მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოხუმიდან დევნილი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს - 01 დეკემბერი 2014

myrights.ge

ცოტა ხნის წინ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილებისა და სოციალურად დაუცველების ბინები გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. 22 ოჯახი მერიამ დროებით ნაქირავებ ბინებში გადაიყვანა. კორპუსის მეორე ნაწილი გადარჩა, თუმცა კედლებზე ჭვრტლის კვალი მაშინვე თვალში გხვდება. ადგილზე დარჩენილი დევნილები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივიან და მის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, ლუიზა ხაჟალიას გაესაუბრეთ.   

- სოხუმი დაეცა თუ არა 27 სექტემბერს, აფხაზეთიდან წამოვედით. ორი წელი ნათესავებთან ვიყავით შეფარებულები და მერე აქ, რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში ფართი გამოგვიყვეს. 2002 წლისთვის ბინები უკვე შესყიდული გვქონდა და ოფიციალურად საკუთრებაში 2012 წელს გადმოგვეცა. დაახლობით 40-კვადრატამდეა, სამზარეულო შიგნით გვაქვს, ტუალეტი საერთოა.

დაგვიკანონდა თუ არა, გამოჩნდა პიროვნება (აფთიაქარია), რომელმაც განაცხადა, რომ ეს ბინა მისი საკუთრებაა  და უკანონოდ გასხვისდაო. საქმე უკვე ორი წელია სასამართლოში განიხილება. ეს კაცი ამბობს, რომ შენობა გასაყიდად იყო გამოტანილი და ვიყიდეო - მესამე სართული შეუძენია, როდესაც ეს შენობა რეალურად ორსართულიანია. ახლაც ამ ადამიანს სარდაფი და პირველი სართული უკავია და როგორც ჩან, სარდაფს მიიჩნევს პირველ სართულად

ბოლოს, ხანძრის შედეგად გვერდითა ნაწილში ბინები დაიწვა, თითქმის ყველაფერი განადგურდა და იქ მცხოვრებნი დროებით ნაქირავები ბინით დააკმაყოფილეს. ან გაურემონტებენ ამ ბინებს, ან ახალი ფართით დააკმაყოფილებენ. ხანძრისას ჩვენ მხარეს ბოლი შემოვარდა და უმეტესობა ფანჯრებიდან გადაგვიყვანეს. აგერ კედლები და დერეფანი ახლაც გაჭვარტლულია.

- რა პრობლემებია აქ პირველ რიგში მოსაგვარებელი?

- არანაირი კომუნალური პირობები არ გვაქვს და აქ ცხოვრება შეუძლებელია. წყალგაყვანილობა ძველია და საშინელ მდგომარეობაშია. ჭერს მეზობლები დღესაც აკეთებდნენ, რადგან გვაწვიმს. ერთ ოთახში 4 კაცი ვცხოვრობთ, დავის წარმოების თავიც არ გვაქვს და თუნდაც სხვაგან მოგვცენ ბინები, რომელიც გვერგება. მაგრამ სასამართლო საბოლოოდ რას გადაწყვეტს, ესეც საკითხავია. რადგან პროცესები მიმდინარეობს, ჩვენი საქმე შეჩერებულია და როგორც დევნილების ბინით დაკმაყოფილების საკითხიც არ განიხილება. სასამართლო საქმე უკვე უზენაესამდე არის მისული და ალბათ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. თუ დაგვიმტკიცდა აქ ვიქნებით, თუ არადა, მერე ალბათ სახელმწიფო გვიპატრონებს. აქამდე, ორი საასამართლო ინსტანცია ამ ადამიანმა მოიგო.

ამასობაში, ბინაში რომ დავდივართ, იატაკი და კედლები ლამის ირწევა. მაგრამ თუ საკუთრებაში საბოლოოდ დაგვიმტკიცებენ, შეიძლება გავაკეთოთ კიდეც.

- რამე კომუნალური შეღავათებით თუ სარგებლობთ?

- გაზი არ გვაქვს, ყველაფერი დენზეა. ბინების გადმოცემის შემდეგ ელექტროენერგიაზეც აღარ გვაქვს დევნილის შეღავათები. ერთადერთი სოციალურ დახმრებას ვინც იღებს, ელექტროენერგიის ზამთრის ყოველთვიურ თანხას ურიცხავენ.

- დახმარების გარეშე ცხოვრებას როგორ ახერხებთ?

- პროფესიით ინჯინერი ვარ, სოხუმში სულ ვმუშაობდი, აქ ერთი დღე აღარ მიმუშავია. ოჯახის წევრებიც უმაღლესდამთავრებულები არიან, მაგრამ სპეციალობით არ საქმიანობენ. ხან რა საქმე გამოჩნდება, ხანაც რა, ასე გაგვაქვს თავი. პენსიასაც ვიღებთ, სახელმწიფოსგან სხვა მუდმივი შემოსავალი არ გვაქვს.

- რას ითხოვთ?

- უპირველესად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. აქ მუდმივი ხმაურია, დილით მანქანები რომ მოდის, გაჩერება შეუძლებელი ხდება. ასევე ჰაერი ძალიან ჭუჭყიანია, რაც ასევე მანქანების სიმრავლეს უკავშირდება. სხვაგან მშენებარე თეთრი კარკასიც რომ მოგვცენ, მერე ნელ-ნელა რაღაცას დავამატებდით. მე ესეც მაწყობს, სხვას შეიძლება ეს ვარიანტიც არ აწყობდეს. სახელმწიფო ვალდებულია, სანამ დევნილი თავის მიწას დაუბრუნდება, სადაც იქნება ღირსეულად იცხოვროს. ჩვენ კი 20 წელზე მეტია დატანჯულები ვართ და ნუთუ არ გვეყოფა.

აფხაზეთში დაბრუნების იმედზე კი რა გითხრათ, ჩვენს მთავრობას თუ აქვს ამის იმედი, ესაა საკითხავი. ტელევიზორს თუ უყურე, არაფერი გვეშველება, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება და არც ასეთი პესიმისტური განწყობა უნდა მოგვერიოს.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია