მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რას მოგვიტანს საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა? - 28 ივლისი 2015

შეეძლება თუ არა მას რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების, ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა?

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველომ შეიძინა საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია, რაც კი მსოფლიოში არსებობს. მისივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ამაღლების მიზნით საფრანგეთთან მეორე ხელშეკრულების ხელმოწერაც იგეგმება.

„ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დასრულებისას, როდესაც ეს ტექნიკა იქნება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე იქნება დაცული, რაც დღეს პრაქტიკულად არ გვაქვს. რაც ჩვენ შევიძინეთ, ეს არის საჰაერო თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის ყველაზე უფრო თანამედროვე, ბოლო მოდელის ტექნოლოგია, რაც კი დღევანდელ მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ეს პროცესი არ დამთავრებულა. ჩვენ მხოლოდ პირველ ეტაპზე ვართ. ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და ძალაშია. შესაბამისად, ახლა გაწერილი გრაფიკის მიხედვით ჩვენ დავიწყებთ ფულის გადახდას და ისინი - მოწოდებას. 

შემდეგ ეტაპზე ვგეგმავთ მეორე ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ განსხვავებით ხელშეკრულების მანამდე არსებული ვერსიებისგან, პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. არანაირი ხარვეზი თუ დანაკლისი ან დღეს ფინანსური პრობლემა გვაქვს, ამიტომ ეს დავაკელი, აღარ იქნება. 

ვისაც კითხვები აქვს, 13%-ით არის თუ 93%-ით ეს შესრულებული, შემიძლია ვუთხრა, რომ ჩვენ წავედით ყველაზე უფრო დიდ მოცემულობაზე, სრულ კომპლექტაციაზე, რაზეც, შესაძლოა, 2 წლის წინ არც კი ვფიქრობდით. არა იმიტომ, რომ ვიღაცა უფრო მაგარია ან ნაკლებად მაგარია, არამედ იმიტომ, რომ არ ჩანდა შესაძლებლად. დღეს ეს შესაძლებლობა შეიქმნა და ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ერთად ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ“, - ამბობს  თინა ხიდაშელი.

ამასთან, ხიდაშელი არ აკონკრეტებს თარიღს, როდის ჩამოვა საჰაერო თავდაცვითი შეიარაღება საქართველოში.

ვარშავის სამიტის მოლოდინებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ „მე რომ მკითხოთ, საქართველო არა მარტო მაპ-ს (გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას), ნატოს წევრობას იმსახურებს. მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად მაპ-ი არის ის აუცილებელი საფეხური, რომელიც საქართველომ ალიანსში გაწევრიანებამდე უნდა გაიაროს:

„მე რომ მკითხოთ, საქართველო იმსახურებს წევრობას, მაგრამ ჩვენ ბუქარესტის დეკლარაციაში ცალსახად გვიწერია, რომ უნდა გავიაროთ საფეხური, რომელსაც მაპ-ი ჰქვია. ეს არის პირობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების; ამიტომაც, ბუნებრივია, დღეს ვსაუბრობთ მაპ-ზე, როგორც აუცილებელ და სავალდებულო პირობაზე. 

რაც შეეხება ვარშავის სამიტს, მე როცა ვამბობ, რომ ეს არის მოლოდინებისა და იმედების სამიტი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ქვეყანას ვგულისხმობ, მაგრამ არა მხოლოდ - იმდენი გამოწვევის წინაშე დადგა წინა სამიტი და ვარშავამდე მსოფლიო, რომ ვფიქრობ, ვარშავის სამიტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრინციპული და მნიშვნელოვანი იქნება. ბევრი ისეთი საკითხია ვარშავის დღის წესრიგში, რომელიც ყველაზე მაღალი საფრთხეების მატარებელია დღევანდელი მსოფლიოსთვის. 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მონტერეგროს თემა, რომელსაც მაღალი ალბათობით, ალბათ, უკვე წევრობის მოწვევას გაუგზავნიან. ეს არის კარგი გზა, კარგი გზავნილი, კარგი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება რამდენიმე წელიწადში დაასრულო პროცესი, თუ საშინაო დავალებას სწორად ასრულებ და სწორად მოქმედებ. ამიტომ სწორედ ამ გზის დასაწყისს ველოდები ვარშავაში, რომელიც წინა სამიტიდან ვარშავამდე გაიარა მონტენეგრომ“.

საჰაერო თავდაცვისუნარიანობის სისტემის შეძენასა და ნატოსთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ვესაუბრებით:

- აქ საუბარია საჰაერო თავდაცვის გარკვეული სისტემების შეძენაზე. საბოლოოდ, ჯერ არ არის გაცხადებული, თუ კონკრეტულად რაზეა აქცენტი გაკეთებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნაბიჯი აამაღლებს ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვას. ჯერჯერობით, მხოლოდ ის უნდა ვთქვათ, რომ მობილური რადიოლოკაციური სადგური შეიძლება იქნას შესყიდული, ხელშეკრულება ამას მოითხოვდა; ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მაგიდაზე სწორედ ეს - „ჯიემ 200“ ტიპის მობილური რადიოლოკაციური სადგურის მაკეტი იდგა და სავარაუდოდ, ამაზეა საუბარი. 

- რატომ არ ხდება ამ ეტაპზე ინფორმაციის გასაჯაროება? 

- მიიჩნევენ, რომ ეს სამხედრო საიდუმლოებაა. გარდა ამისა, აქ არის კომერციული საიდუმლოებაც. მაგრამ გაეროს შეიარაღების რეესტრის მიხედვით (ის ყოველ წელიწადს განახლდება ხოლმე), როგორც წესი, ქვეყნები, რომლებიც რაღაც შეიარაღებას ყიდიან ან ყიდულობენ, იქვე (რეესტრში) ინფორმაციასაც ათავსებენ. სავარაუდოდ, საფრანგეთიც ასე იზამს და წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისისთვის ცნობილი გახდება, თუ რა მოყიდა საქართველოს.

- შესაბამისად, დღეს ვერაფერს ვიტყვით ექსთავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ცნობილ ეჭვებზე? 

- ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრობისას შედარებით რაც დააკონკრეტა ის იყო, რომ რის ყიდვასაც ფიქრობდა, მას რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა შეეძლო. საჰაერო თავდაცის ასეთი სისტემა (რომელსაც საფრანგეთში აწარმოებენ) არის ერთადერთი და ეს არის „ასტერ 30“ ტიპის საზენიტო რაკეტებით შეიარაღებული საჰაერო თავდაცვის სისტემა. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს მოგვყიდეს, რადგან „ასტერ 30“ ას, ასოც კილომეტრიან მონაკვეთზე მოქმედებს. რუსეთის ფაქტორის გავლენით ცოტა ვეჭვობ, რომ მის შესყიდვაზე იყოს საუბარი. თუმცა თუ შევცდები, ეს კარგი და სასიკეთო იქნება. 

- თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველო არა მარტო მაპ-ს, ნატოს წევრობას იმსახურებს; რეალური პერსპექტივა როგორია?

- ჩემი აზრით, საქართველო ნატოს წევრი წლების წინა შეიძლება გამხდარიყო და ახლაც ამას აბსოლუტურად იმსახურებს. თუკი ქართული სამხედრო ქვედანაყოფები მზად არიან იმისთვის, რომ ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეს მისიები შეასრულონ მათთან, ამერიკელებთან და ნატოს სხვა წევრებთან ერთად, რასაკვირველია, საქართველოს სავსებით შეეძლება გახდეს ალიანსის წევრი. მაგრამ აქ მთავარი ფაქტორი კვლავ და კვლავ რუსეთი რჩება. რუსეთ-საქართველოს მეზობლობა, მოსკოვის საოკუპაციო ძალების ყოფნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს აქ მთავარ როლს თამაშობს. 

იქიდან გამომდინარე, რომ თუ ნატომ საქართველო თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო, ეს ნიშნავს, რომ თავის თავზე იღებს საქართველოს კოლექტიური თავდაცვის სისტემაში შეყვანას, ანუ მეხუთე პუნქტის ამუშავებას - თუკი მის წევრ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, ეს ნიშნავს, რომ ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპი უნდა ამოქმედდეს. მაგრამ ნატო თვითონ არ არის ამისთვის მზად, რომ საქართველოს გამო შეიარაღებულ დაპირისპირებაში შევიდეს რუსეთთან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ნატო დღესაც და ეტყობა უახლოეს მომავალშიც თავს შეიკავებს, რომ საქართველო სრულუფლებინ წევრად მიიღოს. 

- მაგრამ ეს მაპ-ზე უარის თქმას ხომ არ ნიშნავს? 

- მაპ-იც რომ მოგვცენ, ეს ნატოს რიგებში სრულ ინტეგრაციას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. არიან ქვეყნები წლებია მაპი მიღებული აქვთ და ალიანსის სრულუფლებიანი წევრები ჯერ ვერ გახდნენ. 

ასე რომ, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე,  ეკონომიკური სანქციები როგორ იმოქმედებს და ერთ-ორ წელიწადში თვითონ რუსეთში რა მოხდება პოლიტიკური თვალსაზრისით.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია