„გაფიცვის შემდეგ სამსახურიდან „ახალი პროფკავშირის“ წევრები და ლიდერები გაათავისუფლეს“
(მოკვლევა)
შარშან, დეკემბრის დასაწყისში, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა ფართომასშტაბიანი გაფიცვა წამოიწყეს და ადმინისტრაციასთან კონკრეტულ მოთხოვნებზე შეთანხმებას მიაღწიეს. სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, ერთი პუნქტის გარდა, დარგის ხელმძღვანელობამ დანაპირები არ შეასრულა. პირიქით, ღვაწლმოსილი თანამშრომლები სისტემიდან იმის გამო გაუშვეს, რომ ისინი ახალი (დამოუკიდებელი) პროფკავშირების წევრები არიან და საპროტესტო გამოსვლაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ილია ლეჟავას ინფორმაციით, საახალწლოდ დარიგებული პრემიის (ხელფასის 50%) გარდა, ამ მომენტისთვის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა; ამასთან, რკინიგზის ადმინისტრაციამ გაფიცულებს პრემიის სახით ხელფასის 50% დაურიგა და ვინც მასში არ მიიღო მონაწილეობა - 100%:
„დღემდე არ შესრულებულა შეთანხმების მე-8 პუნქტი, რომელიც დავების მომწესრიგებელი ორმხრივი კომისიის შექმნას გულისხმობდა; მეტიც, გაფიცვის შემდეგ სამსახურიდან გაანთავისუფლეს არაერთი „ახალი პროფკავშირის“ წევრი და ლიდერები. დღემდე არ არსებობს კვარტლური პრემიების დებულება და არ შესულა ძალაში ახალი სახელფასო სისტემა“.
რას ითვალისწინებს 2014 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმება სს „საქართველოს რკინიგზასა“ და „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს“ შორის
ხელმოწერით მხარეები ვთანხმდებით შემდეგზე:
- შეიქმნება სპეციალური კომისია სს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით პარიტეტულ საწყისებზე. აღნიშნული კომისიის მიზანია გაფიცვამდე, მიმდინარეობისა და გაფიცვის შემდგომ, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლთა მიერ გაფიცულთა მიმართ ზეწოლის განხორციელების, დევნისა და შევიწროების ფაქტების (დათხოვნა, დაქვეითება, ფინანსური სანქციების გატარება და სხვა სახით დისციპლინური სასჯელის ფორმა) შესწავლა და კომპანიის დირექტორთა საბჭოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება.
ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, აღნიშნული ორგანო მიიღებს ადეკვატურ საკადრო და დისციპლინურ გადაწყვეტილებებს. აღნიშნული კომისია ასევე განახორციელებს მონიტორინგს კოლექტიური შეთანხმების შესრულებაზე და განიხილავს ყველა სახის შრომით დავას. აღნიშნული კომისიის დებულებას (კომპეტენციას, მუშაობის რეგლამენტს და ა.შ.) მხარეები განსაზღვრავენ ერთობლივად, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში და კომისია მოქმედებას დაიწყებს ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში.
ამ კომისიის გადაწყვეტილებები მხარებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.
„ერთი გაფიცვის რამდენიმე გაკვეთილი“
შეთანხმების გაფორმებიდან მალევე, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში განაცხადეს, რომ ლოგიკის საპირისპიროდ, რკინიგზის ადმინისტრაციამ გაფიცვიდან პირველი მცდარი დასკვნა გამოიტანა – უარი უთხრა სოციალურ პარტნიორობას და ყოველმხრივ წააქეზა სოციალური ინფანტილიზმი; მათივე შეფასებით, რკინიგზის ადმინისტრაციამ სასჯელის ფორმად უთანასწორო პრემია გამოიგონა; კერძოდ:
„გაფიცვაში მონაწილე რკინიგზელებმა საახალწლო პრემიის სახით, მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხელფასის 50 % მიიღეს; სამაგიეროდ, ვინც გაფიცვის დღეებში შტრეიკბრეხერის როლი იტვირთა, პრემიის სახით ხელფასის 100% მიიღო. რკინიგზის მრავალ ათას დასაქმებულს შორის ასეთი 600 აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ გაფიცვამდე, ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრი დავით ვაშაკიძე უკანონოდ გაუშვეს რკინიგზის სისტემიდან; გაფიცვის შემდეგ, შერჩევითი სამართლის ყველაზე ინკვიზიციური მეთოდით სისტემა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრს, კახაბერ კახაძეს დაატოვებინეს.
გაფიცვის გაკვეთილია ისიც, რომ „ყვითელი“ (ადმინისტრაციისგან მართული) პროფკავშირი აღარ არის ის, რაც უწინ იყო. სოციალური ინფანტილიზმი სოციალურ პასუხისმგებლობასთან შეჯახებისას, უბრალოდ, დაიმსხვრა“, - განაცხადეს „ახალ პროფკავშირებში“.
ამის შემდეგ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი წერილს უგზავნის რკინიგზის გენერალურ დირექტორს, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სადაც სხვა თანამშრომლების შევიწროების კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი:
- სამსახურიდან მალევე, რკინიგზის ფილიალ „გლობალ ბიზნეს სოლუჟენ-ში“ დასაქმებული ჩვენი პროფკავშირის სამი წევრი გაათავისუფლეს. საგულისხმოა, რომ ფილიალში 150 დასაქმებულიდან მხოლოდ ეს 3 იყო ჩვენი ორგანიზაციის წევრი;
გაფიცვის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის დასავლეთ საქართველოში მოადგილის, მერაბ თარგამაძის მამას წერილობით აცნობეს დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;
ინსტრუქციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან განხილვაზე გამოცხადების შეტყობინება მოუვიდა სადგურ ქუთაისის მორიგეს და პირველადი პროფ–ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დიმიტრი სულაქველიძეს. განხილვამ ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობის გარეშე ჩაიარა, როდესაც „პროფესიული კავშირებ-ის“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინარული წესით დასჯა“. საბოლოოდ, დიმიტრი სულაქველიძე ხელფასის 10%-ის ჩამოჭრით დასაჯეს.
დავით ვაშაკიძე: დამიბარა გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ალექსი ნიკოლეიშვილმა და მითხრა...
„ქრონიკა პლუსმა“ რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლები, დავით ვაშაკიძე და კახაბერ კახაზეც გამოკითხა.
- ბატონო დავით, რა პირობებში გაგათავისუფლეს სამსახურიდან.
- გაფიცვამდე 10 დღით ადრე დამიბარა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ალექსი ნიკოლეიშვილმა და მითხრა, რომ თუ გაფიცვაზე ხალხს არ გამოვიყვანდი და მათ გვერდით დავდგებოდი, დამაწინაურებდა; მიშვებდა ერთ-ერთ სადგურში დირექტორად, მაღალანაზღაურებადი ხელფასით; თუ არადა, გააუქმებდა ჩემს სამუშაო ადგილს. უარის შემდეგ, მართლაც გააუქმა ჩემი სამუშაო ადგილი და გადამიყვანა საცხოვრებელი სახლიდან 180 კილომეტრის მოშორებით, რომელიც ჩემთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელია. ამის გამო, სასამართლოში სარჩელი შევიტანე და უკვე 6 თვეა განაჩენს ველოდები.
როგორც ჩანს, იქაც მიუწვდებათ ხელი და დღემდე სასამართლო პროცესი არ ჩანიშნულა, ვარ მის მოლოდინსში.
- გათავისუფლების შემდეგ როგორ ცხოვრობთ და რას აპირებთ სამომავლოდ?
- ამჟამად უმუშევარი ვარ და მხოლოდ პროფკავშირულ საქმიანობას ვეწევი.
- კონკრეტულად სად, რა პოზიციაზე მუშაობდით და 180 კმ-ს მოშორებით სად გადაყავდით?
- 22 წელი სადგურის მორიგედ კოპიტნარში ვმუშაობდი; გადმომიყვანენ უფროსის თანაშემწედ სადგურ სამტრედიაში და ოთხ თვეში, ეს შტატი გააუქმეს, რადგან გარიგებაზე არ წავედი; ამის შემდეგ, დაბალ ხელფასზე ჩაქვში, სადგურის მორიგედ გადამიყვანეს.
- რა გაძლევთ საფუძველს თქვათ, რომ სასამართლოზეც ხელი მიუწვდებათ?
- არა მგონია 6 თვე დასჭირვებოდა ამ საქმეს; ამსთანავე, უამრავი საჩივარი გვაქვს შეტანილი სხვადასხვა საკითხზე სასამართლოში და პროკურატურაშიც, არც ერთზე პასუხი არ მიგვიგია
კახაბერ კახაძე: როგორც კი მომენტი ხელში ჩაუვარადათ, თითზე დახვეული მიზეზით, გამიშვეს სამსახურიდან
- სადგურ თბილისი მახარისხებელში მორიგის ოპერატორად ვმუშაობდი; პირადად გადაზიდვების დირექტორმა გამიშვა სამსახურიდან.
გაფიცვის შემდეგ შეთანხმება შედგა და ორმხრივი კომისია უნდა შექმნილიყი დასაქმებულთა უფლებების დასაცავად. ამ დროს, გაფიცვის დაწყებიდან პირველივე დღეს სამსახურიდან გამაგდეს.
- ვინ არის გადაზიდვების დირექტორი?
- ალექსი ნიკოლეიშვილია.
- ანუ, რკინიგზის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე...
- დიახ, მოადგილეა; დირექტორთა საბჭო ხუთკაციანია და ის ერთ-ერთი, გადაზიდვების სამსახურის დირექტორია.
- ამ გადაწყვეტილებამდე ნიკოლეიშვილს წინასწარი თუ ესაუბრეთ?
- არა, იცოდნენ, რომ აღნიშნულ თემაზე ჩემთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. უბრალოდ, როგორც კი მომენტი ხელში ჩაუვარადათ, თითზე დახვეული მიზეზით, გამიშვეს სამსახურიდან.
- რა მიზეზზე საუბრობთ?
- გაფიცვის დაგეგმვის დღეს ოფიციალურად მორიგე ვიყავი და ადმინისტრაციამ მორიგეობიდან გამათავისუფლა. ანუ, ჩემთან შეთახმების გარეშე, მორიგეობიდან გამომაგდეს. გაფიცვა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდში, ჩემს სამუშაო ადგილზე, სადგურის ტერიტორიაზეც არ მიშვებდნენ.
მერე, არაოფიციალურად, ჩემი სადგურის უფროსის მოადგილე შემეხმიანა და მითხრა, რომ ხვალისთვის ცვლაში ჩამსვამდა. განვუმარტე, რომ შეთანხმება შედგა და გაფიცვის მეორე დღეზე იყო საუბარი, ამას მთელი საქართველო ელოდებოდა. ეს შეთანხმება ხალხისთვის უნდა გაგვეცნო, რომ სამუშაო ადგილებს დაბრუნებოდნენ. ავუხსენი, რომ სამსახურში ვერ მოვიდოდი მარტივი მიზეზის გამო, რომ შეთანხმება გაფიცული ხალხისთვის უნდა გამეცნო. ამიტომ წინასწარ იცოდნენ, რომ სამსახურში ვერ გამოვცხადდებოდი. თან ამ დროს, ჩემს ნაცვლად სხვას ამუშავებდნენ, ეს კაცი შეგნებულად სამსახურში არ მიიყვანეს; ნახევარ საათში აქტი გააფორმეს, ოქმი შეადგინეს, რომ სამსახურში არ მივედი; თითზე დაიხვიეს, რომ გაფიცვის მეორე დღეს იქ არ გამოვცხადდი, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ ვერ მივიდოდი იმ დღეს.
- ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება პროფკავშირების წევრობას უკავშირდება?
- რა თქმა უნდა, აქ ორი აზრი არ არსებობს.
- მანამდე, მინიშნება ხომ არ ყოფილა, რომ ახალი პროფკავშირი დაგეტოვებინათ?
- ზუსტად იცოდნენ, რომ ამ პოზიციაზე მყარად ვიდექი და ამ თემაზე საუბარს აზრიც არ ჰქონდა. რაღაც მინიშნებები იყო, მაგრამ ხისტად, ან დატოვე პროფკავშირი, ან სამსახურიდან წახვალო, ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა.
- ახლა რას საქმიანობთ და რა გეგმები გაქვთ?
- არაფერსაც არ ვსაქმიანობ, სოფელში ვარ და ვცდილობ, ოჯახს მოვუარო.
სიმართლე გითხართ, ისეთ გარემოში, როგორიც ახლა რკინიგზაში სუფევს, მუშაობის სურვილი არც მაქვს.
- რას გულისხმობთ?
- ადმინისტრაცია, გარემოა ისეთი, რომ რკინიგზელის შრომა არ ფასდება. ისევ ნეპოტიზმი, ნაცნობ-მეგობრობაზე დამყარებული სამსახურია. ამ სისტემაში პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღება არ ექცევა. ცხოვრების წესით რკინიგზელი ვარ და ასეთ სიტუაციაში ჩემთვის მუშაობას აზრი არ აქვს. ოჯახის ყველა წევრი რკინიგზელია, ამ ორგანიზაციაში არ დავბადებულვარ, მთელი ცხოვრება მის ირგვლივ გავატარე. დაბრუნების სურვილი მაქვს, მაგრამ ნორმალურ და გამართულ ორგანიზაციაში.
არ შეიძლება, ათეულობით წლების სტაჟის მქონე რკინიგზელს ერთ დღეში შარი მოსდო და უსახსროდ დატოვო მხოლოდ იმის გამო, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრობა და სამართლიან გაფიცვაში მონაწილეობა გაბედა. მსგავსი დამოკიდებულება სისტემას კარგს არაფერს მოუტანს.
