myrights.ge
ნატო ფავლენიშვილი, როგორც ეროვნული ფორუმის აქტიური წევრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ვაკის მე-8 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი იყო. მას დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონოდა და კანონის მოთხოვნები დაცულიყო. კოალიციის გამარჯვების შემდეგ, საკუთარი უმუშვრობისთვის ბოლოს მოღებას აპირებდა, მაგრამ სიებში რეალური აქტივისტების ადგილები უცნობმა ადამიანებმა დაიკავეს. ამის შემდეგ, პარტიულ, თუ კოალიციურ იერარქებთან სიმართლის მიტანას ცდილობდა, თუმცა ამაოდ.
ნატო ფავლენიშვილი რედაქციაში გვესტუმრა და საკუთარ თავსგადახდენილზე გვიამბო, სადაც ჩვენი დღევანდელი ყოფის ბევრ დამახასიათებელ შტრიხს ამოიცნობთ.
- კოალიცია ქართული ოცნების წევრი ეროვნული ფორუმი მაშინდელ რეჟიმს ებრძოდა. საპარლამენტო არჩევნებზე ვაკის რაიონში, 41-ე სკოლაში, მერვე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ვიყავი. ამ სკოლის დირექტორი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო, მოადგილე მისივე სასწავლო ნაწილი; დიდ წნეხში მოგვაქციეს.
ერთი სიტყვით, უბნის თავმჯდომარე პირდაპირ მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, რომ გავჩერებულიყავი. მე ერთდროულად ვაკონტროლებდი საარჩევნო ყუთს, კაბინეტს და ა.შ. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა, თბილისის ამჟამინდელი საკრებულოს დეპუტატი.
მირეკავენ საარჩევნო შტაბიდან და მეუბნებიან, რომ უნდა გავმაგრდე - ახლა ლამის დიდგორის ბრძოლა მელის და თავი მართლა გმირი მეგონა. გადმომცემენ, რომ ორი პარტია ბიულეტენებია გამზადებული ურნაში ჩასაყრელად და მაგრად უნდა დავდგე. იცით ეს ჩემთვის რა იყო, წინააღმდეგობა უნდა გამეწია და ბიულეტენების ჩაყრა არ დამეშვა.
მოდის თავმჯდომარე (სკოლის დირექტორი), ბატონი ჯავახიშვილი (ახლაც სკოლის ხელმძღვანელია) და მეუბნება, რომ ტერიტორიიდან გამაგდებს. კითხვაზე, თუ რატომ - ვერაფერს მპასუხობს. ბოლოს თვითონვე ვამხელ - იმიტომ, რომ ბიულეტენებს არ გაყრევინებთ-მეთქი. მოდის ახლა მისი მოადგილე (ჩემი შვილი ამ სკოლაში სწავლობდა, როცა ეს მოადგილე დირექტორი გახლდათ) და მეუბნება, ჩვენ ხომ ნაცნობები ვართო; ვეუბნები, რომ ეს არაფერს ნიშნავს, როცა საქმე პატიონსნებასა და წესიერების დაცვას ეხება. ერთი სიტყვით, ვერაფერი გააწყვეს.
თურმე ყველას ყურადღება ჩვენს უბაზე იყო მოპყრობილი. ამ დროს ტელევიზიას მიგზავნიან, ვნერვიულობ, ვკანკალებ, უკვე საშინელება მჭირს. ვამხელ დირექტორს, რომ აქ საშინელება ხდება - ტელევიზიით იმ ღამითვე გააშუქეს ეს ფაქტი.
ამის შემდეგ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ვხედავ, რომ სკოლის სასწავლო ნაწილი ქალბატონი (ამჟამინდელიც), ალბათ, 8 საათისთვის ჟურნალთან მივიდა, იქ მიიტანა ფურცელი და ყალბ ხელმოწერებს აფიქსირებს. დავინახე თუ არა, მოვწყდი ადგილიდან, გავიქეცი, თავზე დავადექი და იმ წუთში დავკუჭე ეს ფურცელი. ადგა და სულ უფ-უფ-ს გაიძახის.
დღის განმავლობაში ფორუმის შტაბიდან მოდიან - აბა შენ იცი, აბა ბოლომდე გამაგრდიო. მერე იცით რა მოხდა? ნაციონალები ბიჭს მიგზავნიან, როგორც ერთ მოურჯულებელ ადამიანს, მოდის ვიდეოაპარატით და კადრს მიღებს. ალბათ, თხუთმეტიოდე კადრი გადამიღო - შენ ნახავ, ხვალიდან რა მოგივაო, ღიად მემუქრება. იქიდან რომ გამოვედი და ყველაფერი დასრულდა, არ ვიცი, ორი კვირის განმავლობაში სრულ გონზე არ ვიყავი.
მე და ჩემმა მეგობრებმა სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ, როგორც იქნა დამთავრდა ეს საგიჟეთი. მართლა უარესი მოხდებოდა, ოცნება რომ არ მოსულიყო, ისე მემუქრებოდნენ. აი ამ მდგომარეობაში ვართ მე და ჩემი მეგობარი ანა ასანიძე. ღამის ოთხზე გამოვედით იქიდან და ლამის გმირები გვეგონა თავი.
- მერე როგორ განვითარდა თქვენი პარტიული მუშაობა?
- ამის შემდეგ მივდივართ მე, ანა და ნინო კვიციანი გოჩა ბაბუნაშვილთან; ვწერთ განცხადებას საარჩევნოდ ჩვენს თავს გადამხდარზე; ინფორმაციის მიწოდება არც იყო საჭირო, რადგან მთელი ვაკე ინგრეოდა ჩვენი უბნის ამბებზე. ამ დროს, ბაბუნაშვილი კოალიციაში შტაბის ხელმძღვანელი იყო და თანამდებობის დასაკავებლად ტრამპლინზე იდგა; შემდეგში ადგილობრივ საარჩევნო სიაში შეიყვანეს და საკრებულოში დეპუტატად გადააბრძანეს. ვთხოვეთ ამ ყველაფერზე განმარტება და იცით, როგორ მომისმინა? როგორც საფლავში მწოლიარე წინაპარმა, რომელსაც, ალბათ, ვერც ვერაფერს გააგონებ.
- მას რა განმარტებას თხოვდით?
- ვთხოვდით, რომ განზოგადებულიყო და შეფასება მიცემოდა იმას, რაც საარჩევნო უბანზე ხდებოდა, მათ შორის სკოლის დირექტორის საქციელი, რომელმაც გვაშანტაჟა, დაგვემუქრა, დასაჯდომად სკამებიც კი არ მოგვცა. თუ ვცრუობდით, გაეხსნათ ვიდეოკამერები და ენახათ ეს ყველაფერი. თუნდაც მეცხრე არხიდან მოეძიებინათ ფაქტები, როცა მოვიდნენ და ინტერვიუ მივეცი.
მაგრამ ვის უნდოდა სამართლიანობის აღდგენა, სიმართლე და პატიონსება? ყველა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ არიქა, სადმე როგორმე სიაში მოვხვდეთ, პარლამენტში ან საკრებულოში დავიკავოთ ადგილებიო.
ამას შემდეგ დაემთხვა ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული ფორუმის, ვაკის რაიონის თავმჯდომარეს ამნეზია დაემართა - წევრებს ვეღარ გვცნობდა.
- რატომ ვერ გცნობდათ?
- თურმე ფორუმიდან მითითებით ოცკაციანი სია შეუდგენიათ, ვინც უნდა დასაქმებულიყო. მანამდე, ბოლო ხანებში ვხედავდით, რომ იქ უცხო პიროვნებებმა (მამაკაცებმა) ყელყელაობა, შტაბის კარებთან ტრიალი დაიწყეს, აქტიური მისვლა-მოსვლა და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე.
ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება - შენ იბრძვი, სისხლს ანთხევ და გგონია, რომ ქვეყნისთვის რაღაც კარგი უნდა გააკეთო; შენი წვლილი უნდა შეიტანო საქვეყნო საქმეში, რაც ჩემთვის ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. ჩემზე ვერავინ უნდა თქვას, რომ ნატომ ქრთამი აიღო, ქართულის ცუდი მასწავლებელია, კენჭისყრას აყალბებს და ა.შ. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა.
- როგორ გაგრძელდა პროცესი?
- ფორუმის ვაკის რაიონის თავმჯდომარემ თურმე დასასაქმებელთა ოცკაციანი სია შეადგინა; ოთხი ადამიანი შევდივართ და ვარკვევთ, რომ იმ სიაში სრულიად უცხო ადამიანები არიან. ვის ზურგზეც ამ წლების საშინელებებმა გადაიარა, რეჟიმის სიმწარემ და უბედურებამ, თამაშგარეთ ვიყავით დარჩენილები, 5-6 ადამიანის გარდა.
არჩევნებამდე კი, სულ ფულზე იყო საუბარი, რომელიც პარტიისთვის უნდა შეგვეწირა. შტაბის აივანზე გაუთავებელი გაყვანები მიდიოდა ამ მიზნით. 5 და 10 ლარი კია არა, მთელი სიები იყო შედგენილი და რეკვები პარტიის მუშაობის დაფინანსების მიზნით. ერთი ქალბატონი ჰყავდათ და მისი ხელით აკეთებდნენ ყველაფერს, მერე ისიც მოისროლეს.
ფორუმის ვაკის რაიონის უფროსს დავემუქრე, საქმის რეალური არსის შესახებ რომ შევიტყვე. მდივანს ვუთხარი, ამ ყველაფერზე პასუხს მოვთხოვ-მეთქი. დასაქმების შეთავაზება საჯარო უნდა ყოფილიყო, პარტიის წამომადგენლების თანდასწრებით; იმის მიხედვით, თუ ვინ რა წვილილი შეიტანა პარტიაში. ამ დროს, ვაკის რაიონის უფროსს ძალიან კარგად მფარველობდნენ ფორუმის ლიდერები. რომელმა ლიდერმა არ იცოდა, რომ მას ვუჩივლეთ მთავარ პროკურატურაში და ვამხილეთ ფულის გამოძალვაზე, ოცკაციან სიაზე, უცხო ხალხის დასაქმებაზე და ა.შ. ეს განცხადება დღემდე პროკურატურაში დევს. ეს სარჩელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიტანეთ. განვაცხადეთ მათ შორის კორუფციზე და ამის განზოგადებას ვითხოვდით; ასევე, რომ არჩევნებზე იყო შანტაჟი, დაშინება, მუქარა და ა.შ. სკოლის დირექტორი თავმჯდომარე რომ ისევ აგრძელებს 41 სკოლაში დირექტორობას და ა.შ. გამოდის, რომ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა.
- რა რეაგირება მოჰყვა ამას?
- არაფერი, პროკურატურამ ვაკის პოლიციას გადაუგზავნა; პოლიციაში პასუხის ასაღებად რომ მივედით, გაირკვა, რომ რომელიღაც მუხლის თანახმად და ა.შ. საქმეს რეაგირება არ მოჰყვა. შემდეგ ივანიშვილის პრემიერობისას განცხადება მთვრობის კანცელარიაშიც შევიტანეთ, ამაში უკვე სხვებიც შემოგვიერთდნენ. კანცელარიიდან ვიღაც თანამშრომელი ჩამოვიდა და გვითხრა - იცით ასეთი საქმე აქ რამდენია, ახლა ჩვენ რომელ ერთს ვდიოთო.
მერე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გზააბნეულები დავდიოდით. ბატონი ნარმანიას არჩევნებისან შალვა შავგულიძეს შევხვდით მრგვალ ბაღში; ვითომ გაგიჟდა, ეს რა ხდებაო და რაქცია ნული. ხოლო მუსხელიშვილს ეს რეაქციაც არ ჰქონია, ძალიან მშვიდად მოისმინა. შავგულიძის ოფისში მდივანთან უამრავჯერ მისულები ვართ და მესამე წელია მიღებას ვერ ვეღირსეთ.
მერე ორჯერ მივედით ფორუმში. იქ ვიღაც კაცი ზის და - რომელ სიებზე ლაპარაკობთო; ქალბატონი გვერდში ეჯდა და - კაი ერთი, არ იცოდე მაინც რომელ სიებზე საუბრობენო. საკრებულოს დეპუტატმა ავთო დავითაძემაც აღიარა ეს ყველაფერი და ვერაფერი მითხრა. რატომ არ გააკეთა განმარტება ანი მიროტაძემ, როცა იცოდნენ ვაკის ეროვნულ ფორუმში კორუფციის შესახებ, წევრების ფინანსებს წურბელებივით თავზე რომ ასხდნენ? ოფისში ვერ მივდიოდით, რომ თავმჯდომარეს კიდევ და კიდევ ფული არ მოეთხოვა. იქ ქილაც კი იდგა, სადაც თანხა გროვდებოდა. შემოწირულობა სხვა რამეა, აქ ზეწოლა იყო.
მაინტერესებს, ამის შემდეგ ჩვენთვის კურიერის ადგილი მაინც არ მოინახა? დღესაც ამ კითხვით მივართავ ლიდერებს.
- ვის მიმართეთ?
- ფილარმონიაში ყრილობა ტარდებოდა და მოვემზადეთ; დავწერე წერილები, ერთი საგანელიძეს მივეცით, მეორე დიდი ამბით მაშინდელ შს მინისტრ ღარიბაშვილს. შემდეგ რეზო შავიშვილს შევხვდით; გუბაზ სანიკიძემ ფილარმონიის შენობაში შეგვასწრო. მიხვდა, ვინც ვიყავით და მასთან რა თემაზე გვინდოდა საუბარი. მოკლედ, შავიშვილი დავიჭირეთ და ვუთხარით საქმის შესახებ. დღემდე რეალური პასუხი არ მიგვიღია კითხვაზე, თუ რატომ მოუკლეს იმ ხალხს იმედი, ვის ზურგზეც წლების სიმწარემ გადაიარა.