„ადგილობრივი საკითხები უნდა გადაწყვიტოს თვითმმართველობამ და არა მაჟორიტარმა“
myrights.ge
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემა ყველაზე უფრო ცუდი საარჩევნო სისტემაა. მისი აზრით, მაჟორიტარული სააარჩევნო სისტემა პოლიტიკურ განწყობას ვერ ასახავს და საჭიროა შერეული სისტემიდან მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
„მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი სისტემაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პოლიტიკური განწყობების სწორ ასახვას მხოლოდ პროპორციული საარჩვენო სისტემა იძლევა. მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა რომ ყოფილიყო, ჩვენ თითქმის 100%-ით ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლებოდა. მაჟორიტარული სისტემის პრინციპი მარტივია: - ვინც ჯობნის სხვებს, იმას მიაქვს მანდატი. სხვას შესაძლოა აჯობო 50%-ით ან 30%-ით, ანუ შესაძლებელია, ერთ პოლიტიკურ ძალას 50%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ყველა ოლქიდან თითო კაცი გადის, შესაძლოა ყველა მანდატი ერთმა ძალამ წაიღოს. ამიტომ არასწორი და ცუდია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა“, - ამბობს ხმალაძე.
მისივე განმარტებით, არსებული სისტემის შეცვლას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, რადგან კონსტიტუციით, 73 წევრი აირჩევა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 77 პროპორციული წესით.
საარჩევნო სისტემების ავკარგიანობაზე, თავდაპირველად პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურ მდივანს, ალექსანდრე შალამბერიძეს ვესაუბრებით:
- ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული ტიპის არჩევნები ვერ ასახავს მოსახლეობის განწყობას; არასწორად წარმოაჩენს პარლამენტში პოლიტიკური ძალების, პოლიტიკური აზრების განაწილებას და ამიტომ ეს მოდელი უნდა დაიშალოს. ამ სისტემის შედეგად, ჩვენ ვღებულობთ პარლამენტს, საკრებულოებს, სადაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები იღებენ 40%-იან მხარდაჭერას და ამ სისტემის წყალობით, 75% და მეტი ადგილები აქვთ. ამიტომ სისტემა, რომელიც არჩევნების დროს პოლიტიკური სიტუაციებისადმი, მეტოქე პარტიებისადმი ელექტორატის განწყობას პროპორციულად არ ასახავს, რასკვირველია, უნდა გაუქმდეს.
- რა კონკრეტული ნიშნებით დასტურდება, რომ ეს სისტემა საქართველოში არ ამართლებს?
- ჩვენმა ბოლო 25-წლიანმა გამოცდილებამ ეს დაადასტურა. ამ სისტემას მუსოლინი-სააკაშვილის სისტემას დავარქმევდი, სადაც არჩევნების დროს არაპროპორციულად აისახება ამომრჩევლების განწყობა ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებში; ეს თავის დროზე მუსოლინიმ გააკეთა და სააკაშვილმა გაიმეორა. სისტემის უვარგისობის ბევრი მაგალითია, მაგრამ ბოლოს მოვიყვან. 2014 წელს, მათ შორის თბილისის საკრებულოს არჩევნები ჩატარდა, სადაც 25 მაჟორიტარული და 25 პროპორციული ადგილები იყო. პროპორციულ ადგილებზე 40% აიღო ქართულმა ოცნებამ და 25% ნაციონალურმა მოძრაობამ, ასევე 10% და 5% რომელიღაც პარტიებმა და ა.შ. ახლა რა მოხდა, 25 მაჟორიტარის ადგილიდან 24 ქართული ოცნების მაჟორიტარულმა წარმომადგენლებმა აიღეს და აღნიშნული 40% გადააქციეს 75%-ად. ანუ, დღეს თბილისის საკრებულოში გვყავს ქართული ოცნება, რომელსაც ადგილების 75% გააჩნია და ამ დროს, რეალურად დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 40%-ის მხარდაჭერა აქვს მოპოვებული. ამიტომ, ეს არასამართლიანი სისტემა, რომელიც პროპორციულად არ ასახავს მოსახლეობის განწყობას ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებში, უნდა გაუქმდეს და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე.
- პროპორციული სისტემის მთავარი უპირატესობანი რაში მდგომარეობს?
- რამდენ ხმას და პროცენტსაც მიიღებ, იმდენი ადგილი გექნება წარმომადგენლობით ორგანოში; ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის აზრები, შეხედულებები სამართლიანად და პროპორციულად იქნება ასახული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული მმართველობის დროს. თუ დემოკრატიულ მმართველობას რაიმე გადახრები აქვს, ეს უკვე არის უსამართლო რეჟიმი და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვგრძნობთ; რეალურად, იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლებიც ამდენი ხანია გვაღელვებს და ჩვენი საშველი არ არის. თუ იქნებოდა პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ის დიდწილად დადებითისკენ განსაზღვრავდა ჩვენს ყოფა-ცხოვრებას.
ვფიქრობ, რომ უპირველესი თუ რამე დანაშაული და უბედურება ტრიალებს ამ ქვეყანაში, ეს საარჩევნო კოდექსის ბრალია, რადგან ის არ არის პროპორციული და სამართლიანი. მაჟორიტარული სისტემით გადახრა ხდება სამართლიანობის ელემენტარული ნორმიდან, რასაც ეს სისტემა იწვევს.
- პროპორციული სისტემის შემთხვევაში, დეპუტატი კონკრეტულ რეგიონზე, თემზე მიმაგრებული რომ არ იქნება, ეს საკითხი როგორ უნდა მოგვარდეს?
- როდესაც საერთო-სახელმწიფო არჩევნებია, არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი აუცილებლად რომელიმე რაიონს იყოს მიმაგრებული. პარლამენტის საყოველთო არჩევნების დროს, სრულიად საქართველოს სახელმწიფოებრივი საკითხები წყდება. თუ ჩვენ გვინდა რაიმე რეგიონალური საკითხები შემოვიტანოთ საქართველოს პარლამენტში, მაშინ მეორე პალატა უნდა გაკეთდეს, სადაც ადამიანები რეგიონებიდან იქნებიან წარმოდგენილი. სხვა შემთხვევაში, თუ ერთპალატიანი პარლამენტი დარჩება, მთლიანად პროპორციული უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო.
ახლა რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, აქ ვფიქრობ უნდა იყოს მაჟორიტარული არჩევნების წესი, რადგან ეს უშუალოდ ქალაქის, თემის, დაბის თვითმმართველობებს ეხება. ეს არის მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ჩვენი ხელისუფლება. ამიტომ აქ შეიძლება გაკეთებული იყოს მაჟორიტარული არჩევნები, რომელიც რეალურად ასახავს იმ პრობლემების გადაწყვეტას, რაც ჩვენს ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს გააჩნიათ. ასე რომ, საკითხს ასე ორად გავყოფდი და თბილისს ცალკე გამოვყოფდი, რადგან დედაქალაქია და განსაკუთრებული სტატუსი აქვს. აქ, რა თქმა უნდა, ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა იყოს, როგორც ეს ადრე იყო. ასე იყო მაგალითად 1998 წელს, 2002 წელს, მთლიანად პროპორციული იყო მაშინ თბილისის საკრებულო. რეალურად ხდებოდა თბილისში მოსახლეობის განწყობის ასახვა დედაქალაქის საკებულოში, ნორმალური პროცესი მიმდინარეობდა.
გვახსოვს ალბათ, 1998 წელს პირველი არჩევნები მმართველმა პარტიამ წააგო; მოსახლეობის განწყობა მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ იყო და ამან შედეგში ასახვა ჰპოვა. 2002 წელსაც ასეთივე განწყობა იყო და მოქკავშირმა ისევ წააგო კენჭისყრა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა არასამართლიანი მაჟორიტარული სისტემა შემოიღო თბილისში, შესაძლებელი გახდა, რომ 40%-იანი მხრდაჭერის შედეგად ადგილების 75-80 პროცენტს იკავებდნენ ჯერ სააკაშვილის პარტია და ახლა უკვე ქართული ოცნება.
- მეორე პალატის საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიების პრობლემასაც ხომ უკავშირდება?
- თუ ამ საკითხს დიდი ანგარიშით მივუდგებით, სენატის მსგავსი ზედა პალატა, რასაკვირველია, ამ პრობლემასაც უკავშირდება. სამწუხაროდ, ეს დღევანდელ მთავრობას არ ესმის. კონკრეტულად პრემიერმა ამ თემების შესახებ არაფერი იცის - თუ რას ნიშნავს ზედა პალატა, რეგიონები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორ შეიძლება რეგიონების ჩართვა ერთიან სივრცეში. ამიტომ კარგია ეს თემა რომ წამოვწიეთ და ქართველმა პოლიტიკოსებმა ამ სერიოზულ საზრუნავზე უნდა იფიქრონ. თემა უკავშირდება მაგალითად ქუთაისში პარლამენტის ყოფნის საკითხსაც, რადგან შესაძლებელია, რომ ქვედა, წარმომადგენლობითი პალატა თბილისში იყოს, ხოლო სენატი, რეგიონთა პალატა ქუთაისში. ანუ, პრობლმების მთელი სისტემაა, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია. უბრალოდ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღევანდელი მთავრობა ამ საკითხში ტყემალზე ზის, საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტა შეუძლებელი ხდება.
ჩვენ ამ თემაზე ასევე შეფასება ვთხოვეთ ექსპერტ ჰამლეტ ჭიპაშვილს:
- საერთოდ რაც დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყეთ, მას მერე მიდის საუბარი უნდა იყოს თუ არა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. მე თუ მკითხავთ, ქვეყანაში სადაც არავითარი ორპალატიანი პარლამენტი არ არსებობს, საერთოდ რა საჭიროა მაჟორიტარული სისტემა. არის პარტიები, რომლებიც საარჩევნო კომისიაში არიან წარმოდგენილნი და ისინი ცხადია ერთმანეთს პაექრობას გაუწევენ და ვინც სიით პარლამენტში მოხვდება, მისივე იქნება არენა. ასე რომ, მაჟორიტარული სისტემა ამ პარლამენტისთვის აბსოლუტური ხორცმეტია. ეს მაჟორიტარები რას აკეთებენ ღმერთმა უწყის, მათზე არანაირი კონტროლი დაწესებული არ არის. მერე, საკმაო ფული იხარჯება ოფისების შენახვაზე, ცალკე აპარატი და ა.შ. რეალური ეფექტი როგორც პარლამენტისთვის, ისე უპირველესად ქვეყნისთვის არის ძალიან დაბალი. მაჟორიტარები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის მუშაობენ, ისევე როგორც პროპორციული წესით არჩეული პარლამენტარები. ამიტომ მიმაჩნია, რომ მხოლოდ პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის საკმარისი იქნება; და ამ პროპორციულს ჰქონდეს სერიოზული დატვირთვა ხალხის მსახურების თვალსაზრისით. დღეს კი მხოლოდ პარტიული ინტერესის მსახურებაა და არა ხალხის საჭიროებების. ეს მისახედი და დიდი ხნის გადასაწყვეტი საკითხია. მაგრამ პრობლემასთან მიმართებაში დღესაც სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. ცხადია, დღევანდელი და სამომავლო მაჟორიტარები ამის კატეგორიული წინააღმდეგი იქნებიან, მაგრამ მიმაჩნია რომ ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა მხოლოდ პროპორციული სისტემის არსებობა.
- როდესაც დეპუტატი კონკრეტულ რეგიონზე, თემზე პასუხისმგებელი არ იქნება, ეს პრობლემას არ შექმნის?
- დღევანდელი მაჟორიტარი რა, მიჯაჭვულია რეგიონზე, საიდანაც ის ვითომ არის არჩეული? არც არაფერი, მიჯაჭვულობა კი არა, ძალიან კარგად ვიცით, რომ დღევანდელ მაჟორიტარ წევრებს ძალიან არ ემადლიერება ამომრჩეველი. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მათთვის უბანში თვალი საერთოდ არ მოგვიკრავსო. ასე რომ, თეორიულად თითქოს ასე უნდა იყოს, რომ მაჟორიტარმა მთელი რიგი საკითხები გადაწყვიტოს, რომლებიც მის ამომრჩეველსა და რეგიონს ეხება. მაგრამ ჩემი აზრით, ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს არა მაჟორიტარმა, არამედ ადგილობრივმა მმართველობამ, რა შუაშია აქ მაჟორიტარი? ადგილობრივი მმართველობა იმ დონეზე უნდა იყოს, რომ ის ასრულებდეს ხალხის დაკვეთას და მის მოთხოვნებს. მას არ უნდა სჭირდებოდეს რაიმე ზედმეტი კონტროლი.
დღევანდელ მაჟორიტარებს წარმოდგენილი რეგიონებიდან არ შეუძლიათ რაღაც გავლენის ქონა ადგილობრივ მმართველობაზე და მეორე მხრივ, თუ შეუძლიათ ამ საქმეს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ და არა სახელმწიფოსთვის. რაც შეეხება პროპორციული სისტემით არჩეულს, სწორედ ამას ვამბობ, რომ როდესაც გავაუქმებთ მაჟორიტარულ სისტემას და მხოლოდ პროპორციულს დავტოვებთ, ამ პარტიულ შემადგენლობას პარლამენტში გარკვეული დავალება უნდა ჰქონდეთ რაიონების მიხედვით, თუ რომელს მიხედონ; წლის განმავლობაში რამდენჯერმე ეწვიონ და არა სისტემატურად. ასეთი სისტემატური ვიზიტები იმას იწვევს, რომ ძმაბიჭობაშა გადადის და იმით მთავრდება, რაც დღეს ჩვეულებად არის ქცეული - ეს მაჟორიტარი მხოლოდ საკუთარი თავისთვის სარგებლობს და არა ქვეყნისთვის.