ანუ, რატომ არ იხდიან „ამაში“ ფულს
myrights.ge
„XXI საუკუნის მონა = სტაჟიორი“ , - ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანასა და სტაჟირების ანაზღაურებას მოითხოვდნენ. აქცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. მათი თქმით, სტაჟირება შრომით ურთიერთობად და შესაბამისად სამუშაო გამოცდილება უნდა იქნეს მიჩნეული.
„სტაჟიორის ცნებას დღევანდელი შრომის კოდექსი საერთოდ არ იცნობს, ეს ადამიანები არიან შრომის ბაზარზე არალეგალურად დასაქმებულები. სტაჟიორები რეალურად დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებენ, თუმცა ეს სამუშაო გამოცდილებაში არ ეთვლებათ. როდესაც ისინი კერძო სტრუქტურებში მიდიან დასასაქმებლად მათ სამუშაო გამოცდილებას სთხოვენ, რაც რეალურად მათ არ გააჩნიათ. შეაბამისად, ვფიქრობთ, რომ სტაჟირება უტოლდება მონურ შრომას და მუშაობას“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წევრების თქმით, ისინი უახლოეს მომავალში საკუთარი კანონპროექტის პარლამენტში შეტანასა და დეპუტატებისათვის გაცნობას აპირებენ.
ამ პრობლემაზე ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის, მარიამ გოგიშვილის პოზიციას გთავაზობთ:
„ერთ-ერთ ოფისში გასაუბრებაზე მისულს, ძალიან საინტერესო სურათი დამხვდა. ფირმის გენერალურმა დირექტორმა ფურცლების ერთი დიდი დასტა ოფის-მენეჯერს მაგიდაზე დაუდო და დაუბარა, რომ ქაღალდებისთვის ნინოს მიეხედა. დაახლოებით სამ წუთში, პიარ მენეჯერმა ასევე ნინო მოიკითხა და დაიბარა, როგორც კი გამოჩნდება, ჩემს ოთახში შემოვიდესო. მას მოჰყვნენ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერები, რომლებსაც იმავე ნინოსთან უფრო სპეციფიკური ხასიათის დავალებები ჰქონდათ. როდესაც კადრების მენეჯერმაც გასაუბრებაზე მისულებს გამოგვიცხადა, პირველ ეტაპზე ნინო გაგესაუბრებათო, ყველამ მოწიწებითა და ინტერესით ვიკითხეთ: „კი მაგრამ ვინ არის ნინო?“ - პასუხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: „ნინო - სტაჟიორია“...
მითი პირველი - ერთ-ერთ გასაუბრებაზე დამსაქმებელს შევბედე და ვკითხე, სტაჟირება ანაზღაურებას თუ ითვალისწინებს–მეთქი, გაოცებულმა და ლამის შეურაცხყოფილმა მიპასუხა, რომ სტაჟირება სტაჟირებაა და „ამაში“ ფულს არ იხდიან.
რამდენიმე წლის წინ, ქართულ შრომის ბაზარზე მზის სხვივით რაღაც უცხო, დასაქმებასთან ახლოს მდგარი ვაკანსია „სტაჟიორი“ შემოიჭრა, რომელიც ასე განიმარტა – შტატგარეშე, ანაზღაურებადი სამუშაო, დასაქმების პერსპექტივით. შრომის ბაზარმა და ათასობით სამუშაოს მძებნელმა საზოგადოებამ „სტაჟიორი“ დიდი ზარ-ზეიმით მიიღო, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.
მითი მეორე - „დასაქმების პერსექტივა“. პერსპექტივას, რომ ხვალ თუ არა ზეგ დასაქმდები, თავის დროზე მაგიური ძალა ჰქონდა და სტაჟიორობის მიმზიდველობას ზრდიდა. დღეს ყველამ კარგად იცის, რომ „დასაქმების პერსპექტივა“ 100-დან 99 შემთხვევაში მითია! ვისაც გასაუბრებაზე საშუალება გქონიათ მეტი გაგეგოთ ამ ბუნდოვან სამომავლო პერპექტივაზე, გეცოდინებათ, რომ საუბარში საბედისწერო „თუ“ იკვეთება – „თუ“ ამას გააკეთებთ, მაშინ აუცილებლად დაგასაქმებთო. ამ საძულველი „თუ“-ს მერე ყოველთვის ისეთი მოთხოვნებია, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის ძალისხმევასა და ენთუზიაზმს დამატებული ერთი ოფისის ადმინისტრაციაც ვერ შეასრულებდა.
მესამე მითი ყველაზე საინტერესოა და ასე ჟღერს – „რაღაცას ხომ ვისწავლი?!“ აუნაზღაურებელ სტაჟირებას ყველა ნაკლები სერიოზულობით უყურებს; ითვლება, რომ განსაკუთრებულს არაფერს გააკეთებ, პროფესიონალების მუშაობას აკვირდები, ისწავლი და დაიხვეწები, ესეც ხომ საქმეა? სინამდვილეში, სტაჟირებისას ვინმე თუ ზის და სხვას უყურებს, მხოლოდ დამსაქმებელი სტაჟიორს. რასაკვირველია, ეს რაღაც კუთხით კარგიცაა – მართალია, ფულს არ გიხდიან, მაინც მუშაობ, საქმეს პრაქტიკაში სწავლობ, მაგრამ ყველაფერს ზღვარი და ჩარჩოები აქვს. ძალიან ხშირად, დამსაქმებლები სტაჟიორებს ავალებენ არამარტო იმას, რაც მათი კომპეტენციის ადამიანს შეიძლება დაეკისროს, არამედ სხვებისა და საკუთარ საქმესაც. მიზეზები ხშირად „საპატიოა“, მაგალითად ყავა ცივდება, „ფეისბუქზეა“ საჭორაო და ა.შ.
დიახ, „ნინო სტაჟიორია“, მაგრამ მე არ მინდა „დასაქმების პერსპექტივით“ შეპყრობილი „მარადი სტაჟიორი“ ვიყო. იქნებ დამსაქმებლები დაფიქრდნენ და სტაჟირებაზე კი არ თქვან უარი (დღეს ასეთი ტენდენცია შეინიშნება), არამედ სტაჟიორის შრომა შეაფასონ და „ნინო სტაჟიორია“ ღიმილს არ იწვევდეს!“