"ოც წელზე მეტია ლეგიტიმური უმაღლესი საბჭო დედაქალაქში ყოველგვარი ცვლილების გარეშე არსებობს"
myrights.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ დევნილი აფხაზი ახალგაზდების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ახალგაზრდებმა აფხაზეთის მთავრობის წევრებს მახათი გაუგზავნეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მთავრობის წევრები უკვე 23 წელია უსაქმურად სხედან.
„მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ სრულიად უკანონოდ გააუქმა უმაღლესი საბჭოს არჩევნები და დაარღვია დევნილი ხალხის უფლებები, რომ მათ ჰქონდეთ არჩევანის უფლება, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლობა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის ხელმძღვანელმა ბესიკ ექსეულიძემ.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა განხორციელდეს საკანონდებლო ცვლილებები და დაინიშნოს არჩევნები. „დაობებული მთავრობა, მონები, ჩვენ არ ვიქნებით მონები, ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი“, - ასეთი შეძახილები ისმოდა აქციის მსვლელობისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ კანონმდებლობით არჩევნების ჩატარების უფლება არ აქვთ. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ გამახარიამ განაცხადა, საქართველოს არსებული კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ არჩევნების დანიშვნა მოხდეს.
„ჩვენ გვესმის ახალგაზრდების სურვილი, მათ სჭირდებათ ასპარეზი, საქართველოს არსებული კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლება, ჩვენ ავირჩიოთ კახეთში, ავირჩიოთ თბილისში, ზუგდიდში და ასე შემდეგ, კანონმდებლობა ამის არავითარ საშუალებას არ იძლევა. საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს, ან დანიშნოს არჩევნები, ან რაღაც ზომები განახორციელოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რომელიც აქციის წევრებს აქვთ“, - აცხადებს ჯემალ გამახარია.
მისივე თქმით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აღდგა უმაღლესი საბჭო და ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობა: „ჩვენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, ვერანაირ ცვლილებას, იმ კანონში ვერ შევიტანთ. ეს ჩემს უფლებამოსილებას სცილდება. ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია ამ ორგანოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენ არც საარჩევნო კანონები გაგვიუქმებია, იმიტომ რომ ჩვენ ეს აღდგენის დღიდანვე არ გვქონდა. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს ორგანოები მოქმედებენ, აფხაზეთში დაბრუნებამდე და იქ არჩევნების ჩატარებამდე. ამაში რაიმე ცვლილების შეტანის უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია“.
ჩვენთან საუბრისას, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილი უშიშროების მინისტრი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების განახლება კარგი იქნებოდა, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაში არჩევნების გამართვა წარმოუდგენელია. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში აფხაზური დეპუტაციის გაუქმებაც შეცდომა იყო, რადგან მუდმივი როტაცია და მისი განახლება ხდებოდა.
"არ ვიცი პრეცენდენტი, პოლიტიკურ წარმონაქმნს სამოქმედო ტერიტორია არ ჰქონდეს და ქვეყნის დანარჩენ მიწებზე დევნილმა მოსახლეობამ არჩევნები ჩაატაროს. თუ კანონმდებლობაში ამას გარკვეულ ფორმას მივცემთ, შესაბამის ცვლილებებს შევიტანთ, ალბათ შესაძლებელი იქნება ამ საკითხზე რეალური მსჯელობა. ეს საერთაშორისო სამართლის იურისტების გადასაწყვეტი საქმე იქნება. საკითხი აქტუალურია, რადგან ოც წელზე მეტია ლეგიტიმური უმაღლესი საბჭო დედაქალაქში ყოველგვარი ცვლილების გარეშე არსებობს; თავად დეპუტატთა ნაწილს უკმაყოფილება აქვს, რომ ხელფასს იღებენ და უმოქმედოდ არიან, საკუთარ პოტენციალს სათანადო რეალიზებას ვერ უკეთებენ. ამიტომ ყველაზე ერთნაირად ვერ ისაუბრებ, არიან ისეთებიც, აქტივობას ნებისმიერ გარემოებაში რომ ახერხებენ, ხოლო უმოქმედო დეპუტატები საქართველოს პალამენტშიც მრავლად გვყავს.
მთლიანობაში, მომხრე ვარ, რომ დევნილთა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ფუნქციონირებდეს. თავად ვიყავი ამ სტრუქტურებში, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვმუშაობდი. მაინც დადებითი მოვლენაა, დევნილები ერთად არიან, განცდა აქვთ, რომ ადრე თუ გვინ აფხაზეთში დაბრუნდებიან, მათი საქმიანობა სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული. გარწმუნებთ, რომ ასეთი განწყობა ბევრ რამეს ნიშნავს; ისინი ოჯახის წევრებით ერთად არიან და მომავალს მაინც იმედის თვალით უყურებენ. მათი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება აუცილებლობას წარმოადგენს; როდესაც აფხაზეთში დავბრუნდებით, საქმის მცოდნე პროფესიონალები საძებნელი არ გაგვიხდება. გარკვეული ცვლილებები ლეგიტიმური სტრუქტურების შიგნით, ახალი, ენერგიული კადრების მოზიდვა, ლეგიტიმურ ხელისუფლებას დადებითად წაადგება.
ამასთან, შეცდომად მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის კვოტები წარმოდგენილი აღარ არის. ამის მიზეზიც ის გახდა, რომ მსგავსი წარმომადგენლობის უვადოდ არსებობა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული არ არის. მაგრამ ჩვენი რეალობის გააზრებით, პრეცენდენტი უნდა გაეთვალისწინებინათ და დაეშვათ, ამ შემადგენლობის განახლება ხდებოდა და დეპუტაცია საქმეს კარგად ართმევდა თავს. ეს როტაცია არ ხდება ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურებში, 20 წლის მანძილზე ერთი და იგივე ხალხი მუშაობს. ამიტომ ახალგაზრდების პოზიცია გარკვეულწილად მისაღებად უნდა მივიჩნიოთ; მაგრამ არსებული კანონმდებლობის რეალობის გათვალისწინებით, ვერ წარმომიდგენია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გაფანტულმა დევნილმა მოსახლეობამ საკუთარი წარმომადგენლობა როგორ უნდა აირჩიოს“, - ამბობს ლევან კიკნაძე.