მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კომპანია „არემჯიმ“ საყდრისში სამუშაოები პროტესტის ფონზე განაახლა - 16 დეკემბერი 2014

„ძეგლი მარტო წარსული არ არის, ის აწმყოსა და მომავალშიც გრძელდება“   

myrights.ge

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანიაარემჯიმსაყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილებები მიღებული იქნა იმის საფუძველზე, რომ კანონის შესაბამისად, მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა.

დარჩენილი ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო, რასაც შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა ადასტურებს. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისობრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა. საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის გარშემო მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიის და სამართლებრივი დავის პროცესში კომპანიის პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ ვერთვებოდით სამეცნიერო დისკუსიაში. ობიექტის ისტორიული მნიშვნელობის და სტატუსის გარკვევა მიგვაჩნდა მეცნიერებისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პრეროგატივად, ხოლო სალიცენზიო უბანზე საქმიანობის წარმოების საკითხში სრულად ვექვემდებარებოდით სასამართლოს და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს. იმის გამო, რომ 2006 წელს სათანადო მეცნიერული არგუმენტაციისა და კანონით გათვალიწინებული პროცედურების დაცვის გარეშე, საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, „არემჯიმვერ შეძლო მოპოვებითი საქმიანობის წარმოება კუთვნილ სალიცენზიო უბანზე, რის შედეგადაც კომპანია იძულებული იყო ემუშავა მინიმალური დატვირთვით. ამის გამო ცენტრალურმა და ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალი, დაეცა ექსპორტის მოცულობა, შეიზღუდა კომპანიაში დასაქმებული პერსონალის და ზოგადად კაზრეთის მოსახლეობის შრომის პირობების და სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

საქმიანობის მოცულობის შემცირების პირობებში, იმისათვის, რომ წარმოება არ აღმოჩენილიყო ზარალიანი, კომპანიისთვის აუცილებელი იყო ამჟამად დასაქმებული პერსონალის 55%-ით შემცირება. თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო უმძიმესი ფინანსური ტვირთი და პრაქტიკულად სრულად შეინარჩუნა სამუშაო ადგილები, რითაც კაზრეთის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებს, ასევე მთლიანად სახელმწიფოს აარიდა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები და სოციალური აფეთქების საშიშროება.

მოცემულ სიტუაციაში, საქმიანობის დაწყების თითოეული დღით დაგვიანება დამატებით ათობით ათასი ლარის ზარალს აყენებდა კომპანიას. არსებობდა კომპანიის სრული გაჩერების საფრთხე, რაც, გარდა თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნისა, საწარმოო ციკლის იძულებით შეწყვეტის გამო, ქმნიდა მძიმე ეკოლოგიურ რისკებს.

კომპანია ადასტურებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომპანიისთვის პრიორიტეტული საკითხია. მიუხედავად იმისა, თუ რა დასკვნამდე მივლენ მეცნიერები საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვის ისტორიული ღირებულების შესახებ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტების დაცვა და სათანადოდ წარმოჩენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას დაგეგმილი აქვს დააფინანსოს და ეროვნულ მუზეუმთან ერთად ააშენოს ახალი არქეოლოგიური მუზეუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და შემდგომშიც ყოველმხრივ შეუწყოს ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შესწავლას“, - ნათქვამიაარემჯისმიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საყდრისის დაცვის კომიტეტი ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას აპროტესტებს. ამის მიუხედავად,   საყდრისი-ყაჩაღიანზე აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება პოლიციაც, რომელიც კომიტეტის წევრებს ობიექტთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. კომიტეტის წარმომადგენლის, ნინო მიქიაშვილის განცხადებით, საბადო უკვე ააფეთქეს და მას ბულდოზერებით ამუშავებენ. საყდრისის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს მოსახლეობის ნაწილიც აპროტესტებს.

თავის მხრივ, „ახალგაზრდა ადვოკატებიმინისტრს მიმართავს, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის მოხსნის ბრძანება გააუქმოს. ორგანიზაციამ ძეგლის სამართლებრივი სტატუსის შესახებ მომზადებული კვლევა და სარეკომენდაციო წინადადებები წარმოადგინა, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების შესწავლის შემდეგ მომზადდა.

ახალგაზრდა ადვოკატებისარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს მთავრობას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და სასამართლოში მოდავე მხარეებს, დაიწყოს გამოსავლის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა და ამ მიმართულებით მიღებულ იქნეს შემდეგი გადაწყვეტილებები:

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თავად უზრუნველყოს 2013 წლის 5 ივლისის სადავო ბრძანების გაუქმება, რომლის საფუძველზეც, საყდრის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი მოეხსნა;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის სრულმასშტაბიანი შესწავლა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით; სამინისტრომ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი, გადაწყვიტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის შემდგომი ბედი, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ, მას შემდეგ, რაც სამინისტროს მიერ გადაწყვეტილი იქნება ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი; მთავრობამ ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, მაგრამ მათი ზეგავლენისაგან თავისუფალ ვითარებაში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და სწორი სამართლებრივი ანალიზის პირობებში;

ორგანიზაცია მოუწოდებს საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებულ სასამართლოში მოდავე მხარეებს - მთავრობას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კომპანიაარემჯისადა ასოციაციამწვანე ალტერნატივას“ - ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, მიიღონ გადაწყვეტილება სასამართლო დავის მორიგებით დასრულების შესახებ“.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა, რომლითაც საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებით, არ დაირღვევა ინვესტორი კომპანიის სახელშეკრულებო უფლებები და არსებული ეკონომიკური ინტერესები.

კულტუროლოგი ლელა იაკობაშვილი ამბობს, რომ საყდრისის საბადო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება და ასე ხელაღებით სამუშაოების დაწყება სრულიად გაუმართლებელია. მისივე თქმით, გაუგებარია მეორე მხარის რაღაც არგუმენტი, რომ იქ თითქოს ოქროს არ მოიპოვებდნენ და .:

თუ იქ ადრე არაფერი მოიპოვებოდა, მაშინ არ მესმის, ახლა საბადოზე რას აკეთებენ? იქნებ ამ შეკითხვაზე პასუხი გაგვცენ. საყდრისში ბიზნესს რომ აწარმოებ, ეს ნიშნავს, რომ ადრეც მსგავსი რაღაცები ხდებოდა. მეორე თემაა, რომ როდესაც სოციალური სივრცე მიიჩნევს, რომ ეს არის კულტურული ძეგლი, ვიღაცებმა უნდა შეისმინონ, რადგან კულტურის ნიშნულები ერისთვის უმნიშვნელოვანესი რამ გახლავთ“.

რაც შეეხება სოციალური სივრცის პროტესტს, მთავრობის მხრიდან ეს შესმენილი არ იქნა და სამუშოების განახლების ნებართვა კულტურის სამისტრომ გასცა. ლელა იაკობაშვილის თქმით, ეს ძეგლი საკრალურ ადგილს რომც არ წარმოადგენდეს, ჩვენი სოციალური სივრცე მას თავისი კულტურის ნიშნულად მიიჩნევს, ასეთი ადგილები ჩვენს ისტორიულ მახსოვრობაში დევს და იგი დღესაც ცოცხალია:

მის მიმართ ადამიანები გაცილებით მგრძნობიარენი უნდა ვიყოთ და მასთან მიმართებაში ცოტა უკეთესად ვიქცეოდეთ. ჩვენს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს, გნებავთ მენტალობას, ისტორიულ მეხსიერებას სწორედ ეს კულტურულ ნიშნულები განაპირობებენ. ესენი ჩვენი საკრალური ტოპოსები, ადგილებია, რის მიმართაც ვდგინდებით, ჩვენი კულტურა სწორედ მის მიმართ განისაზღვრება; კულტურა მის მიმართ ჩვენი მომავლის პროექცირებასაც აკეთებს და აქ საეჭვო არაფერია. აბა, წარმოიდგინეთ, რომ ახლა ვინმემ გაგილანძღოთ რუსთაველი, რომელიც 90%- სკოლის მერე შეიძლება წაკითხულიც არ აქვს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ეს მისი კულტურული შემოქმედების ბრწყინვალე ნიშნულია. ამ რესურსს ნებისმიერი მოქალაქე გრძნობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს არ შევუბღალოთ და დავუკრგოთ ადამიანებს. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს სახელმწიფოებრივ ცნობიერებას ავნებს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ“.

.. საბიუჯეტო ინტერესების პრიმატთან დაკავშირებით კი ლელა იაკობაშვილი აღნიშნავს

„რასაკვირველია, სახელმწიფო ადამიანისთვის უნდა არსებობდეს და არა პირიქით. სახელმწიფო სტატისტიკურ მოქალაქეს უნდა იცავდეს, ჩემს კულტურას, უსაფრთხოებას, როგორც სასიცოცხლოს, ეკონომიკურს და ა.შ. ზედმეტად მაღალფარდოვანი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, სახელმწიფოს იმიტომ ვაგებთ, რომ ხვალ ჩვენც ვიყოთ დაცულები, შვილები, შვილიშვილები და ა.შ. სახელმწიფო ამისთვის მჭირდება და პირველივე ცდაზე ამ ბიუჯეტს არ უნდა გადამაყოლონ. ასევე იქვე გვერდით მცხოვრები ადამიანები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ვის ჭირდება ასეთი საბიუჯეტო ინტერესი? უნდა გავიგოთ, რომ კულტურა ჩვენი სასიცოცხლო სივრცეა და თუ ეს არ გვებადება, ჩვენ სხვა აღარაფერი გვექნება. ძეგლი მარტო წარსული არ არის, ის აწმყოშიც გრძელდება და მომავალშიც განვითარდება“.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია