myrights.ge
4 დეკემბერს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ბათუმის #3 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების თანამშრომლების მიერ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.
„სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ბათუმის #3 დაწესებულების ბრალდებულმა შ.დ–მ, განაცხადა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ყოფნისას დაწესებულების თანამშრომელმა ექიმთან შეხვედრის უფლება არ მისცა. ბრალდებულის სიტყვიერი პროტესტის პასუხად ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში, სადაც ხელებზე ბორკილდადებულს ფეხებით ცემდნენ გულმკერდის მიდამოებში. შემდეგ ბრალდებული მოათავსეს სამარტოო საკანში, საბნისა და გათბობის გარეშე.
პროტესტის ნიშნად შ.დ.–მ თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც თხუთმეტამდე თანამშრომელმა ხელებზე ბორკილი დაადო, იატაკზე დააწვინა და უმოწყალოდ სცემა. შემდეგ ისევ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში წაიყვანეს და ხელ-ფეხ შეკრული დილის ოთხ საათამდე იატაკზე დატოვეს. არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე რეაგირების მიზნით შ.დ.-მ 15 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა.
ბრალდებულის განცხადებით, 20 ნოემბერს დაწესებულების თანამშრომლებმა მას განმეორებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შ.დ-მ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში ელექტრო ნათურის მინით სხეულზე მიიყენა მრავლობითი თვითდაზიანებები“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 13 ნოემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბრალდებულ შ.დ-ს მიმართ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სსკ 378-ე მუხლით დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე. კერძოდ, ბრალდებულმა N3 დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებულმა შ.დ-მ ბოლო სამი თვის განმავლობაში სარეჟიმო პირობები 15-ჯერ დაარღვია, იგი არ ემორჩილება დაწესებულების შინაგანაწესს და გამოირჩევა აგრესიულობით.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატიმარი შესაძლო სასჯელის თავიდან არიდების მიზნით მიმართავს მსგავს ინსინუაციებს და შეცდომაში შეჰყავს უფლებადამცველები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით არაერთხელ გაუკეთებია განმარტება და მიუთითებია კონკრეტული საქმეებიც, როდესაც ბრალდებული ან მსჯავრდებული მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით მანიპულირებდა საზოგადოებრივი აზრით და ცდილობდა ამ გზით მოეხდინა გავლენა ადმინისტრაციისა და გამოძიების გადაწყვეტილებებზე. ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას შეცდომაში შეჰყავს როგორც საზოგადოება, ისე ხელს უწყობს სასჯელაღსრულების სისტემაში დესტაბილიზაციის ინსპირაციას და პატიმართა მხრიდან სხვადასხვა სახის შანტაჟის პროვოცირებას.
მივმართავთ სახალხო დამცველს, გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რისკები. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დანიშვნის დღიდანვე სახალხო დამცველთან თანამშრომლობისათვის სრულ მზაობას გამოთქვამს, თუმცა, მიუხედავად სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთი შეთავაზებისა, უჩა ნანუაშვილი არჩევს იხელმძღვანელოს გადაუმოწმებელი ფაქტებით. ამის კიდევ ერთი მაგალითია სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადაუმოწმებლობის კიდევ ერთი შედეგია ის ფაქტი, რომ განცხადებაში ნახსენები გონივრული მიღებისა და განთავსების საკანი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში არ არსებობს.
სახალხო დამცველის მხრიდან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, მისი რეკომენდაცია უფრო ზუსტად იქნებოდა ფორმულირებული და არ იქნებოდა დაშვებული არსებითი შეცდომა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ უჩა ნანუაშვილს ექნებოდა ინფორმაცია 13 ნოემბერს დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ის მთავარ პროკურატურას მიმართავდა არა საქმის გამოძიების დაწყების, არამედ უკვე დაწყებული გამოძიების ქვემდებარეობით გათხოვის რეკომენდაციით", - ნათქვამია განცხადებაში.