მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"უკრაინის მსგავსი მოვლენები რომ არ განვითარდეს, რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ" - 22 აპრილი 2015

"სასიამოვნო პარტნიორი ზოგჯერ საკუთარ სახლში ცოლიც კი არ არის"

ჩვენ თუ გვინდა ქვეყანაში უკრაინის მსგავსი მოვლენები არ განვითარდეს, რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, - აცხადებს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, საქართველომ და უკრაინამ ვერ ისწავლა შეცდომებზე და პირიქით, უკრაინამ უკუღმა აკეთა ყველაფერი.

"ქართველების უბედურება არის იმაში და ძალიან ბევრი პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ კომენტარებს ვაკეთებთ, ნაბიჯებს ვდგამთ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმის მიხედვით, ჩვენ რა და როგორ გვინდა რომ იყოს და არა იქიდან გამომდინარე, რა არის რეალობაში. იგივე ყირიმის ფაქტი არის ის კი არა მე რა მინდა და რა არ მინდა, არამედ ის, რაც დღეს რეალობაში არის. იგივე არის როდესაც მე ვლაპარაკობ ნატო-ს თემასთან დაკავშირებით. ის, რომ ნატო არარეალისტურია, არის არა ის რაც მე მინდა, არამედ არის რაც არის. ჩვენ თუ არ გვინდა, რომ ანალოგიური მოვლენები ან უფრო მძიმე მოვლენები განვითარდეს ქვეყანაში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ რეალობიდან რა რეალობაც არსებობს და თავი დავიზღვიოთ არასწორი ნაბიჯებისგან, რაც ვერ გავაკეთეთ 90-იან წლებში, ვერც 2008 წელს და ჩვენ შეცდომებზე ვერ ისწავლა უკრაინამ. უკრაინამ უკუღმა აკეთა ყველაფერი", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

არსებულ გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზე, დიპლომატიური აკადემიის რექტორს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვესაუბრებით:

- ნინო ბურჯანაძის პოზიციას ვიზიარებ იმ თვალსაზრისით, რომ არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ღონისძიებები უნდა გატარდეს. რასაკვირველია იმასაც, რომ რუსეთთან ასეთ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში დიდხანს ვერ ვიარსებებთ; მოლოდინში, რომ რუსეთს ყოველწუთს შეუძლია მავთულხლართები აქეთ გადმოწიოს, გორამდე ჩამოვიდეს და ა.შ. მუდმივად ასეთ წკიპზე ვერ ვიქნებით. ეს განცხადება მხოლოდ მოწოდებაა ხელისუფლებისადმი, რომ ამ მიმართულებით მოქმედება დაიწყოს. მაგრამ ეს მოქმედება როგორი იქნება, რა ჟღერადობა მიეცემა, რა ფორმატში წარიმართება, ეს უკვე შემდგომი საფეხურებია.

ამ ფონზე, დღეს ქართულ დიპლომატიას რუსეთთან მიმართებაში სირაქლემის პოზიცია უკავია; თითქოსდა, რუსეთი ჩვენთვის საერთოდ არ არსებობს - 150 მილიონიანი ჩვენდამი აგრესიულად განწყობილი მეზობელი; სირაქლემა რომ თავს სილაში ჩარგავს და თავისთვის ფიქრობს, ალბათ, მორჩა, გაქრა ეს პრობლემაო. ამ დროს, მთელი ტანი გარეთ აქვს გამომზეურებული. ასე ვართ ჩვენ და ასე არ შეიძლება. ამ თვალსაზრისით, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი სავსებით მართალია. ამ აბაშიძე-კარასინის ფორმატი ხომ სასაცილო გახდა; მარგი ქმედების კოეფიციენტი მან უკვე ამოწურა და დღეს უკვე წარმოდგენა არ მაქვს, რას ელის ჩვენი ხელისუფლება ამ ფორმატისგან. 

- თქვენ რამდენად მიგაჩნიათ, რომ ყირიმი უკრაინისთვის დაკარგულია?

- როგორც ჩვენთვის აფხაზეთია დაკარგული, ასევეა ყირიმი უკრაინისთვის. მეორე მხრივ, ბუნებაში უცვლელი არაფერია; არავინ იცის, რა სიტუაცია იქნება მსოფლიოში ერთი 20—30 წლის შემდეგ. საფრანგეთმა ელზასი და ლოთარინგია 50 წლის, ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიბრუნა. ამიტომ საბოლოოდ დაკარგვაზე საუბარი ზედმეტია, ამაზე პასუხი არავის აქვს. პასუხი შეიძლება გვქონდეს მხოლოდ იმაზე, რომ უკრაინა არასოდეს შეეგუება ამ დანაკარგს, რომ საქართველო არასოდეს შეურიგდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამოშორებას. ისევე, როგორც გასულ საუკუნეში საფრანგეთი არ შეეგუეა ელზას-ლოთარინგიის დაკრგვას. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ სამუდამოდ, დროებით, თუ რამდენი წლით არის დაკარგული, ამაზე ზუსტ პასუხს აბსოლუტურად ვერავინ გაგცემთ. თუ ვინმემ მსგავსი პასუხი გაგცათ და ვადა დაასახელა, ის ელემენტარული თაღლითია ან ფსიქიკასთან ვერ აქვს ნორმალური ვითარება.

