მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი: ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ხელისუფლება მარტო ვერ მოერევა - 25 ნოემბერი 2014

myrights.ge

25 ნოემბერს ცივილიზებული მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს (გაეროს ინიციატივა) აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს.

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარმა ქალთა მიმართ ძალადობის შემაძრწუნებელმა ფაქტებმა ნათლად დაგვანახა, რამდენად სერიოზულია პრობლემა და რამდენად ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ რეაგირებას საჭიროებს.

ქალთა მიმართ ძალადობა არის პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება მარტო ვერ მოერევა. ძალადობის წინააღმდეგ, სახელმწიფოსთან ერთად, მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. საქართველოში ქალის პატივისცემის დიდი ტრადიცია არსებობს და ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტები შეუთავსებელია ამ ტრადიციასთან და ძალიან სამარცხვინოა.

კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია ქალების მიმართ ძალადობის გამართლების მცდელობა ტრადიციის, კულტურის, რელიგიისა თუ ჩვენი ქვეყნის თავისებურების სახელით. ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საზოგადოების მიერ მსხვერპლის მხრიდან დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოებების შესახებ კითხვების დასმა. ძალადობას არ შეიძლება მოეძებნოს რამე გამართლება. ძალადობის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთელი საზოგადოება წარმატებით შევძლებთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ამ მიმართულებით კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღებას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

1999 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი გამოაცხადა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველი სამი ქალიდან ერთი ცხოვრების განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური შეურაცყოფის ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი, გენდერული ნიშნით.

როგორც წესი, მოძალადე  ნაცნობი ადამიანია, ხოლო ძალადობის ფაქტი ხშირად ოჯახში ხდება. შემაშფოთებელია მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობით  განპირობებული სიკვდილიანობის სტატისტიკაც –  16–44 წლამდე ასაკის ქალებისა და გოგონების სიკვდილიანობის და შეზღუდული შესაძლებლობების  ძირითად მიზეზს ძალადობა წარმოადგენს. 

გაერო მოუწოდებს ქვეყანათა მთავრობებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განახორციელონ ისეთი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერებისა გაზრდას აღნიშნული  საკითხთან დაკავშირებით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია