„ნაგავში ვცხოვრობთ და იქაც კი არ გვაჩერებენ“
myrights.ge
ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები ალტერნატიულ ფართს ითხოვენ. 250-მდე ოჯახმა გასახლების შესახებ მოწმობა დევნილთა სამინისტროსგან მიიღო, რომლის თანახმად შენობა უნდა დაიცალოს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გაყვანა დროებითია და გარემონტების შემდეგ მათ უკან დააბრუნებენ, მანამდე კი, სახელმწიფო ქირის საფასურს, თვეში 300 ლარს გადაიხდის. ჰოსპიტალს მცხოვრებლები აღნიშნულ ამ დაპირებას არ ენდობიან.
ამ დღეებში, დევნილებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დევნილები დაშლას არ აპირებენ და მთავრობის მხრიდან მეტ ყურადღებას ითხოვენ.
„შემოგვათავაზეს, რომ სამი თვის განმავლობაში ოჯახს გადაგვიხდიან 300 ლარს ქირისთვის, მაგრამ წარმოუდგენელია ასეთ მცირე დროში ვიპოვოთ ბინები ერთბაშად ამდენმა ადამიანმა და გავიდეთ ქირით. ასევე გვეუბნებიან, რომ ამ სამი თვის მერე თბილისში ჩაწერილ დევნილებს აქვე დაასახლებენ, ხოლო რეგიონებში ჩაწერილებს დაასახლებენ ვაზიანში. მათ მიერ შემოთავაზებული პირობები კარგია, მაგრამ არ გვჯერა, რადგან რამდენჯერმე მოგვატყუეს და ჩვენ მათი აღარ გვჯერა. კიდევ ვიმეორებთ, რომ წარმოუდგენელია ასეთ მცირე დროში ბინის პოვნა. ჩვენ გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები, ვართ მრავალშვილიანი ოჯახები და ძნელია ასეთ დროს ქუჩაში დარჩენა“, - განაცხადეს დევნილებმა.
მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტლის ტერიტორია კერძო პირზეა გაყიდული და ამიტომ ახორციელებენ ამ ჰოსპიტლიდან დევნილების გამოსახლება. როგორც მათ განაცხადეს, პოლიციამ მათ ოქმზეც ხელის მოწერაც მოსთხოვა, რომ გამოსახლების პროცესში მათგან ხელისშეშლა არ მოხდებოდა.
მანონ აბრამიშვილი: „ბინებიდან გამოსახლებას ვაპროტესტებთ, ამ ზამთარში მაინც დავეტოვებინეთ და მერე დაეწყოთ ეს პროცესი; უკვე დავიღალეთ, მერამდენეჯერ უნდა ავიყაროთ, ბავშვებიანად ქირით ბინებში ვინ შეგვიშვებს?“
მაია პაპიძე: „გვითხრან მაინც, სად უნდა წაგვიყვანონ; ჩვენი ბავშვები ორი წელია აქ დადიან სკოლაში და ასე ნაუცბათევად სხვაგან ვინ მიიღებთ“;
ქეთევან ჭეიშვილი: „საბოლოოდ სად უნდა ვიცხოვროთ, რეალურ დაპირებას არავინ გვაძლევს. ღამე ქუჩაში გავათენოთ, თუ რა ვქნათ? ნახეთ, ისედაც რა პირობებში გვიწევს აქ ყოფნა, ნაგავში ვცხოვრობთ და იქაც კი არ გვაჩერებენ“;
ლელა ხაჩიბაია: „გვითხრეს, ბინები სასწრაფოდ უნდა დატოვოთო. აბსურდია, რომ ვინმემ ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. გადავკეტავთ გზებს, ბავშვებს რომ გადაუარონ, მაინც არ დავტოვებთ ბინას; საკუთარი ფეხით აქედან არ გავალთ, რადგან რეალურ ალტერნატიულ ფართს არ გვთავაზობენ“;
ნანი კუჭავა: „ქირით გაყვანას გვპირდებიან; ბევრი დევნილი ამ გზით გაუყვანიათ კიდეც, ამ დევნილებს ორი და სამი თვე უხდიდნენ ბინის ქირას, ზოგიერთისთვის საერთოდ არ გადაუხდიათ. ეს ადამიანები ისევ უკან მობრუნდნენ და დღემდე აქ სამხედრო ჰოსპიტალში ცხოვრობენ. წავალთ, როცა საკუთარ ფართს, ჭერს მოგვცემენ, რომელსაც თავს შევაფარებთ. ქირით ვერ გადავალთ, რადგან ორი თვის შემდეგ ისევ ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდებით“;
მერაბ ქვილითაია: „ალტერნატიული კომპენსაცია შემომთვაზეს, როგორ არა, მაგრამ ერთი კოტეჯი და ერთი კომპენსაცია რაში მეყოფა? უარი ვთქვი, რადგან 18-სულიან ოჯახზე ეს არაფერში მეყოფოდა. სხვა საშუალებაც არაფერი გამიჩინეს და ისევ აქ, ყოფილი ჰოსპიტლის შენობაში დავრჩით“.
ამ ფონზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ „ჰოსპიტალში მცხოვრებ ყველა დევნილს დაწერილი აქვს განცხადება და ისინი გავლენ ქირით, რის შემდეგაც სამინისტრო გაარემონტებს შენობას და კვლავ დაბრუნდებიან უკვე გარემონტებულ შენობაში“. მისივე თქმით, ჰოსპიტალიდან გამოსახლებას არც ერთი დევნილი, რომელიც იქ ცხოვრობს, არ აპროტესტებს:
„ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ ყველა დევნილთან ჩვენ ინდივიდუალურად ვიმუშავებთ. ყველა მათგანს დაწერილი აქვს განცხადება. ისინი თანახმა არიან გავიდნენ ქირით იმიტომ, რომ ეს შენობა არის უსაშინლეს მდგომარეობაში. იქ ცხოვრება შეუძლებელია. ამ შენობას ჩვენ გავარემონტებთ და უკან შევიყვანთ ისევ ამ ადამიანებს“.
მისივე თქმით, ჰოსპიტალიდან დევნილების გამოსახლებას „ვინც აპროტესტებს, ისინი არ არიან დევნილები“: „ისინი ვინც გამოსახლება აპროტესტებს უმრავლეს შემთხვევაში არიან სოციალურად დაუცველები, რომლებიც შეჭრილები არიან, ან არის 2-3 დევნილი, რომელიც იქ არ ცხოვრობს, მაგრამ უნდა რაღაც თემა ააგოროს. 60-ზე მეტი ოჯახია ჰოსპიტალში და ყველას დაწერილი აქვს ჰოსპიტალში თავისი ნებით“.
მისივე თქმით, გამოსახლებულებს ქირას სამინისტროს დაუფარავს. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, როგორც სუბარი აცხადებს, სოციალურად დაუცველებთან მუშაობს მერია „და ისინიც გამონახავენ გამოსავალს, თუ როგორ გაიყვანონ ისინი“.
დევნილთა უწყების ინფორმაციით, სამინისტროში მომზადებულია აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მოცულობა 4,2 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ ობიექტზე დევნილებს 160 ბინა გადაეცემა.
დევნილების საკითხს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენი თბილისის მერიას და ისნის რაიონის გამგეობას მოუწოდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების უსახლკარობის ფაქტი შეისწავლონ და მათ დაეხმარონ. სახალხო დამცველისვე განცხადებით, აუცილებელია დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მოლაპარაკებები გააგრძელოს იმ დევნილებთან, რომლებიც ამ ეტაპზე შენობის დატოვებაზე უარს აცხადებენ, რათა პროცესი კანონის დაცვით განხორციელდეს.
ღამდება, როცა სამხედრო ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიას ვტოვებ. ჰოლბრუკის ქუჩაზე ისევ საპატრულო პოლიცია მორიგეობს, რომ ვითარების კიდევ ერთი გართულება, თუნდაც გზის გადაკეტვა არ დაუშვას. ეზოში შესასვლელთან კი დაცვის პოლიცია მორიგეობს. ვინც სამინისტროს წინადადებას დათანხმდა, ნელ-ნელა ტოვებს სამხედრო ჰოსპიტლის შენობას. დანარჩენები, უმეტესად სოციალურად დაუცველები აქ რჩებიან და მომავალს შიშის თვალით უყურებენ. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ როგორც უკვე აქედან გასულების ბინით დაკმაყოფილების საკითხს, ასევე, სოციალურად დაუცველების პრობლემის გადაწყვეტას. დედაქალაქის მერიამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ეს ადამიანები ცივ ზამთარში უკვე მერამდენეჯერ ღია ცის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.