myrights.ge
ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პირისპირ შეხვედრა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმამდე გაიმართა.
ირაკლი პეტრიაშვილმა ჰაინც ფიშერს მადლობა გადაუხადა იმ პოზიციისთვის, რომელიც ავსტრიის მთავრობას საქართელოს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში აქვს და მხარდაჭრისთვის, რომელსაც ავსტრია ადგილობრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის პროფკავშირებს უცხადებს.
"საუბარი შეეხო იმ ბარიერებსა და ნაკლოვანებებს, რომელსაც ქართული დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან აწყდება. კერძოდ, სოციალური დიალოგის, საზოგადოებრივ ჩართულობის, შრომის უსაფრთხოების, ქალთა უფლებების და კოლექტიური მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და აუცილებლობას – რაც სტაბილურობისა და საზოგადოების კონსოლიდაციის წინაპირობაა; კონსოლიდაციის, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს როგორც შიდა, ასე გარე საფრთხეებს.
ჰაინც ფიშერმა პროფკავშირებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა და მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს გაუზიაროს სამოქალაქო განვითარების ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც ავსტრიის პოფკავშირებს აქვთ. აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტი ფიშერი 50 წელია პროფკავშირის წევრია", - აღნიშნულია გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციაში.
შეხვედრაზე დაიგეგმა ირაკლი პეტრიაშვილის ვიზიტი ავსტრიაში, რომელიც 23-26 ივნისს შედგება.
ავსტრიის პრეზიდენტის დელეგაციაში, როგორც ბიზნესმენები, ასევე პროფკავშირების წევრებიც არიან.