- რა დასკვნები ვერ გამოიტანა 2008 წლის აგვისტოს ომიდან უკრაინულმა მხარემ, რის გამოც პროცესები უკუღმა წავიდა?

- უკრაინის მაშინდელმა, იანუკოვიჩის ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა დასკვნები, რომ არ შეიძლებოდა ორმოც მილიონიან ქვეყანას (ეს ხომ ოთხმილიონიანი საქართველო არ არის) საერთოდ არ ეფიქრა საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაზე; აი ეს დასკვნა ვერაფრით გააკეთეს, რასაც დღეს უკრაინის სხვა მთავრობა მწარედ იმკის. კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ფაქტი არ მახსოვს, რომ 40 მილიონიან ქვეყანას არმია არ ჰყოლოდა. მსგავსი არაფერი ყოფილა, რომ ქვეყანას საერთოდ არ ეფიქრა თავისი საზღვრების დაცვაზე. ამიტომ სწორია შეფასება, რომ კიევმა ჩვენი ტრაგედიებიდან ანალიზი ვერ გააკეთა და სათანადო ნაბიჯები ვერ გადადგა.

- ამის გამო, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება რა შედეგების წინაშე აღმოჩნდა?

- მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი, ეს მიიღო დღევანდელმა კიევის მმართველობამ; ასევე, პუტინი რთული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და ეს ყველაფერი მხოლოდ ნავთობზე ფასების დაცემას არ შეიძლება დაეწეროს. როდესაც პუტინი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობი 30 დოლარი ღირდა, მეტი კი არა. ხოლო რუსეთის მაშინდელი განვითარების ტემპი, წელიწადში შვიდნახევარი პროცენტი იყო. დღეს ბარელი ნავთობის ფასი 55-60 დოლარში მერყეობს და რუსეთის განვითარების ტემპები უკვე მინუსებში არის წასული. უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ ამას მიაღწია, იგივე სანქციებს და რომ მსოფლიო, უპირველესად ევროპა რუსეთს განიხილავს, როგორც რეალურ საფრთხეს. პირველად მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, ევროპის სახელმწიფოები ძალიან დიდი ჭრაჭუნით და  უხალისოდ, მაგრამ იძულებული გახდნენ დაეწყოთ სამხედრო ხარჯების გაზრდა. ეს, რასაკვირველია, უკრაინის ამ ხელისუფლების დამსახურებაა.

- სადამდე შეიძლება წავიდეს ეს პროცესები?

- ეს მხოლოდ ბებერ ევროპასა და შეერთებულ შტატებზე არის დამოკიდებული; სადამდე ეყოფა დასავლეთს ამ თვალსაზრისით მტკიცე ნებისყოფა.

- რამდენად ემუქრება მათ ერთიანობას საფრთხე, იგივე საბერძნეთის ბოლო პოზიციები რომ გავითვალისწინოთ...

- ევროპა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მედიას საერთოდ არ აინტერესებს ის, რაც დღეს ე.წ ისლამურ სახელმწიფოში ხდება. სულ რამდენიმე თვეში, იტალიის გავლით ევროპაში 220 ათასი მუსულმანი ჩავიდა, არალეგალებს ვგულისხმობ; ამდენი ადამიანიდან ყველა მშვიდობიანი და ომსგამოქცეული მოქალაქეა? იქ არ არიან იგივე ისლამური სახელმწიფოს მიერ შეგზავნილები?

ამ დღეებში მორიგი საშინელება მოხდა; არალეგალები ლიბიიდან იტალიისკენ რეზინის ნავებით მიდიოდნენ; იქ ჩხუბი მოუვიდათ და მუსულმანებმა ქრისტიანები ზღვაში გადაყარეს, ისინი დაიხრჩვნენ. ზოგიერთი მონაცემით, ოცდაათამდე ადამიანი ზღვის ფსკერისთვის გაიმეტეს. ესეც უკვე სერიოზული გამოწვევაა; არავინ უწყის, ასეთ რადიკალურ ისლამიზაციას სამომავლოდ რა მოჰყვება.

- ამ რეალობის გათვალისწინებით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ?

- პირველ რიგში, თავისი საზღვრების დადგენა უნდა დაიწყოს. დღეს არც ერთ ჩვენს მეზობელთან გარკვეული არ გვაქვს საზღვრები. ამბობენ, თურქეთთან გვაქვს საბჭოთა კავშირის დროს გატარებული ხაზებიო. მაგრამ ამ ქვეყნის სკოლებში, მეთერთმეტე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, მთელი აჭარა თურქეთის ტერიტორიაში არის მოქცეული.   

საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება. რასაკვირველია, ქვეყანაში ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების განმტკიცება უნდა დაიწყოს. ჩვენი სამშობლო, რაეალურად, არა მინისტრების განცხადებებისა და დეკლარაციების დონეზე, არამედ ხალხის ცხოვრების დონეზე ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს, ევროპულ-დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. ქვეყანამ, უპირველესად, ეს უნდა გააკეთოს.

- რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების თქვენეული რეცეპტი როგორია?

- ძნელია ეს საქმე, მაგრამ აუცილებელად გასაკეთებელია. ამას წინათ, ერთმა ჩვენმა ძალიან დამოუკიდებელმა ექსპერტმა თქვა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან რუსეთი არასასიამოვნო პარტნიორიაო. იცით რა, სასიამოვნო პარტნიორი ზოგჯერ საკუთარ სახლში ცოლიც კი არ არის. სწორედ არასასიამოვნო და რთული რომ არის, აუცილებელია მასთან დიალოგის დაწყება; და არა ლანძღვა-გინების გაგრძელება - ოპოზიცია იგინება და ხელისუფლება ჩვეულ სტილში წაუყრუებს, ვითომ საერთოდ არ არსებობს რუსეთის ფაქტორი; ასე არ შეიძლება. ქართულ  დიპლომატიას მეტი აქტიურობა მართებს რუსეთის მიმართულებით.

- პირველი პირების შეხვედრის ჩათვლით?

- აუცილებლად, მაგრამ ამ უმაღლესი დონის შეხვედრას მომზადება სჭირდება. მოუმზადებლად, თავისუფალი ტურისტივით მხოლოდ ჩვენმა პრეზიდენტმა შეიძლება იაროს, როგორც დადის კიდეც. ჩვენი მეთაური ხან სად არის, ხან კიდევ სად, მაგრამ არც მის წასვლაშია საღი აზრი და არც ჩამოსვლაში; რაც მიაქვს, ისევე უკან მოაქვს.

უნდა დაიწყოს სამზადისი უმაღლესი დონის შეხვედრისთვის. არა საჯაროდ, რომ მერე პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გამოვიდნენ და ერთი ვაი-უშველებელი ატეხონ. ხშირად ეს საჭიროა კონფიდენციალურ დონეზე; უფრო მაღალ დონეზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, ვიდრე ეს აბაშიძე-კარასინის ფორმატია, რომელიც უკვე სასაცილო ხდება.

- პრეზიდენტების მსგავს შეხვედრას რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს?

- წინასწარ ამაზე ვერავინ იტყვის; დიპლომატია მათემატიკა არ არის, რომ წინასწარ ფორმულა გამოიყვანოთ და ამაზე პასუხი დადოთ. დიპლომატიაში შედეგი დამოკიდებულია დიპლომატთა კვალიფიკაციაზე და პოლიტიკურ ნებაზე. ეს ორი ფაქტორი, პოლიტიკური ნება და მაღალი კვალიფიკაცია თუ არსებობს, გარკვეული შედეგი შეიძლება გარანტირებული იყოს.

- როგორ უნდა მოიძებნოს ბალანსი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში  მისწრაფებასა და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებს შორის?

- ყოველ შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, დღესისთვის გადაუდებელი ფაქტორია. ნატოში ჩვენი მიღება შეიძლება კიდე ათეულობით წელს გაიწელოს. სანამ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსთან ასეთი ფლირტი გაგრძელდება, მანამდე რუსეთის ქმდება როგორი იქნება, ამის არანაირი გარანტიები არ არსებობს.

- მაინც სადამდე შეიძლება წავიდეს რუსეთის ხისტი პოლიტიკა?

- ძნელი სათქმელია. პუტინმა დაამტკიცა, რომ მისთვის რაღაც საზღვრები არ არსებობს; რომ აქ არის რაღაც წითელი ხაზი, რომელსაც ვლადიმიროვიჩი არ გადააბიჯებს. მისთვის ასეთი დაბრკოლება, უბრალოდ, არ არსებობს, რაც უკვე დაადასტურა. ამიტომ მიჭირს საუბარი, თუ სადამდე შეიძლება წავიდეს - სადამდეც ის ჩათვის საჭიროდ, მორჩა და გათავდა.

- ბოლოს, ერთგვარი გამოსავლის შესახებ ვუთხრათ მკითხველს...

- მხოლოდ მოლაპარაკება; ჯერ კიდევ რიშელიესდროინდელმა დიპლომატიამ იცოდა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია, მაშინაც კი, როდესაც ამ მისი ეფექტურობის შანსი მინიმალურია. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანამ უნდ აწარმოოს მოლაპარეკება თავის პრობლემატურ მეზობელთან.

- ანუ, "დათვისთვის ბაბაიას დაძახება" ყოველთვის უარყოფითი შედეგის მომტანი არ არის?

- რასაკვირველია, არა. 

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"    

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია