„სხვა ქვეყნის ძალა ვეღარასოდეს შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ, სუვერენულ და საქართველოს სამსახურში მდგარ სახელმწიფო წყობას“
myrights.ge
საქართველოს პრეზიდენტმა 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„საუკუნის წინ ოკუპანტთა ჯარმა, რომელთაც, სხვათა შორის, ზურგს ადგილობრივი გამყიდველები უმაგრებდნენ, დაამხო პირველი ქართული რესპუბლიკა. მას შემდეგ ჩვენ, ვინც აღვადგინეთ ქართული სახელმწიფო და დავარქვით მას საქართველო, ვიხსენებთ ამ დღეს და მტკიცედ ვამბობთ, რომ სხვა ქვეყნის ძალა ვეღარასოდეს შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ, სუვერენულ და საქართველოს სამსახურში მდგარ სახელმწიფო წყობას”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 94 წლის წინ ქართველი იუნკერებისა და პატრიოტების თავგანწირვამ ვერ იხსნა ჩვენი სამშობლო წითელი ოკუპაციისაგან და საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა ტრაგიკულად დასრულდა.
საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანმა მმართველობამ დამანგრევლად იმოქმედა ჩვენს ქვეყანაზე, ერის საუკეთესო ნაწილი შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამკვდარა ხალხში, არასოდეს შეწყვეტილა თავისუფლებისათვის ბრძოლა.
დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ეს მრავალი თაობის თავდადების შედეგია. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.
საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასაერთიანებლად. მჯერა, ჩვენ შევძლებთ მომავალ თაობას დავუტოვოთ გამთლიანებული და წარმატებული სახელმწიფო“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
საბჭოთა რუსეთ-საქართველოს პირველ ომს ადგილი ჰქონდა 1920 წლის მაისის დასაწყისში. 1-2 მაისის ღამეს ქართველი ბოლშევიკების ტერორისტულმა ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო იუნკერთა სამხედრო სასწავლებელზე თბილისში. 2 მაისს აზერბაიჯანში დაბანაკებულმა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თბილისისაკენ დაიძრა. რუსეთი ვარაუდობდა თბილისის დაკავებას 15 მაისისათვის. მაგრამ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გენერალ გ.კვინიტაძის სარდლობით უკუაქცია მტერი და ქვეყნის ტერიტორია გაწმინდა აგრესორებისაგან.
საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ომის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მომზადება რუსეთში დასრულდა 1921 წლის იანვარში. 26 იანვარს მოსკოვში ვ.ლენინის ინიციატივით მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუუპაციის შესახებ და აქვე დამტკიცდა ომის გეგმა.
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით ბორჩალოს მაზრის რუსი და სომეხი კოლონისტებით დასახლებულ სოფლებში დაიწყო “აჯანყება“, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ “საქართველოს მშრომელთა აჯანყებად” მონათლა და გენოციდისაგან რუსი და სომეხი მოსახლეობის დაცვის მოტივით მე-11 წითელი არმია საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა. 15 თებერვალს შულავერში შეიქმნა “საქართველოს რევკომი” რომელმაც რუსეთს მიმართა დახმარებისათვის. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს ქართულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ტაბახმელას რაიონში (19 თებერვალს) და კოჯრის რაიონში (20 თებერვალს).
მაგრამ მტრის ძალების სიჭარბემ მაინც თავისი გაიტანა. მე-11 არმიის გარდა, საქართველოს უტევდა მე-8 არმია სოჭიდან ფოთის მიმართულებით და მე-9 არმია მამისონის უღელტეხილიდან რიონის ხეობის გავლით ქუთაისის მიმართულებით. ამასთან, რუსეთთან წინასწარი შეთანხმებით ომში ჩაება ქემალისტური თურქეთი, რომლის ჯარებმა 21-22 თებერვალს ართვინი და არტაანი დაიკავეს. 1921 წლის 24 თებერვლის ღამით მთავარსარდალმა კვინიტაძემ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვებისა და მცხეთა-ხაშურის ხაზზე თავდაცვითი ზღუდის შექმნის შესახებ. 25 თებერვალს რუსმა ინტერვენტებმა თბილისი დაიკავეს, ხოლო რსდმპ(ბ) კავბიურომ გამოაცხადა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება.
საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა 1921 წლის 17 მარტს ემიგრაციაში წავიდა.