ირაკლი ღარიბაშვილი მარტინ შულცსა და ელმარ ბროკს შეხვდა
myrights.ge
საქართველო არის ევროპული კულტურის და ღირებულებების ქვეყანა, ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით რიგის სამიტზე იქნება ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სურვილია, იყოს წარმატების მაგალითი რიგაში დაგეგმილ სამიტზე.
შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთის დერეფნის ფუნქციონირების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეფასდა რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირი გამოხატავს მზაობას, უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია, - როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან შეხვედრისას განაცხადა, ეს ვიზიტი იქნებოდა კარგი შესაძლებლობა იმის დასადასტურებლად, რა მიღწევები აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში.
მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პოლიტიკური მნიშვნელობა, რაც პრემიერ-მინისტრმა მორიგ ისტორიულ ნაბიჯად და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც საპარლამენტო დონეზე სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.