მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დასრულდა თუ არა მსოფლიოში გავლენათა სფეროების ერა - 12 დეკემბერი 2014

„სუსტი ქართული დიპლომატია ცხრა წლის წინ გაკვალულ გზას მიყვება“

myrights.ge

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მსოფლიოში გავლენათა სფეროების დაყოფის ეპოქა დასრულდა. „რუსეთმა დაარღვია ფუნდამენტური პრინციპები, საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა არ შეიძლება. უთანხმოებები მოლაპარაკებებით უნდა გადაიჭრას და არა ტანკებით. გავლენათა სფეროების ერა დასრულდა. ამ პრინციპებს, რაც არის მშვიდობიანი ევროპის საფუძველი, რუსეთთან ერთად ორი ათეული წელია ვაგებდით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ნატო განაგრძობენ უკრაინასთან მიმართებაში მჭიდრო თანამშრომლობას თავისი კომპეტენციების ფარგლებში. „რუსეთი განსაკუთრებულად არის პასუხისმგებელი. ის უნდა წავიდეს აღმოსავლეთ უკრაინიდან, შეწყვიტოს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მიწოდება, გადაწყვიტოს საზღვრის ეფექტური კონტროლი და დაუშვას იქ ეუთო საკუთარი მისიის შესასრულებლად“, - აცხადებს ტუსკი.

არსებულ საერთაშორისო რეალიებში საქართველოს როლსა და ადგილზე, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვესაუბრებით. 

- სტოლტენბერგმა მორიგი მკვეთრი გაცხადება გააკეთა. რუსეთთან ერთად ოცი წლის განმავლობაში მშვიდობის აშენება უკვე წარსულშია და ახლა კონფრონტაციული ეტაპი იწყება. ამ ფონზე, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი დეპუტატის, გერმანელი ელმარ ბროკის განცხადება, რომ არავითარი ნატოს გაფართოება და ახალი წევრების მიღება არ იქნება, მხოლოდ უკვე არსებული ქვეყნების უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთო. ანუ კიდევ უფრო გაიზრდება ბალტიისპირეთის, პოლონეთის, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება და ბრიუსელელი დიპლომატები  ასეთ პირობებში ალიანსის გაფართოებას უკანა პლანზე აყენებენ. ჩვენ რა სიკეთე აქედან, არაფერი. პირიქით, ასეთი განცხადებებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მცირდება. შეიძლება გაიზარდოს სხვა სფეროებში თანამშრომლობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება. უელსის სამიტის შემდეგ ქართველი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ქვეყანა უფრო მეტად იქნება დაცულიო. ჩემთვის არაფერს ნიშნავს მეტად ან უფრო ნაკლებად დაცვა, ან ნატოს წევრი და შესაბამისად 100%-ით დაცული ხარ, ან საერთოდ არ ხარ დაცვით უზრუნველყოფილი. როდესაც შენი პოტენციური საფრთხე რუსეთიდან მოდის და არა რომელიმე სხვა პატარა სახელმწიფოდან, იქ დაცვის მეტ-ნაკლებობის გრადაცია არაფერს ნიშნავს. ამავე დროს, სიახლე არაფერია, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობა დღითი-დღე იძაბება. 

- სადამდე მივა პროცესი, როდესაც ნატო რუსეთის მხრიდან ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპების უხეშ დარღვევაზე საუბრობს?

- ჯერჯერობით ეს დიპლომატიურ რიტორიკას არ სცდება. გამორიცხულია სამხედრო დაპირისპირება, სამხედრო-შეიარაღებული კონფლიქტი. ბირთვულ ომს არავინ დაიწყებს, რადგან არც რუსეთი და არც ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფო იმისთვის არაა განწყობილი, რომ კონფლიქტი ბირთვულ წინააღმდეგობაში გადაზარდონ. ვფიქრობ, რიტორიკის დონეზე მთელი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ ასეთი ტიპის განცხადებებით, სანქციებით, პოზიციების პერმანენტული გამკვეთრებით, ნატოს აღმოსავლეთევროპელი წევრების უშიშროების გაძლიერებით როგორმე რუსეთი აიძულონ, რომ უკრაინაში ცოტა თავშეკავებულად მოიქცეს.

- შეძლებს კი დასავლეთი აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთის იძულებას?

- თუ გამოცხადებული სანქციები ორ წელს გასტანს, რუსეთს სხვა გზა უბრალოდ არ ექნება. დღეს საკითხი ასე დგას - მოსკოვს გათვლილი აქვს, რომ მაქსიმუმ წელიწადს, წელიწადნახევარს გაუძლებს. ამისთვის მილიარდობით უცხოური ვალუტის მარაგი აქვს. რუბლის ყოველდღიური დაცემა და გაუფასურება კი, ძირითადად მოსახლეობს აწვება. მაგრამ რუსეთის მოსახლეობას უარესი დღეებიც განუცდია, მაგრამ ქუჩაში არ გამოსულა და ბარიკადებზე არ ასულა ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით. ჩვენი პოლიტიკოსები ამას რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ; ისმის საუბრები, რომ მაქსიმუმ ხუთ-ექვს თვეში პუტინს თანამდებობიდან გადააგდებენო და ამ დროს, ლევადა-ცენტრის ახალი მონაცემები გამოქვეყნდა - 58% მხარს უჭერს პუტინის მეოთხედ არჩევას პრეზიდენტის პოსტზე. იქაურ მოსახლეობას უჭირს, სულ უფრო მეტ ეკონომიკურ სიძნელეებს აწყდება, მაგრამ მაინც მათი ერთადერთი იმედი პუტინია, რადგან კონკურენტი საერთოდ არ ჩანს. რუსულ ოპოზიციაში პუტინის ალტერნატიული ძალა არ არსებობს, ხოდორკოვსკიზე აქცენტი გამორიცხული. ხოდორკოვსკი ახლა ევროპიდან თვითონ მოითხოვს სანქციების გაქმებას. ამიტომ საკითხი ისე მარტივად არ დგას, როგორც ეს ჩვენს ზოგიერთ ურაპატრიოტს ჰგონია.

- ამ ფონზე, საქართველოს როლი და ადგილი რაში მდგომარეობს?

- ჩვენს ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ, როგორმე რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე, კონსტრუქციულ დიალოგზე ისე რომ, არ დაზიანდეს პროდასავლური ვექტორი; არ დაზიანდეს ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ, თუ გნებავთ ნატოსკენაც. ამ ურთიერთოების გარკვეულ დაბალასებაზე უნდა ვიფიქროთ. ეს რთული საქმეა, ამისთვის ქართული დიპლომატია არ პოლიტიკურად და რაც მთავარია, არც ინტელექტუალურად მზად არის. ამიტომ დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა ქართული დიპლომატიის სისუსტეა - ინერციით მიყვება ცხრა წლის წინ გაკვალულ გზას.

- გვეშველება რამე?

- შექმნილი რეალობა ქართულ დიპლომატიასაც აიძულებს, რომ ცოტა გონს მოეგოს. პრობლემატური საკითხები საჯაროდ განხილვის საგანი უნდა იყოს. არა ორწიგნწაუკითხავი ექსპერტებისა და ტელეთოქშოუების დონეზე, არამედ ჩართონ, აკადემიური, საუნივერსიტეტი წრეები, მეცნიერული პოტენციალი და ალბათ, გარკვეული ცვლილებებიც საჭიროა. თუნდაც ნინო ბურჯანაძის ბოლო ინიციტივა (რუსეთ- თურქეთისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის მშენებლობის შეთავაზება) განხილვასაც არ იმსახურებს? ეს ხომ დიპლომატიური ნონსენსია, ხელისუფლებამ წაუყრუა, ხოლო ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები ამას რუსეთის მიერ შემოგდებულ აგენტურულ იდეად მონათლავენ. ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ. მავთულხლართებმა ჭკუა ვერ გვასწავლა და ახლა ვნახოთ რამეს გვასწავლის თუ არა აფხაზეთთან დადებული და სამაჩაბლოსთან დასადები ხელშეკრულებები. ვშიშობ, რომ ჩვენთის ესეც საკმარისი არ იქნება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია