„ბოდიში საკმარისი არ არის, მხარეებმა მტკვრის დაცვის საკითხებზე უნდა ითანამშრომლონ“
myrights.ge
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ასპინძის რაიონში მდინარე მტკვარში წყლის დონის კლება დააფიქსირა. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, სააგენტო მდინარე მტკვარზე მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სააგენტომ მდინარე მტკვარში (ასპინძის რაიონის სოფელ ხერთვისთან) წყლის დონის კლება დააფიქსირა. მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, თურქეთის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრს ეროღლუს წერილი გაუგზავნა.
„თურქული მხარე წუხილს გამოთქვამს და განმარტავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე „ქაიაბეის“ კაშხლის შევსება ზამთრის სეზონისათვის, რამაც მტკვარში წყლის დონის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ, თურქულმა კერძო კომპანიამ, დროულად არ აცნობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის გამოც დაგვიანდა ქართული მხარის ინფორმირება თურქეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრიდან წყალაღების შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მკაცრად მიუთითა თურქული კერძო კომპანიის პასუხისმგებელ პირებს, დაიცვან შესაბამისი ნორმები წყალაღებასთან დაკავშირებით და მოგვცა პირობა, რომ მომავალში ამგვარი გაუგებრობა აღარ განმეორდება. ხოლო, ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მტკვარში წყლის დონეზე. გამომდინარე საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობიდან, ამჟამად მზადდება მემორანდუმი, რომელიც გამორიცხავს მომავალში ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას“, - აცხადებენ სამინისტროში.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, თურქული მხარის ინფორმაციით, წყლის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე ნორმალურ დონეს დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დაუბრუნდება: „ამასთან, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მდინარე მტკვარი საქართველოში იმატებს იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე შემოდის თურქეთიდან. შესაბამისად, წყლის დონის დროებითი შემცირება არ იწვევს სერიოზულ რისკებს. მიუხედავად, ამისა, სამინისტრო განუწყვეტლივ აწარმოებს მონიტორინგს და ნებისმიერი ცვლილების შესახებ უმალვე ამცნობს საზოგადოებას“.
ჩვენთან საუბრისას ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მდინარეებთან, მათ შორის მტკვართან დაკავშირებულ გამოწვევები ქართულ მხარეს სათანადოდ გააზრებული არ აქვს და პრობლემებიც აქედან მომდინარეობს. მისივე თქმით, თურქებმა მდინარის დაგუბებისას ქართული მხარე წინასწარ არც კი გააფრთხილეს იმ პირობებში, როცა ამ სფეროში მეზობლების თანამშრომლობა აუცილებლობას წარმოადგენს:
„საქართველოს ხელისუფლებას ეს პრობლემა სათანადოდ არ აქვს შესწავლილი. ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა საფრთხის წინაშე დგას მდინარეები, მათ შორის მტკვარი, მისი ეკოსისტემა, ჰიდრორესურსები და ა.შ. ბოლო ფაქტმა მთავარ მდინარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა; არასწორია განცხადება, რომ თურქეთის მხარის მიერ კაშხლის წლით შევსების გამო მტკვარში წყლის შემცირება რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს. გარდა ეკოლოგიური ზიანისა, სახეზეა ეკონომიკური ზარალიც, რადგან თუნდაც თვენახევრის განმავლობაში მდინარის შეგუბებისას, სარწყავი წყლის პრობლემა იქმნება. წყალი ეკონომიკურ რესურსს წარმოადგენს, ასევე საარსებო ეკოლოგიური სივრცისთვის აუცილებელია.
პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ თურქულმა მხარემ ქართველი კოლეგები ღირსადაც არ ჩათვალა, რომ მტკვრის დაგუბებისას საქმის კურსში მაინც ჩაეყენებინა. კარგია, რომ ახლა მაინც ბოდიში მოიხადეს, მაგრამ აქ მარტო მობოდიშება საკმარისი არ არის. მხარეებს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს, რომ მტკვრის ერთობლივი ესპლუატაციის საქმეში, მდინარის დაცვის საკითხებზე როგორმე ითანამშრომლონ; რაც არ არის გამოხატული არც თურქეთის, არც აზერბაიჯანის შემთხვევაში. ამიტომ ეს საჭირბოროტო საკითხი სამმხრივი შეთანხმების საგანი უნდა იყოს“, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
მტკვარი ამიერკავკასიის უდიდესი მდინარეა, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ, აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.
მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.
მისი ანტიკური სახელწოდებაა „კირუს“, თურქები და აზერბაიჯანელები „ქიურს“ უწოდებენ.
მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია.