მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ომბუდსმენმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა - 12 დეკემბერი 2014

myrights.ge

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გასული წლის მსგავსად, პარლამენტმა გაიზიარა ომბუდსმენის რეკომენდაციების დიდი ნაწილი და სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა. დადგენილების მიხედვით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაუწევს. სახელმწიფო უწყებებს დაევალათ დადგენილებაში მითითებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში კომიტეტს 2015 წლის 1 მარტამდე წარუდგინონ.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღებული ვალდებულების ეფექტიანად განსახორციელებლად აუცილებელია, ომბუდსმენის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონიტორინგის დეტალური გეგმის შემუშავება. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებისას კომიტეტი მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის ერთჯერადად წარდგენის მოთხოვნით შემოიფარგლა, პარლამენტის დადგენილებით გაწერილი ვალდებულება შესაძლოა ფორმალობად იქცეს.

რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ არსებული შეუწყნარებლობის ფონზე, სახალხო დამცველი მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად თვლის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებას. მით უმეტეს, რომ კანონპროექტის მიღება საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობრივი მოსაზრებების ფონზე მიმდინარეობდა. კანონის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელების ორგანოდ სახალხო დამცველი განისაზღვრა, თუმცა აპარატმა კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსი რამდენიმე თვის დაგვიანებით მიიღო. სახალხო დამცველის აზრით, კანონის ეფექტური იმპლემენტაციისთვის აუცილებელია მასში გარკვეული სახის ცვლილებების შეტანა.

სახალხო დამცველი 2014 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესად აფასებს საქარ- თველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა (2014-2020 წლებისთვის) და შესაბამისი სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების შემუშავების პროცესი უფრო მეტი ჩართულობისა და გახსნილობის სურვილს ტოვებდა.

საანგარიშო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია შეკრებების დარბევას ან არაპროპორციული ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ. გაუმჯობესდა და შედარებით მრავალფეროვანი გახდა მედია გარემო.

მიმდინარე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად რჩება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომლის თანმიმდევრული იმპლემენტაცია უკვე აისახა პროპორციულ და გონივრულ სასჯელებზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაზე და სხვა“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

იხილეთ ბმული:

ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2014 წელი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია