალიაში სამიტების შემდგომ, დასავლეთის ერთიანი პოზიცია უკვე გამოიკვეთა, რომელიც პუტინის ხელისუფლებასთან მიმართებაში ძალიან მკაცრი ხდება.

ასევე საკითხავია, თუ რა აჯობებს ამ დროს - ჩუმად იყოს საქართველო თუ იაქტიუროს. ჩუმად ყოფნა არ იძლევა გარანტიას, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი ზეწოლა არ გაგრძელდება. აქტიურმა მოქმედებამაც, რასაკვირველია, ეს პროცესი შეიძლება დააჩქაროს. ამასთან, აბსოლუტური გარანტიაც არ არის, რომ იგივე ნატო ან ამერიკა თავს გამოიდებს და საქართველოს რეალურ დიდ დახმარებას გაუწევს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაშიც დღეს საქართველო იმყოფება“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.    

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი თებერვალში გაიმართება.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია