მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ უნდა გადავწიოთ ზაფხულში საათი ერთი საათით წინ? - 21 აპრილი 2015

myrights.ge

ადამიანი მზესთან რაც უფრო ჰარმონიაში იცხოვრებს, მით უკეთესია მისთვის“

თსუ- პროფესორი, ასტრონომი ვასილ ნატრიაშვილი აცხადებს, რომ ზაფხულში საათის კვლავ ერთი საათით წინ გადაწევა უნდა ხდებოდეს. ამით, მისივე თქმით, ბუნებასთან მეტ ჰარმონიასაც დავუბრუნდებით და ღამის საათებში ენერგიის გარკვეულ ეკომონიასაც მივაღწევთ. მეცნიერის შეფასებით, დღევანდელი მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ იღებს, რადგან ძველების მსგავსად, მათ შორის საღამოს საათებში გამომუშვებული ენერგიის მეტი ხარჯვით არის დაინტერესებული.    

ამ პრობლემაზე სწორედ ვასილ ნატრიაშვილს ვესაუბრებით.

- საბჭოთა კავშირმა დეკრეტული დრო მას შემდეგ შემოიღო, რაც დაინახა, რომ ევროპა და სხვადახვა კაპიტალისტური ქვეყნები ზაფხულში საათს ერთი საათით წინ სწევდნენ; ხაზს ვუსვამ, რომ დროის გადაწევა არავის შეუძლია, მხოლოდ საათის გადაწევა ხდება. საბჭოელების მოტივი ასეთი იყო - რადგან ისინი მოგებას ნახულობენ, მოდით ჩვენ ეს მოგება ზაფხულთან ერთად ზამთარშიც ვნახოთო. ეს უკვე სისულელე იყო, რადგან მოგებას მხოლოდ მაშინ ნახულობ, როდესაც მზესთან რიტმში შედიხარ

ბოლოს, საბჭოთა კავშირი საზაფხულო დროზე გადავიდა. მაგრამ არც დეკრეტული მოიშორა, როგორც იყო დატოვა და კიდევ ერთი საათი ზაფხულში დაამატა. საზაფხულო დრო ნიშნავს ერთი საათით გადაწევას, რომ დილით მოქმედება ადე დაიწყო, ღამით შესაბამისად ადრე დაამთავრო; შუაღამისას რომ ყველაზე მეტი ენერგია იხარჯება, ეს პერიოდი ერთი საათით შეამოკლო. ამით გარკვეულ ეკონომიკურ ეფექტს მივიღებთ. მაგრამ თუ ზაფხულშიც გადავწევთ და ზამთარშიც, აქ მოგებას ვერ ვნახავთ.

- ჩვენთან როდის შეიცვალა ეს სისტემა?

- პირველი მოწვევის პარლამენტმა, უზენასმა საბჭომ, ევგენი ხარაძის წინადადებით დეკრეტული დრო მოიშორა. მხოლოდ საზაფხულო დრო გვქონდა, საათი ერთი საათით წინ გადავწიეთ. ეს უკვე მოწესრიგებული სისტემა იყო.

მაგრამ შემდეგ ეს სხვადასხვა მიზეზების გამო ისევ შეიცვალა. ბევრი მოტივია, მაგალითად, რაც შეიძლება ბევრი განათება უნდა გვქონდეს, რათა მეტი ენერგია დაიხარჯოს. და თუკი გამომუშავება კაპიკები თუ თეთრები ღირს (ორ-სამ თეთრზეა საუბარი), მერე გაცილებით მეტს ვახდევინებთ და ეს ვიღაცების ინტერესებშია - რაც მეტი ენერგია დაიხარჯება, მით უკეთესი მათთვის. საბოლოო ჯამში, ქალაქის, თუ ქუჩის განათებას, მაინც ადგილობრივი მცხოვრები იხდის; თავის სახლში ეკონომიას აკეთებს და ქუჩაში განათებას არავინ ეკითხება.

ქალაქში ყველგან ნახავთ, რომ კორპუსებს, სახლებს გარედან არაფრის გულისთვის დიდი ნათებაა. ზოგან უზარმაზარი რეკლამებია გაბრდღვიალებული; მაგრამ იქაც შეიძლება ეკონომიურით განათება და არა ჰალოგენებით, რომელიც მწვად შეწვავს, ისეთ ტემპერატურას გამოსცემს. ეს ტემპერატურა სწორედაც რომ ენერგიაა.

ჩვენ თუ ეკონომიურად ხარჯვაზე არ გადავედით, არანაირი ენერგეტიკა არ გვიშველის. გინდა სვანეთი ჩავძიროთ, გინდა რაჭაც ზედ მივაყოლოთ. მარტო ის რას ნიშნავდა, რომ ტელეეთერში გადიოდა რეკლამა - პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ მთელ სვანეთს კი არა, პროცენტულად მის მხოლოდ მცირე ნაწილს ვძირავთო. ძალიან კარგად ვიცი პროცენტის დათვლა. მაგრამ სვანეთის საცხოვრებელი ფართი პროცენტულად ძალიან მცირეა და მთელი ფართობი საჯიხვეები და კლდეებია. ადმიანისთვის, ცხოვრებისთვის, სოფლის მეურნელობისთვის ვარგისი ძალიან მცირე პროცენტია. იქიდანაც რომ კიდევ ნაწილს დავძირავთ, რაღა დარჩება?

- ზაფხულში საათის გადაწევის რეალურ სარგებელს დავუბრუნდეთ...

- საათის გადაწევით კიდევ შეიძლება რაღაც ეკონომიის მიღწევა და ეს ნაბიჯი არაფერი არ გვიჯდება. ამას ხომ რაღაცის დაბანდება, კაპიტალის ჩადება არ სჭირდება. თვითმფრინავების განრიგის შეცვლა და მისთანები რომ იყოს, ამას დრო დასჭირდებოდა. მაგრამ მსოფლიომ ეს უკვე მოიფიქრა, რომ უბრალოდ საათს გადაწევ და ამით არავითარი უხერხულობა არ იქმნება.

რამდენიც ჰესიც არ უნდა ვაშენოთ, თუ ენერგია ასე უთავბოლოდ ვხარჯეთ და ეკონომია არ ვისწავლეთ, არაფერს აზრი არ აქვს.

წუხელ საღამოს სანამ სახლში ავიდოდი, ქუჩაში დაყენებული მანქანა დავინახე; შიგნით ორი ადამიანი იჯდა; შორი მაშუქებიც ანთებული ჰქონდა, გაბარიტებიც და პლუს მანქანას ქვემოდან რაღაც ნათურა ანათებდა და მის ქვეშ ირგვლივ ასფალტს აბრდღვიალებდა. ვისთვის და რისთვის? ეს ხომ ენერგიის კარგვაა, უნდა მივეჩვიოთ ეკონომიურად გამოყენებას.

კიდე მესამე - დღისით სახლში შუქი რომ გვინთია და იმწუთში რომ არაფერში გვჭირდება, ესეც უბედურებაა. გარედან შემოსული სინათლე სწორედ ის სინათლეა, რომელიც ჩვენი თვალისთვის მალამოა. თვალი მილიონობით საუკუნეების განმავლობაში სწორედ მზის სინათლის ქვეშ  ჩამოყალიბდა. ყოველგვარი მზის სათვალე, ყოველგვარი ხელოვნური განათება აბსოლუტურად უსარგებლოა თვალისთვის.

საათის გადაწევით უფრო ნაკლები ენერგია დაიხარჯება. საჭირო ენერგიის უკარისობის ერთ-ერთ ნახვრეტს მაინც ამოვავსებთ. თორემ სახლში ვინ, რას და როგორ ჩართავს, ეს სხვა საქმეა.

სტუდენტობის პერიოდში, ნაქირავებ სახლში გათბობა ელექტროენეერგიით მქონდა. იმდენის გადახდა შემეძლო, რომ ბინა ელექტროენერგიით გამეთბო. ახლა ჩემზე ლაპარაკი ზედმეტია, არც ნორმალური ხელფასი მაქვს, არც არაფერი, პენსიის ამარა ვარ, ერთი-ორი საათი მაქვს უნივერსიტეტში; მაგრამ ელექტროენერგიით გათბობა ისედაც არ არსებობს, ეს ძალიან ძვირია. ამ დროს ენერგია ტყულიად იხარჯება.

რაღაც დანაზოგს აუცილებლად გავაკეთებთ. საათების მიხედვით რომ გავწეროთ რამდენი ენერგია იხარჯება დღე-ღამის განმავლობაში - დღისით ეს უფრო ნაკლები იქნება, დაღამებისას იმატებს, მერე შუაღამისას იკლებს. ვიღაც მთელი ღამე რესტორანში რომ გრიალებს, იმისთვის ყველაფერი სულერთია. მაგრამ საუბედუროდ, ესეც არ არის გამონაკლისი, ფული მათ ხელშია. გამონაკლისი მხოლოდ გლეხობაა. საათის გადაწევა იმას აკეთებს, რომ ღამით დანახარჯის მაქსიმუმი რომ გვაქვს, ის ერთი საათით შემცირდება. დღის ხარჯი შემოვა, რომელიც შედარებით დაბალია; სადღაც შუაღამის დანახარჯი, დღის დონეზე დავა.

მე ასტრონომი ვარ და ასტრონომები შედეგს ზოგჯერ საუკუნეების განმავლობაში იღებენ. ადამიანი მზესთან რაც უფრო ჰარმონიაში იცხოვრებს, მით უკეთესია მისთვის. ეს გლეხკაცს შესანიშნავად ესმის. მაგრამ ვისაც ამ თემის გაგონებაც აღარ უნდა, მათთვის პრობლემაც არ არსებობს.

- გლეხკაცს როგორ ესმის აღნიშნული ამბავი?

- გათენდება მუშაობას იწყებს, სიცხეა ისვენებს, საღამოს სიგრილეში მუშაობს ისევ აგრძელებს. ანუ, გლეხი მზესთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს. დამტიკებულია, რომ მზის სათვალე და მსგავსი რაღაცები ზემდეტია და საჭირო არ არის. მზეზე ვარჯიშით კი ადამიანმა მხედველობა შეიძლება გაიუმჯობესოს კიდეც. ოღონდ ადამიანს სრულ სიბნელესი უნდა ეძინოს და არა განათებულ ოთახში, ესეც თვალის დასვენებაა.

ადამიანმა ცხოვრება მზის მოძრაობას უნდა აუწყოს და საათის გადაწევა ამას პასუხობს. ამასთან, მცირე ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. კომუნისტებს დეკრეტული დრო სულელურად ჰქონდათ შემოღებული, მაგრამ სხვა რაღაცებს ჭკვიანურად აკეთებდნენ. შუაღამის 12 საათზე ქალაქის განათება ნახევრდებოდა, ყოველი მეორე სინათლე გამოირთვებოდა ხოლმე.

ახლანდელი მთავრობა კი, საუბედუროდ, ძალიან უფრთხილდება ძველების შემოღებულ სისტემას. რატომ და ამაზე ცნობილი ანეკდოტია - თავის დროზე ფილოსოფოსმა არისტოტელემ ყველაფერი იცოდა და მერე ეკლესიას ძალიან დიდხანს მისი ყველა ნააზრევის სჯეროდა. თუ ვინმე საწინააღმდეგოს იტყოდა, იმას უბრალოდ კლავდნენ, ზოგს წვავდნენ და .. არისტოტელემ ასე თქვაო, რომ ბუზს თურმე ოთხი ფეხი აქვსო და ვერავინ ბედავდა დათვლას, მართლა ოთხი ჰქონდას თუ ექვსი; ასე შიშის გამო იყო, იმდენად დასჯადი იყო ყველაფერი, რაც არისტოტელეს ნათქვამს ეწინააღმდეგებოდა. საუბედუროდ, ასევეა დღეს ჩვენთანაც

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია