მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვინ აგებს პასუხს საყდრისის დანგრევაზე? - 01 თებერვალი 2016

„დღეს საყდრისია, ხვალ სვეტიცხოველი იქნება, მერე ვარძია... ასე საქართველოში ვერაფერს დავიცავთ“

myrights.ge

რატომ ითხოვს საია პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას საყდრისის ძეგლის დანგრევასთან დაკავშირებით; როგორ მოხერხდა, შარშან, 12 დეკემბერს, ამ საკითხზე ოთხი გადაწყვეტილება მიღება და ჯამში 15-ზე მეტი მოქმედების შესრულება; რატომ არ ჩართეს ამ პროცესში არც ერთი დაინტერესებული მხარე - ეროვნული მუზეუმი, ქართული გეოლოგიურ-არქეოლოგიური ექსპედიცია... რატომ იყო მომდევნო დღეს, 13 დეკემბერს საყდრისზე აფეთქებები აბსოლუტურად უკანონო; ვის მიერ იყო ეს პროცესი ბევრად ადრე დაგეგმილი; ვინ აგებს პასუხს უკანონობის ამ კასკადზე და ამაზე რატომ არ რეაგირებს პროკურატურა.   

ამ პრობლემატიკაზე, „ქრონიკა პლუსი“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, სულხან სალაძეს ესაუბრება:

- მიმდინარე წელს პროკურატურაში საყდრისთან დაკავშირებით განცხადება წარვადგინეთ, რომ გამოძიება დაწყებულიყო. თუმცა მისი დაწყების ან მიმდინარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. 

მეორე მხრივ, სასამართლოს საშუალებით გრძელდება პროცესები, რომელიც გასული წლის 12 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას შეეხება. ვის ინტერესებსაც ვიცავთ ამ საქმეებში, მივიჩნევთ, რომ 2014 წლის 14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებები იყო კანონთან კონფლიქტში, კანონსაწინააღმდეგო და ისინი უნდა გაუქმდეს. საუბარია გადაწყვეტილებებზე, რომელიც თავის დროზე კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ საგენტოში მიიღეს. 

თუმცა მოცემულობა ის არის, რომ დღეს საყდრისი აღარ არსებობს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. ის თავიდან ბოლომდე განადგურებულია. ამ შემთხვევაში, ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას ბოლომდე ვუთხრათ სიმართლე, ეს არის სასამართლო. თუკი სასამართლო ამ საქმეს მთლიანობაში განიხილავს და საბოლოოდ დადგება ობიექტური გადაწყვეტილება (რომლითაც დადასტურდება ჩვენი პოზიციის სიმართლე), ამით საზოგადოება გაიგებს, რომ ადგილი ჰქონდა სერიოზულ კანონდარღვევებს; და აქედან გამომდინარე, აუცილებელია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

- რა ტიპის კანონდარღვევასთან გვქონდა საქმე, რა მოხდა ამ თვალსაზრისით საყდრისში? 

- შარშან, 12 დეკემბერს, ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევით ჩატარდა. ერთი დღის განმავლობაში უამრავი მოქმედება შესრულდა. ოთხი გადაწყვეტილება მიიღეს და ჯამში 15-ზე მეტი მოქმედება იყო შესრულებული. რეალურად, საუბარია ძეგლის სტატუსის მოხსნაზე. ამ ტიპის საკითხის გადაწყვეტა (რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო), ერთი დაჩქარებული არასრული სამუშაო დღის განმავლობაში ხდება (მათ შორის სამუშაო საათების შემდეგაც). ისე, რომ დღემდე უცნობია, როგორ მოხერხდა შესაბამისი საბჭოს შეკრება; როგორ მოხერხდა იმავე დღეს განცხადების რეგისტრაცია და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, კომპანიას როდის ჩაბარდა... 

შესაბამისად, ეს საკითხებია, რომელიც მიუთითებს, რომ 12 დეკემბერს მნიშვნელოვნად დაირღვა კანონის მოთხოვნები. ისე, რომ არ ამ პროცესში არც ერთი დაინტერესებული მხარე არ ჩართულა. ვგულისხმობ ეროვნულ მუზეუმს, ქართულ გეოლოგიურ-არქეოლოგიურ ექსპედიციას... 

რეალურად, ინფორმაციაც კი არ იყო სრულად მიწოდებული იმ საბჭოს წევრებისთვის, რომლებსაც საყდრისის ძეგლად დარჩენა-არდარჩენაზე უნდა ემსჯელათ. 

გარდა ამისა, იქ აპელირება ხდებოდა რთულ გეოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის საფუძველი არ არის. მეტსაც გეტყვით,  როდესაც ჩვენ წერილობით მივმართეთ, თუ რამდენ ძეგლს მოეხსნა სტატუსი რთული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ასეთი ტიპის ინფორმაცია სრულად ვერ მოგვაწოდეს, - ვერც სამინისტრომ და ვერც სააგენტომ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სერიოზულ პრობლემებთან გვქონდა საქმე. 

გარდა ამისა, მომდევნო დღეს, 13 დეკემბერს საყდრისზე აფეთქებები აბსოლუტურად უკანონო იყო. აფეთქების არანაირი ნებართვა რომ არ არსებობდა, იმითაც დასტურდება, რომ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით დააჯარიმა კომპანია. მაგრამ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დარღვევაზე არ არის საუბარი. 

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რელეანტური პროცესი არ არის, რადგან კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ააფეთქა. ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება და განადგურება სისხლის სამართლებრივი, დანაშაულებრივი ქმედებაა, რაც შესაბამისად დასჯადი უნდა იყოს. 

ამ საკითხზე მიმდინარე წელს კიდევაც მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ მისი მხრიდან სამწუხაროდ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ეს არის უკანონობის ის კასკადი, რომელიც გასული წლის დეკემბრის თვეში იყო. 

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი და ცალკე განხილვის თემაა, თუ როგორ გაუგრძელდა კომპანიას ლიცენზია 2014 წლის ბოლო, სამუშაო დღეებში. ეს ყველაფერი საფუძვლიან ეჭვს იწვევს ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი ბევრად ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე ეს შარშან დეკემბერში განხორციელდებოდა. 

- ეს „რთული გეოლოგიური მდგომარეობა“ რას ითვალისწინებს, რაზეც ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ?

- რთულ გეოლოგიურ მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანომდებლობა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არ საუბრობს ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის შესაძლებლობაზე რთული გეოლოგიური მდგომარეობის გამო. თუ ჩვენ ამ ლოგიკას გავყვებით, ძალიან ბევრ ძეგლს უნდა მოეხსნას სტატუსი და საკითხი ასე არ დგას დღის წესრიგში. 

ეს იყო უბრალოდ მიზეზი, რომელსაც არანაირი კანონისმიერი საფუძველი არ ჰქონდა. მათ წააგეს საინფორმაციო ომი, ასევე ბრძოლა სამეცნიერო ფრონტზე, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი ნამდვილად წარმოადგენდა კულტურული ღირებულების მატარებელ ობიექტს. ამიტომ მათ  სულ სხვა პროცესი დაიწყეს; რომ კი ბატონო, ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ იმდენად რთული გეოლოგიური მდგომარეობაა, რომ ის ფიზიკურად ვერ გადარჩებაო. 

მეტსაც გეტყვით, საყდრისის მთელი ობიექტის მხოლოდ მცირე ნაწილი, ერთი მეხუთედი იყო შესწავლილი და შეუძლებელია შეუსწავლელ ნაწილზე ვინმეს ეთქვა, ჯერ ერთი, რა არტეფაქტები შეიძლება ამოსულიყო ამ ტერიტორიიდან და მეორე, - რამდენად ლოგიკურია ამ შემთხვევაში, რომ შეუსწავლელ ნაწილზე ვინმეს ემსჯელა, თუ როგორი გეოლოგიური მდგომარეობა იყო. 

ანუ ძალიან ბევრი ისეთი კითხვაა, რომელიც თეთრი ძაფით შეკერილ საქმეზე მიანიშნებს. იმაზე, რომ აქ ძალიან სერიოზული ინტერესი იყო. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელმაც ბევრად ადრე განაპირობა საყდრისის საბოლოო ბედი. უბრალოდ, ეს ყველაფერი დეკემბრის თვეში წერილობით სახით გაფორმდა. 

- ვის მიერ იყო ეს პროცესი ბევრად ადრე დაგეგმილი? 

- შეიძლება ეს ძალიან მაღალი გავლენის სფეროებში მიღებული გადაწყვეტილება იყო, - არა უშუალოდ მინისტრისა და სააგენტოს ხელმძღვანელის დონეზე მიღებული. პრინციპში, ვერც მინისტრი და ვერც სააგენტოს ხელმძღვანელი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ. 

ამ ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ ყველა მოქმედება ერთი, არასრული სამუშაო დღის განმავლობაში შესრულდა. ეს მოხდა პარასკევ დღეს ისე, რომ რეალურად, ორშაბათამდე კომპანიამ მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტს. 

ასეთი ტიპის მიდგომა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ამ ფორმით ურთიერთობა  არის ყველაზე ცუდი მაგალითი, რომელიც საქართველოში მომხდარა. თუმცა ეს ერთადერთი არ არის. პროცესები გაცილებით ადრე დაიწყო სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში. და არც საყდრისი ბოლო არ ყოფილა.

რეალურად, დღესაც იგივე  გრძელდება. მაგალითად, თუ ავიღებთ მირზა შაფის ქუჩას, იქაც კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტზე, სამწუხაროდ, პროკურატურას დღემდე გამოძიება არ დაუწყია. 

- შეასრულა თუ არა კომპანიამ ვალდებულებები საყდრისის არტეფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც დაპირება ჰქონდათ? 

- ეს ჩვენი კვლევის უშუალო საგანი არ ყოფილა. საგანი თავად პროცესების შესწავლა იყო, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. რასაც ჩვენ ვსწავლობდით, იქ ცალსახად იკვეთება, რომ კომპანიას სერიოზული ლობი, სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა. და ამ ყველაფრის ფონზე, სახელმწიფო სტრუქტურები ნებით თუ უნებლიედ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, რომ კომპანიას საბოლოოდ სასურველი გადაწყვეტილება მიეღო. 

- რა ეტაპზეა სასამართლო პროცესები და  რეალურად, რას ელით აქედან? 

- მოპასუხე მხარეები, როგორც კულტურის სამინისტრო, ასევე საქართველოს მთავრობა, მესამე მხარე არემჯი გოლდი, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო საუბრობდნენ, რომ დავის საგანი, ანუ საყდრისი აღარ არსებობს და დავა საერთოდ უნდა შეწყდესო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ვერასდროს ვეღარ დავამტკიცებდით რამდენად კანონიერად მოხდა ძეგლის განადგურება და უნდა მოხსნილიყო თუ არა მისთვის სტატუსი.

მიუხედავად მათი ამ მოთხოვნისა, ჩვენ სასამართლოს დავუსაბუთეთ, რომ დავა უნდა გაგრძელდეს. ამ ეტაპზე, ისევ მოსამზადებელი სხდომები მიმდინარეობს; პროცესი მოსამზადებელ რეჟიმშია. იმედი გვაქვს, რომ 2016 წელს მინიმუმ პირველ ინსტანციაში მოხდება ამ საქმის განხილვა. რაც მოგვცემს მნიშვნელოვან საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები ღიად, მათ შორის მედიასაშულებით, სასამართლო პროცესის მეშვეობით დავაფიქსიროთ. 

ეს არის ძალიან კარგი საშუალება საიმისოდ, რომ იმ მწვავე კითხვებს, რომელსაც სამინისტრო, სააგენტო, კომპანია, მთავრობა მუდმივად თავს არიდებდნენ, პირდაპირ რეჟიმში, სასამართლოს საშუალებით მასზე პასუხები გასცენ. 

- რა შედეგებს ელით? 

- ბუნებრივია, საყდრისი ვეღარ აღდგება და ვეღარ იარსებებს. ჩვენი მოლოდინი ისაა, რომ თუკი სასამართლო ამ საქმეს ობიექტურად განიხილავს, ცალსახად სარჩელები უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ის აქტები, რომლითაც საყდრის-ყაჩაღიანს თავის დროზე ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამ პროცესების შემდგომ, თუკი ეს ყველაფერი დადასტურდება, ჩვენ უკვე რეალურად შეგვეძლება ვისაუბროთ იმ ზიანზე, რომელიც კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო გადაწყვეტლებებმა მიაყენა ქვეყანას, ადამიანებს. და უშუალოდ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ. 

ირინა ღამბაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საყდრისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღანელი:

- საყდრისის დანგრევა დიდი დანაშაული იყო, ამას შეუძლებელია სხვა შეფასება მიეცეს. კანონების სრული დარღვევით ააფეთქეს და მიწასთან გაასწორეს უძველესი არქეოლოგიური ობიექტი. ორი წლის განმავლობაში კინაღამ გადავყევი ამ პრობლემას. ახლა ამაზე ალბათ საუბარი ზედმეტიც კია, რადგან ჩვენ ყველამ ძეგლი ვერ დავიცავით და სახელმწიფომ კიდევ კანონის დაცვა არაფრად ჩააგდო.  

- საზოგადოებამ რატომ ვერ დაიცვა საყდრისი? 

- ფაქტია, რომ გახმაურებული საქმეა და დღეს ყველამ იცის საყდრისის გარშემო განვითარებული უკანონო პროცესების შესახებ. აი ახლა ახალციხეში ვარ, სადაც არ შევდივარ, მაღაზიაში თუ ბაზარში, ყველა საყდრისზე მეკითხება. ძალიან გახმაურებული შემთხვევაა. 

რას ნიშნავს ვერ დავიცავით? კანონი უპირველესად სახელმწიფომ უნდა დაიცვას. ახლა ქუჩაში გამოსვლითა და ყვირილით, ხომ ხედავთ, არაფერი არ ხდება და ვერაფერი მიიღწევა. მე მაგალითად მეგონა, რომ საყდრისს იცავდა კანონი და ეს ყველაფერი მის ფარგლებში მოხდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მომხდარა. 

პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ვიცოდი, რომ საყდრისი იყო ძეგლი, რომელსაც ეს სტატუსი 2005 წლიდან მოყოლობეული ჰქონდა. და უცებ, ყველანაირი კანონების დარღვევით მოუხსნეს ეს სტატუსი. დანარჩენი რა გითხრათ, სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს ძეგლებს, სხვა დანარჩენზე რა უნდა ვილაპარაკოთ. 

ჩვენ ამით დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ამასთან, იცით რა, მე და ჩემი კოლეგები არ ვიყავით მხარეები. მხარე იყო სახელმწიფო და კერძო კომპანია არემჯი. მათ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოეგვარებინათ. მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ჩვენთვის მოეყენებინათ შეურაცხყოფა, სულ თაღლითები და მატყუარები გვიწოდეს. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. საყდრისი იყო და დარჩება მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროდ, უნიკალურ ძეგლად. უბალოდ, ის აღარ იარსებებს. თორემ ეს ყოველთვის ასე დარჩება. რადგან, სამეცნიერო წრეებში, საერთოდ ყველამ, ვისაც საყდრისთან შეხება ჰქონდა იცის ეს რა ძეგლი იყო. მერე რა მოხდა დანგრევის შემდეგ, ეს უკვე ნაკლებად მაინტერესებს და უკვე აღარც ვერევი ამ პროცესში. 

- რაც შეეხება არტეფაქტების გადარჩენას და ბოლნისში, მუზეუმში გადატანას?

- გაუგებარია, ეს რას ნიშნავს. ეს არტეფაქტები მათ არ გადაურჩენიათ. არტეფაქტები ჩვენი, ეროვნული მუზეუმისაა და მათი არ ყოფილა. ჩვენ მოვიპოვეთ და სამეცნიერო კვლევისთვის განკუთვნილია. ის გადაიტანეს, რაღაც შენობაშია და ახლა მუზეუმის აშენება უნდათ. 

- უნდა დადგეს თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი გადაწყვეტილებითაც საყდრისი, როგორც არქეოლოგიური ძეგლი აღარ არსებობს? 

- კანონით ასე უნდა იყოს. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საქმე უსამართლოდ არის გაკეთებული, რასაკვირველია, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა იყოს. ვინც დამნაშავეა, მან პასუხიც უნდა აგოს. კონკრეტულად ხელს ვერავის დავადებ, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. დღეს საყდრისია, ხვალ სვეტიცხოველი იქნება, მერე ვარძია და ა.შ. ე.ი. ვერავინ, ვერასოდეს საქართველოში ვერაფერს დაიცავს. ასე კულტურას ხელიდან გამოგვაცლიან, თუ ეს მოინდომა ინვესტორმა, რომელსაც დიდი ფული აქვს. აქ პირველ რიგში ფინანსური ინტერესის დომინირებაა.  

მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელმაც გერმანელ კოლეგებთან ერთად ამ საქმეში დიდი ძალისხმევა ჩავდე. კვლევები ჩავატარეთ და ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოსულა, დიდი სამეცნიერო კვლევების შედეგი იყო. და უცებ აღმოჩნდა, რომ ძალიან ძლიერი ძალა დაგვიპირისპირდა, რომელიც ძალიან კარგად ფინანსდებოდა. და ამჯერად ვერაფერს გავხდით.                     

მასალა გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია