myrights.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია პატრიოტის ინიციატივით, თბილისში, ქართველმა, უკრაინელმა და აზერბაიჯანელმა ომის ვეტერანებმა საერთაშორისო გაერთიანება ჩამოაყალიბეს. ლიდერების განცხადებით, მეომრების ამ ინტეგრაციულ სულისკვეთებას მთავრობებიც აჰყვებიან და შორს არ არის ის დრო, როდესაც საერთო მტრის წინააღმდეგ ე.წ. მინი-ნატო ჩამოყალიბდება. გაერთიანების შემოქმედის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, თბილისის შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად უკრაინელი მებრძოლები წინა ხაზიდან დროებით მოიხსნენ. მათ შორის ისინი, ვინც 20 წლის წინ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.
„ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია პატრიოტმა“ აზერბაიჯანელ კოლეგებთან კავშირი ჯერ კიდევ აგვისტოში დაამყარა. ვიზიტი განხორციელდა აფშერონის რეგიონში და მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებებიც დაისახა. „აზერბაიჯანელ წამებულ ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის“ წარმომადგენლები თბილისს საპასუხო ვიზიტით ესტუმრნენ.
იაშარ მაგერამოვი, აზერბაიჯანელ ვეტერანთა კავშირი: „აზერბაიჯანელებს, ქართველებსა და უკრაინელებს საერთო პრობლემები გვაქვს, რომლის მღვრიე სათავე მოსკოვში, კრემლშია. ამ გამოწვევებს მხოლოდ ერთობლივად გადავწყვეტთ. 1992 წელს, 366-ე რუსულმა არმიამ დასახლება ხოჯალიში ცოცხალი არავინ დატოვა, ქალებსა და ბავშვებს არ ინდობდნენ. დღემდე ვერ ვხვდებით, ასე დაუნდობლად რატომ გვანადგურებდნენ. ჩვენ სიცოცხლე, ქვეყნის გაერთიანება გვინდა, ერთად თუ დავდგებით, ყველა პრობლემას მოვაგვრებთ, წართმეულ მიწებს დავიბრუნებთ“.
დოდო გუგეშაშვილის ინფორმაციით, ლეგენდარული უკრაინული „უნა უნსოს“ ერთ-ერთი მეთაური, პოლკოვნიკი ვალერი ბობროვიჩი აფხაზეთში მძიმედ დაჭრის შემდეგ გარკვეული პერიოდი პროცესებიდან გამოთიშული იყო; შემდგომ წლებში, საქართველოში დაბრუნდა და უკვე ქართველ პარტიზანებთან ერთად იბრძოდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ახლახან საოპერაციო მაგიდას თავი დააღწია თუ არა, მაშინვე თბილისში ჩამოვიდა.
ვალერი ბობროვიჩი: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ არიან ქართველი ოფიცრები, რომლებთან ერთადაც რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ვიბრძოდი. 1992-93 წლებში უკრაინაში გვეკითხებოდნენ, რატომ მიდიხართ ასეულობით კილომეტრის მოშორებით, საქართველოში საომრადო. ვპასუხობდით, რომ საქართველოში ამ ქვეყნისთვის და ასევე უკრაინისთვის მივდიოდით. დღესაც ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება არის საჭირო; მაგრამ ნიანგთან ვერ მოილაპარაკებ, ის უნდა მოკლა. პოლონეთის ლიდერმა სწორად თქვა - რუსები უკრაინაში იქამდე მივლენ, სადამდეც თავად უკრაინელები მიუშვებენო, მათ ჩვენ მხოლოდ გათხრილ საფლავებამდე მივუშვებთ.
ნატოს ბლოკის პატივისცემის მიუხედავად, ტეხასელი და კალიფორნიელი ბიჭები საქართველოსა და უკრაინის დასაცავად აქ არ მოვლენ. ჩვენი დაცვა, მხოლოდ ჩვენივე პირდაპირი მოვალეობაა. რადგან ნატო არ გვიცავს, სასწრაფოდ ჩვენი პატარა ნატო უნდა ჩამოვაყალიბოთ.
უკრაინაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე 6 ათასზე მეტი რუსი დამპყრობელი არის მოკლული. საუბარია ელიტურ დანაყოფებზე, რომლებიც ოდესამდე და კიევამდე მისვლას ლამობდნენ. მაგრამ მათი ტანკები შორს ვერ წამოვიდნენ, ეკიპაჟთან ერთად ჩაიწვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომისას, მხოლოდ ჩვენი, უკრაინული ნაციონალისტური თავდაცვის ოფისში, ორი დღის განმავლობაში 3200 განცხადება შემოვიდა საქართველოში გამგზავრების თხოვნით. უკვე თვითონ რუსეთში მცხოვრებნი ფიქრობენ, რომ კრემლი უკრაინაში კბილებს წაიმტვრევსო. მართლაც, უკრაინაში მარტო თადარიგის არმია ასი ათას კაცამდე შეიკრიბა. მოსახლების გამოკითხვის შედეგად 97%-მა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპაციის შემთხვევაში, ყველა იარაღს აისხამს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს 15-20 წლის განმავლობაში სისხლიანი პარტიზანული ომი ელის.
დღეს ჩვენს მთავრობებს რაღაც მკვეთრი სვლების გაკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ არსებობს მძლავრი სახალხო დიპლომატიის ცნება. ჩვენ, ომის ვეტერანები თუ გავერთიანდებით, მთავრობებიც, ადრე თუ გვიან, წამოგვყვებიან. დღეს პოლონელებიც კი ხვდებიან, რომ უკრაინის შემდეგ რიგში ისინი დგანან, ჩრდილოეთის ურდო არ გაჩერდება, სანამ გიბრალტარს არ მიაღწევს. დიდება ერს, სიკვდილი მტერს (ვალერი ბობროვიჩი ბოლო წინადადებას ქართულად წარმოთქვამს)!“
იგორ მაზური, ჯერ აფხაზეთში იბრძოდა და დღეს უკრაინის ფრონტზე; საქართველოდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ წესიერად მკურნალობის საშუალებაც არ მისცეს; მეტიც, დააპატიმრეს და ნახევარი წელიწადი ციხეში გაატარა. მას შემდეგ, რაც მისი თანამებრძოლები „მერარჯვენე სექტორიდან“ რადის დეპუტატები გახდნენ, ციხიდან გამოიყვანეს. ახლა დონეცკის აეროპორტს იცავს სეპარატისტებისა და რუსების გააფთრებული შეტევებისგან.
იგორ მაზური ამბობს: „თავის დროზე, ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შედეგად დაეცა სოხუმი. ახლაც ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა დონბასში გამოვაცხადოთო; რუსები ცოტა გადაიღალნენ და ამისკენ მოგვიწოდებენ. ვიცით, რომ ჩვენ ასეთ შეთანხმებას არ დავარღვევთ, მაგრამ ათი დღის ან ერთი თვის შემდეგ ისინი ამ პირობებს აუცილებლად დაარღვევენ. ამიტომ არ ვართ ე.წ. ხელშეკრულების მომხრე და ომის გაგრძელებას მხარს ვუჭერთ. გვინდა ის გაგრძელდეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანოთ. თათრეთი, ბაშკირეთი, შორეული აღმოსავლეთი პუტინისგან, კაგებესგან დაღლილები არიან და ვფიქრობ, 2015 წელი გარდამტეხი იქნება, როცა კრემლის ძაღლები ბოლოს და ბოლოს მარცხს მარცხზე მიიღებენ და მოსკოვის სათავადო ისევ ორასი კილომეტრის რადიუსს გაუტოლდება. ისინი მსოფლიოს ბირთვული ღილაკით ემუქრებიან, მაგრამ ყველას ესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფების მილიარდები უცხოეთშია, მათი შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ და ამ წითელ ღილაკს ხელს არაფრით დააჭერენ. ისინი უფრო პუტინს მოკლავენ, ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამენ.
დღეს ბელორუსშიც კი უკამყოფილონი არიან, თუ როგორ იწმენდს პუტინი მათზე ფეხებს. ბელორუსებიც გაიხსენებენ, რომ ნაციას წარმოადგენენ და ამის შემდეგ ჩვენ ბალტიისპირულ- შავიზღვისპირა-კასპიური კავშირი გვექნება, ამ შემთხვევაში თვით ნატოც კი ანგარიშს გაგვიწევს.
და ბოლოს, ყველას მოგეხსენებათ, რომ შასტიაში ბატალიონ აიდარის ქართველი მეომარი, ალეკო გრიგოლაშვილი გმირულად დაიღუპა - დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!“
„მემარჯვენე სექტორის“ ლიდერის, დმიტრი იაროშის მოადგილე, ანდრეი შამასკინიც ფრონტის ხაზიდან დროებით მოიხსნა და თბილისში ჩამოვიდა:
„ოცი წლის წინ, საქართველოში ომი რომ მიმდინარეობდა, ჩვენ ეს უცნაურად გვეჩვენებოდა, რუსეთს მეგობრალ ვთვლიდით. არადა, ჩვენი ომი იმპერიასთან საუკუნეები გრძელდება. ეს ისტორია თუ არ ვიცით, კიდევ და კიდევ მოგვიწევს შეცდომების დაშვება და ტრაგედიების თვიდან გადატანა. მემატიანე გვაძლევს ძარღვს, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ და გავძლიერდეთ. ყველა ჩვენი ქვეყანა ამ ძირმომპალ იმპერიამდე დიდი ხნის წინ არსებობდა, რომლის წინააღმდეგაც დღეს ვიბრძვით. ჩვენ არ გვაქვს იმპერიული ნაციონალიზმი, რომელიც რუსებს აქვთ. მათ რომ იცხოვრონ, აუცილებლად ვინმე უნდა გადაყლაპონ, ჩვენ საკუთარ ნაციონალიზმზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ვიცხოვროთ, გვჭირდება, რომ პატივი გვცენ და მშვიდად განვვითარდეთ. ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ“.
სტუ-ს სააქტო დარბაზში ამ შეკრებისა და გამოსვლების ფონზე, თავდაცვის სამინისტრო აკეთებდა ოფიციალურ განცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ალეკო გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს წინა ხელისუფლებას ეკისრება და ქართველი მებრძოლები ვიღაცების პროვოკაციულ მოწოდებებს არ უნდა აყვნენო. ამ განცხადებას ქართული საზოგადოების მხრიდან ისეთი ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა, რომ სჯობს აქ უკომენტაროდ დავტოვოთ.