„ყარაბაღში ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი საქართველოზე გავლას შეეცდება“
myrights.ge
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება არ არის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელზეც რუსეთის ფედერაცია საუბრობს, არამედ ეს ფუნდამენტურად ცვლის რეგიონში სიტუაციას. „ეს მუშაობა დაწყებული იყო მანამდე, სანამ აფხაზეთთან ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა. ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ მივიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალურად დეტალურად ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს არ არის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელზეც საუბრობს რუსეთის ფედერაცია, არამედ ეს ფუნდამენტურად ცვლის რეგიონში სიტუაციას. ეს არის გამოწვევა, უსაფრთხოების კუთხით, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ამ თემაზე მიდის სერიოზული დიალოგი ყველა დონეზე და ყველა შეხვედრის დღის წესრიგში არის ეს საკითხი“, - აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.
მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე კონფერენციის გამართვასაც გეგმავს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საჭიროა მეტი დისკუსია და ჩართულობა.
რეგიონის ახალ რეალობაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თენგიზ სიგუას ვესაუბრებით.
- ამ სამოკავშირეო ხელშეკრულებით რუსეთი უფლებას იღებს სამხედრო ქვედანაყოფები როგორც უნდა ისე განათავსოს აფხაზეთში და ხელმოწერის შემდეგ სამხრეთ ოსეთშიც; რამდენიც მოესურვება, იმდენ საჯარისო ნაწილებს შემოიყვანს. ამ ფონზე, ყველაზე საშიში ის არის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია იძაბება. ღმერთმა არ ქნას და თუ იქ ყარაბაღის გამო ომი დაიწო, რუსეთი აუცილებლად საქართველოზე გადავლას შეეცდება; სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ბაზა გიუმრიში აქვს და მის მოსამარაგებლად ჩვენზე უნდა გაიაროს; მსუბუქ შეიარაღებას თვითმფრინავებით მიაწვდის, მაგრამ მძიმე შეიარაღებას ჩვენ არ ვატარებინებთ და ამ შემთხვევაში არც გვკითხავს, ისე თავისთვის გზას გაიხსნის. ვითარების გართულების შემთხვევაში, ეს საშიშროება ნამდვილად არსებობს. აზერბაიჯანმა ერთადერთი რუსული ბაზა გააუქმა, ჩვენთან რამდენი ხანი გაყვანილია და რუსეთი დღეს გიუმრიში და აფხაზეთ-სამაჩაბლოში არის წარმოდგენილი.
- აფხაზური რკინიგზის გახსნაზე საუბრები რა ჭრილში უნდა განვიხილოთ?
- აქ უფრო რუსულ-სომხური ინტერესების გადაკვეთაა. რკინიგზა რომ გაიხსნას, მისგან საქართველოს სარგებელი მაქსიმუმ 10%-ია. ისევ ის ინტერესია, რომ რუსეთმა სომხეთს, მათ შორის სამხედრო ტვირთები მიაწოდოს. სადღეისოდ სომხეთს ძალიან უჭირს მძიმე ტვირთების მიღება, რადგან რუსეთთან უშუალო სახმელეთო კავშირი არ აქვს, ასეთ ტვირთებს ძირითადად საქართველოდან იღებენ - ხორბლისა და ნავთობპროდუქტებს დაახლოებით 83-85%-ს ფოთიდან და ბათუმიდან, 15-17% -ს ირანიდან. თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველოდან სომხეთი მოკეტილია, ეს ტვირთები რომ შევწყვიტოთ, ორ კვირაში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ხორბალი გამოელევა. ირანს ზღვით შეუძლია ტვირთების მიღება, მაგრამ ძალიანაც რომ უნდოდეს, მისი პორტიდან სომხეთამდე რკინიგზა ისეა გაატვირთული, რომ მოცულობას ვეღარ მოუმატებს. ამიტომ მძიმე ტვირთების მიღების მხრივ სომხეთი ჩვენზე ძალიან არის დამოკიდებული. მაგრამ სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მძიმე მდომარეობაში აღმოვჩნდებით, რუსეთი აუცილებლად შეეცდება სახმელეთო გზის გახნას გიუმრიმდე.
- ამის გათვალისწინებით, რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ქართულმა მხარემ?
- რასაკვირველია, ლანძღვა-გინებას უნდა მოვეშვათ. კიდევ კარგი, ევროპა, შეერთებული შტატები ჩვენს მხარესაა, რაც ძალიან გვშველის. მაგრამ ვიმეორებ, რუსეთი ითავხედებს, რადგან დღეს ძალიან შეშინებულია. წარმოვიდგინოთ რა სურათი იყო 20-25 წლის წინ, ნატო-რუსეთის საზღვარი შუა ევროპაში გადიოდა, დღეს რუსეთამდე მოვიდა; უკრაინა რომ საბოლოოდ დაკარგოს, უკვე მოსკოვს მიუახლოვდება ალიანსის საზღვარი. ამასთან, ნატომ კავკასიაში, საქართველოში შეიძლება მნიშვნელოვანი შეიარაღება შემოიტანოს, აქ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა დადგას, რაც რუსეთს ასევე ძალიან აშინებს. მაგრამ უნდა ეშინოდეს კიდეც, რადგან ბოლო დროს მათ თავხედობას საზღვარი არ აქვს. არადა, ნატო-აშშ-ს და რუსეთის ჯამური შეიარაღება რომ შევადაროთ, ერთმანეთთან ახლოსაც ვერ მივა. რუსეთის წლიური სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 70 მილიარდი, მარტო შეერთებული შტატების კი 720 მილიარდია; ამასწინათ ძირითადი შეიარაღების პარამეტრები შევაგროვე - ფლოტი, ავიაცია, სახმელეთო შეიარაღება და სხვაობა ფანტასტიკურია. ამიტომ, წარმოუდგენელია დღვანდელ რეალობაში რუსეთს რის იმედი აქვს.
ერთადერთი, რისიც ევროპას ეშინოდა, მოსკოვის ბირთვული არსენალია. ჯერ კიდევ პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისს 4-5-ჯერ შვეიცარიაში ვიყავი და იქ მოსახლეობასაც შევხვდი; ეშინოდათ, რადგან მესამე მსოფლიო ომი ატომური იარაღის გამოყენებით დაიწყებოდა. ერთ კვირაში რუსეთი განადგურდება, მაგრამ მათ ეშინიათ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი ბირთვული ქობინების გამო, შეუძლია დაარტყას პარიზს, ბრიუსელს, ლონდონს... შვეიცარიაში ყველა მოსახლეს სარდაფები ჰქონდა გაკეთებული ამ რუსული ბირთვული საშიშროების გამო. ასევე, ორი კვირის საკვები, წყალი და მედიკამენტები ჰქონდათ მომარაგებული. ბოლოს რომ ჩავედი, მგონი 1993 წელი იყო, უკვე ეს აღარ ჰქონდათ, რადგან ეს საშიშროება თითქოს მოიხსნა. მაგრამ ახლა შვეიცარიაში დავრეკე და მითხრეს, რომ ისევ განაახლეს მარაგების მომზადება. ე.ი. ისევ ცივი ომის მდგომარეობა იქმნება.
- „ჩვენ რა უნდა ვქნათ, ჩვენ“...
- მაქსიმალურად ფრთხილი პოლიტიკა, მაგრამ დასავლეთთან დაახლოება გვჭირდება, სხვა შემთხვევაში დაღუპულები ვართ. თუ დაგვიცავს, ისევ დასავლეთი, მაგრამ ვინმეს ლანძღვა-გინებას უნდა შევეშვათ.
- მაგრამ სადღეისოდ ნატოს მხრიდან სამხედრო მხარდაჭერა რამდენად წარმოსადგენია?
- ვიმედოვნებ, რომ გულხელდაკრეფილები არ იქნებიან. ამასწინათ გერმანია დაგვეხმარა, ნატო- აშშ-ც ამას გვპირდებიან. თავის ჯარს კი არ შემოიყვანენ, ტექნიკას, იარაღს გვაძლევენ. ამავე დროს, ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს საწვრთნელი ბაზა იქმნება და რუსული აგრესიის შემთხვევაში, ალიანსს სრული უფლება ექნება დაიცვას საკუთარი სამხედრო ბაზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსები ისე არიან გათავხედებულები, რომ მათგან ყველაფერი მოსალოდნელია.
ალბათ დააკვირდით, ავსტრალიაში ოცეულის სამიტის მიმდინარეობისას რა უქნეს პუტინს. სადილი ოთხ-ოთხ კაციან მაგიდებზე იყო გათვალისწინებული, პუტინთან არავინ დაჯდა. ისე გაბრაზდა, რომ ადგა, პირდაპირ აეროპორტში გაქანდა და უკან გამოფრინდა; არც საბოლოო შეხვედრაზე დარჩენილა. დაბოღმილი პუტინი შეიძლება ისეთ ნაბიჯზე წავიდეს, რუსეთისთვისაც რომ არანორმალური იქნება. ისედაც რთულ მდგომარეობაში არიან - რუბლი დავარდა, ბანკები მძიმე მდგომარეობაშია, ეროვნულმა ბანკმა ოპერაციები საერთოდ მიატოვა, ყველა ტუროპერატორი გაკოტრდა, ტურიზმი 60%-ით არის შემცირებული; ეკონომიკა თითქოს ძლებს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ერთ-ორ წელიწადში ჩაიძირება. ასეთ დროს რას მოიმოქმედებს ეს დაბოღმილი ხელმძღვანელი, ცოტა ძნელად წარმოსადგენია.