რკინიგზის მენეჯმენტი ახალ პროფკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების უგულებელყოფას აგრძელებს
ცოტა ხნის წინათ, რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში განაცხადეს, რომ რკინიგზის მენეჯმენტი მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების უგულებელყოფას აგრძელებს
კერძოდ, 13 000 რკინიგზელი კორპორატიული დაზღვევის გარეშეა დარჩენილი. „საქართველოს რკინიგზასა“ და სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ შორის გაფორმებული სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა, ხოლო კომპანიის მიერ აღნიშნული სერვისის მისაღებად გამართული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ჩაერთვნენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება N36-ით განსაზღვრულ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა, რომლის სარგებლობის ქვეშაც მოექცნენ რკინიგზელები, არ გულისხმობს ისეთ მნიშვნელოვან შეღავათებს, როგორიცაა, მაგალითად, მედიკამენტებზე ფასდაკლება და მთელი რიგი სხვა სამედიცინო სერვისები, რაც ნათლად ცხადყოფს, რომ დღეისათვის არსებული მდგომარეობით რკინიგზელების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები მკვეთრად გაუარესდა“.
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს რკინიგზის მენეჯმენტს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საპარტნიორო ფონდს, რომლის ოფიციალურ მფლობელობაში გახლავთ სს „საქართველოს რკინიგზა“ უმოკლეს დროში მოაგვარონ აღნიშნული საკითხი, რათა რკინიგზელებს და მათ ოჯახებს კვლავ შეეძლოთ ისარგებლონ ნორმალური სამედიცინო მომსახურებით, ასევე მედიკამენტებზე ფასდაკლებებით, რაც წინა სადაზღვევო მოსახურებაში შედიოდა და რკინიგზელების ისედაც არასახარბიელო სოციალურ მდგომარებას დიდ შეღავათს უწევდა.
„აქვე მოვუწოდებთ რკინიზგის მენეჯმენტს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს შიდა პროექტი, რომლის მეშვეობითაც, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე რკინიგზელებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ დახმარება. ვიმედოვნებთ, რომ რკინიგზის მენეჯმენტის წარმომადგენლების მიერ დღეს მოცემული პირობა უახლოეს დღეებში შესრულდება და რკინიგზლებს კვლავ შეეძლებათ ისარგებლონ ნორმალური კორპორატიული სამედიცინო დაზღვევით. ასევე მოვუწოდებთ, რომ მომავალში მეტი პასუხისმგებლობით, პროფესინალიზმით და სოციალური პარტნიორობის პრინციპების დაცვით მოვეკიდოთ მსგავს უმნიშვნელოვანს საკითხებს, რათა სოციალურად სამართლიან გარემოში შევძლოთ განვითარება“, – ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე გთავაზობთ რკინიგზის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია) პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე:
- რკინიგზის ახალ პროფკავშირში აცხადებენ, რომ საახალწლოდ დარიგებული 50%-იანი პრემიის გარდა, ამ მომენტისთვის 9 დეკემბრის შეთანხმების თითქმის არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა; მეტიც, რკინიგზის ადმინისტრაციამ გაფიცულებს ხელფასის პრემიის სახით 50% დაურიგა და ვინც გაფიცვაში არ მიიღო მონაწილეობა, მათ 100%;
- 2014 წლის 9 დეკემბრის შეთანხმების 1 პუნქტის შესაბამისად, რკინიგზამ გასცა ხელფასის 50% საახალწლო პრემია ყველა თანამშრომელზე (ადმინისტრაციის გარდა). წლის სხვადასხვა პერიოდში, ასევე გასცა პრემია წარჩინებულ თანამშრომლებზე, დამსახურების მიხედვით. 2015 წლის მე-2 კვარტლიდან ძალაში შევიდა ახალი საპრემიო სისტემა და შესაბამისად, მე-2 კვარტლის დასრულებისთანავე, ანუ ივლისის თვის ხელფასთან ერთად რკინიგზელები მიიღებენ კვარტალურ პრემიას, შეფასებით მინიჭებული ქულების მიხედვით, სამი თვის ხელფასის ჯამის გარკვეული პროცენტის ოდენობით. ასევე, შეთანხმების ვადების დაცვით, მიმდინარეობს ახალ სახელფასო სისტემაზე მუშაობაც.
- მათივე თქმით, დღემდე არ შესრულებულა შეთანხმების მე-8 პუნქტი, რომელიც დავების მომწესრიგებელი ორმხრივი კომისიის შექმნას გულისხმობდა; მეტიც, გაფიცვის შემდეგ სამსახურიდან გაანთავისუფლეს არაერთი „ახალი პროფკავშირის“ წევრი და ლიდერები; რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე აცხადებს, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს აიძულებს, რომ მის მიერ შექმნილ პროფკავშირში გაწევრიანდნენ; მისივე თქმით, ამ ნიშნით 7 ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს, რაზე სარჩელებია შეტანილი...
- რკინიგზაში მართლაც არსებობს ორი პროფესიული კავშირი, ერთი საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი, რომელსაც წელს 110 წლის იუბილე აქვს და მეორე, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, რომელიც სულ რაღაც 2 წელია მოქმედებს. აქედან გამომდინარე, რომელი ვისი შექმნილია, ეს თვითონ არკვიონ ერთმანეთში.
- ახალი პროფკავშირის წევრი დავით ვაშაკიძე აცხადებს, რომ გაფიცვამდე 10 დღით ადრე დაიბარა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ბატონმა ალექსი ნიკოლეიშვილმა და უთხრა, რომ თუ გაფიცვაზე ხალხს არ გამოიყვანდა და დადგებოდა მათ გვერდით, დააწინაურებდა და უშვებდა ერთერთ სადგურში დირექტორად მაღალანაზღაურებადი ხელფასით, თუ არადა, გააუქმებდა მის სამუშაო ადგილს; მისივე თქმით, უარის შემდეგ, მართლაც გააუქმა სამუშაო ადგილი და სამუშაოდ გადაიყვანა საცხოვრებელი სახლიდან 180 კილომეტრის მოშორებით, რომელიც ფაქტობრივად მისთვის მიუწვდომელია; ამის გამო, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაჩენს ელოდება...
- თქვენ მიერ დასახელებული პირი, არაერთი სამსახურეობრივი გადაცდომისა და გაფრთხილების მიუხედავად, მაინც აცდენდა სამსახურს არასაპატიო მიზეზით; ამის გამო, ადმინისტრაციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. სამსახურებრივი დიციპლინის დარღვევისა და სისტემატიური გაცდენის გამო, ყველა დასაქმებულს ანალოგიური პასუხისმგებლობა დაეკისრება და ამაში გასაკვირი არაფერია.
თუ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს.
- ასევე, ყოფილი რკინიგზელი კახაბერ კახაზე მისი სამსახურიდან გათავისუფლებას ახალი პროფკაშირის წევრობასა და გაფიცვაში მონაწილეობას უკავშირებს...
- იგივე მიზეზით გათავისუფლდა კახაბერ კახაძეც, რომელსაც დამატებით, ერთი წლის მანძილზე 6 წერილობითი გაფრთხილება ჰქონდა მიღებული, დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო.
- ურიცხავს თუ არა რკინიგზის ხელმძღვანელობა საკუთარი პროფკავშირის ხელმძღანელებსა და წევრებს პრემიებს, რაზეც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი საუბრობს?
- ეს კითხვა უკვე შეურაცხმყოფელია, როგორც ზოგადად რკინიგზისათვის, ასევე იმ რკინიგზელებისათვის, ვინც საკუთარი ინტერესების დასაცავად არიან გაერთიანებული ამა თუ იმ პროფკავშირში. ვიმეორებთ, ვერანაირად ვერ შევქმნიდით 110 წლით ადრე იმ პროფკავშირს, რომელზეც დღეს საუბრობთ. კარგი იქნება, თუ დაინტერესდებით და გაარკვევთ, რომელი პროფკავშირი როდის, როგორ და ვის მიერ არის შექმნილი.
- როდის აღუდგებათ რკინიგზელებს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა?
- რკინიგზელები სარგებლობენ ანალოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებით, რასაც სადაზღვევო კომპანია ირაო სთავაზობდა. საუბრები იმის შესახებ, რომ რკინიგზაში დასაქმებულები აღარ არიან უზრუნველყოფილი სამედიცინო სადაზღვევო მომსახურებით, არის ტყუილი და რკინიგზელების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კომპანიაში დასაქმებულებს საქართველოს რკინიგზა სრულად უფარავს ყველა იმ სამედიცინო სერვისის საფასურს, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ირაო უფინანსებდა. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა რკინიგზელებმა უახლოეს მომავალში ისარგებლონ გაცილებით უკეთესი სამედიცინო სადაზღვევო მომსახურებით, ვიდრე აქამდე სარგებლობდნენ.
P.S. ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს რკინიგზელების შრომითი უფლებების დაცვაზე.
გელა მამულაშვილი
მასალა გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"