„ხელისუფლება დასაქმებულებს შრომითი ინსპექციის არარსებობის გამო ეფექტურად ვერ ეხმარება“
myrights.ge
საქართველოში შრომითი უფლებები კვლავ ფეხქვეშ ითელება. საწარმოებში არ არის დაცული შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რის დასტურიც მძიმე ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის ხშირი შემთხვევებია. ამ მხრივ ხელისუფლების მოქმედება კრიტიკას ვერ უძლებს, - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უხვი დაპირებების მიუხედავად, იგი ლოზუნგებსა და კეთილ სურვილებს ჯერჯერობით არ სცდება.
ამასწინათ, ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქება 25-ე მაღაროში მოხდა. შემთხვევის დროს მაღაროში ცვლის უფროსი და ამფეთქებელი იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად ორივე დაშავებული თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კასპში მომხდარ უბედურ შემთხვევას კი ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, სადაც ფუნდამენტის სამუშაოები მიმდინარეობდა , მიწა ჩაიშალა და ორი ადამიანი ჩავარდა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა შეძლეს, მეორე კი გარდაცვლილი ამოიყვანეს.
შრომითი უსაფრთხოების პრობლემატიკაზე, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ვესაუბრებით:
- უსაფრთხოების მოთხოვნათ დაცვის კუთხით, რა რეალური პრობლემების წინაშე ვიმყოფებით?
- ამ სფეროში, წლების განმავლობაში რა გამოწვევებიც იყო, იგივე რჩება. ამით რის აღნიშვნა მსურს; ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ რაღაც პროგრამა აამუშავა, რომელსაც შრომის პირობების მონიტორინგი ეწოდება, ამან შედეგი ვერ გამოიღო. რეალურ და ეფექტურ შედეგს ვერც გამოიღებდა, რადგან ის სავალდებულო ინსპექტირებას არ გულისხმობს. დეკემბრის ბოლომდე გრძელდება ეს პროგრამა, რომელიც სანქციების გატარებას არ ითვალისწინებს; რასაც დამსაქმებლებისთვის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი ექნებოდა იქ, სადაც რეალური დარღვევებია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობაშიც განსაკუთრებული არაფერი განხორციელებულა. კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ორჯერ მომზადდა, შარშან აგვისტო-სექტემბრის თვეებში და ამ წელსაც მაისი-ივნისში, კვლავაც თაროზეა შემოდებული. მისი ბედი ამ მომენტისთვის ჩვენთვის და ზოგადად, სოციალური პარტნიორიებისთვის უნობია.
პრინციპში, ეს კანონროექტი, როგორც შარშან, ისე წელს საკმაოდ გამართული იყო. ის შეესაბამებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ნორმებს, ასევე ევროკავშირის დირექტივებსაც. მაგრამ ორივე კანონპროექტი ამ საერთაშორისო ნორმებს რომ შეესაბამებოდა, ალბათ ამიტომაც დაიბლოკა. ეტყობა ვიღაცას ეკონომიკურ გუნდში, ბიზნესასოციაციებში მოეჩვენა, რომ ის ზედმეტად მკაცრია და საქართველოსთვის ეს ჯერ ადრეა. სავარაუდოდ, ასე იქნებოდა, რადგან შარშან სწორედ ასეთი საუბრების შედეგად შემოიდო ის თაროზე.
ამდენად, კვლავაც გაურკვეველ ვითარებაში ვართ.
პრინციპში, წისვლას რატომ უნდა ველოდოთ? არანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, არ შექმნილა. და უახლოეს ხანებში ჩემთვის უცნობია, თუ რაიმე იგეგმება. გასაგებია, რომ კანონპროექტი უნდა განიხილიონ მთავრობაში და შემდეგ პარლამენტში იქნეს შეტანილი; და რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი (რომელიც მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა) უნდა ამუშავდეს და რეალურად ის ფუნქციები მიეცეს, რაც ნორმალურ ქვეყნებში არსებულ შრომის ინსპექციებს აქვთ. ეს მხოლოდ კეთილი სურვილებია, მთავრობის მხრიდან ამის შესახებ რამდენჯერმე მოვისმინეთ, მაგრამ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ.
ამდენად, რომ დავასკვნათ, გასაკვირი იქნებოდა, რომ ამ პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. რადგან ამ ხნის განმავლობაში არანაირი სერიოზული წინაპირობა არ შექმნილა იმისთვის, რომ არსებული სიტუაცია შეცვლილიყო.
- ამ ფონზე, უშუალოდ სამუშაო ადგილებზე რა ტიპის დარღვევები არის გამოსაყოფი?
- აქ დარღვევების მთელი სპექტრია. განსაკუთრებით სამრეწველო ობიექტებზე, ანუ დამამუშავებელ, სამთო-მოპოვებით, მეტალურგიულ, ქიმიურ მრეწველობაში; ასევე მშენებლობაში, ტრანსპორტში და ა.შ. ძირითადად გვხვდება უხეში ტიპის დარღვევები, შედარებით მსუბუქზე რომ არაფერი ვთქვათ.
ამაში ვგულისხმობ შემდეგს - პერსონალის აღჭურვა როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური დაცვის საშუალებებით არ ხდება. ანუ თუ ხდება, დაბალი ხარისხითაა. ვგულისხმობ ამუნიციას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩაფხუტს და სხვა ტიპის ინდივიდუალური დაცვის საშუალებას.
ასევე კოლექტიური დაცვის საშუალებებს. ისინი არ არის ან ძალიან დაბალი ხარისხისაა.
მეორე - არ არის დაცული პერსონალის მომზადების, გადამზადების, ტრენინგის სისტემა. და ძალიან ხშირად დასაქმებულებმა არ იციან, ვთქვათ, როგორ მოიქცნენ ავარიების შემთხვევაში; ან როგორ მოხდეს რისკების პრევენცია, პოტენციური საფრთხის აღმოჩენა და ა.შ.
არადა, ევროპულ პრაქტიკაში და ჩვენთანაც ეს მოთხოვნა დგას, - წესით და რიგით დამსაქმებელი სამუშაო ადგილზე ერთობლივ უსაფრთხოების კომიტეტს უნდა ქმნიდეს. ერთობლივში იგულისხმება მენეჯმენტისა და დასაქმებულების მონაწილეობით, პარიტეტული წესით უსაფრთხოების კომიტეტების ფუნქციონირება. ისინი ერთად უნდა აღმოაჩენდნენ რისკებს, მას აფასებდნენ; დამსაქმებელთან, დირექტორთან ერთად გეგმავდნენ მათი აღმოფხვრის გზებს. შემდეგ იხილავდნენ, მონიტორინგს ატარებდნენ, თუ რამდენად განხორციელდა რისკების შეფასების შედეგად აღმოცენილი საფრთხეების პრევენცია. და ამის შესაბამისად, რა ღონისზიებები გატარდა.
აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად უბედური შემთხვევების წყარო შრომითი უფლებების დარღვევა ხდება. როგორიც არის სამუშაო დროის არდაცვა, ხშირი ზეგანაკვეთური შრომა, დასვენებისა და შესვენების არქონა. ან მისი არასაკმარისი სტანდარტით ამოქმედება და განხორციელება.
მნიშველოვანია ასევე, რომ ამორტიზებულია საწარმოო ფონდები. მაგალითად, ჭიათურაში, ზესტაფონის ფეროში, სამთო-მოპოვებით საწარმოებში განახლება არ მომხდარა არც ტექოლოგიების და არც საწარმოო საშუალებების. ადამიანებს გასული საუკუნის შუა პერიოდის (თუ უფრო ადრინდელი არა) ხელსაწყო იარაღებითა და მოწყობილობებით სამუშაოების შესრულება უწევთ.
აქ ასევე უნდა აღინისნოს, რომ არ არსებობს საფრთხეების, რისკების აღმოჩენის შემთხვევაში დასაქმებულების მხრიდან დამსაქმებელთან ინფორმაციის მიტანისა და მასზე დამსაქმებლის მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირების მექანიზმები.
პირიქით, დასაქმებულებს ეშინიათ ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი აზრი უსაფრთხოების სისტემის შესახებ. რადგან ძალიან ხშირად მათ მიუთითებენ ხოლმე კარისკენ და ეუბნებიან, რომ თუ არ გინდა, სხვა მოვა ამ შენს ადგილზე და იმუშავებსო.
მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი, კანონმდებლობა დასაქმებულს საშუალებას აძლევს უარი თქვას შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც საფრთხის შემცველია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის (ასევე გარემოსთვის), ამ უფლებას დასაქმებულების 99 პროცენტი ვერ იყენებს; სწორედ იმის შიშით, რომ თუ ამაზე ისაუბრებენ, მათ კარისკენ მიუთითებენ.
ეს არის პრობლემები, რაც უბედურ შემთხვევებს იწვევს.
თუმცა აქვე დავამატებ ხელისუფლების პასუხისმგელობას. არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ეს სისტემა მოუწესრიგებელია. კი ბატონო, არსებობს გარკვეული სტანდარტები, გარკვეული ტექნიკური რეგლამენტები, მაგრამ ზედამხედველობა ამ ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების განხორციელებაზე სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს.
ანუ რეალურად არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც დამსაქმებელს აიძულებდა, რომ შეესრულებინა და დაეცვა თუნდაც ის მწირი საკანონმდებლო ნორმები, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. თუმცა ეს მწირი ბაზაა, მაგრამ სამწუხაროდ ისიც კი არ სრულდება.
- ამის გათვალისწინებით, ქვეყანაში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ხელისუფლებამ ეს ევროდირექტივები, ელემენტარული ვალდებულებები საკუთარი მოქალაქეების წინაშე შეასრულოს?
- საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ პროფესიული კავშირები ამ კუთხით თანმიმდევრულ მუშაობას ვახორციელებთ. ასევე ვზემოქმედებთ ამ პროცესის ყველა მონაწილე მხარეზე, მათ ხელისუფლებაზეც, რომ შეასრულოს მის მიერვე ხელმოწერილი საერთაშორისო ნორმები, მოთხოვნები; ხოლო დამსაქმებლებმა კანონით განსაზღვრული სავალდებულო მოქმედებები განახორციელონ.
თუმცა მხოლოდ პროფკავშირების მოქმედება აქ საკმარისი არ არის. რასაკვირველია, ჩვენ ამ პროცესში ჩართული გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ ვაწვდით ანგარიშებს, მოხსენებებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ; ვაწარმოებთ ჩვენსავე სტატისტიკას; ვაანალიზებთ, თუ რა იწვევს ამდენ უბედურ შემთხვევას, როგორც მძიმე ტრავმატიზმის, ასევე გარდაცვალების კუთხითაც.
ასევე რეგულარულად ვუახლებთ ინფორმაციას ევროკავშირს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას. იმ შეგნებული დაყოვნების ან იგნორირების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება ხშირად მიმართავს კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით; ასევე შრომის ინსპექციის შექმნისა და მისი განვითარების კუთხით.
პრინციპში, ხელისუფლების მიმართ არის რეგულარული შეხსენება როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან; ასევე შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან. მაგრამ ჩვენი მთავრობა მაინც იყენებს ერთგვარ ტაქტიკას მუდმივად გადადებისა ამ კანონის მიღების, ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით.
და იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში შედეგი მივიღოთ, ალბათ საჭიროა პროცესში საზოგადოების უფრო ფართო ფენების ჩართვა. იმ შიშის ელემენტების მოხსნა, რომელიც დასაქმებულებზე მოქმედებს და ისინი პირდაპირ, ღიად ვერ საუბრობენ იმ დარღვევებზე, რაც მათთან რეალურად არის გამოხატული.
ეს შიშის გარემო როგორ უნდა მოიხსნას, ეს კიდევ ცალკე თემაა.
დიახ, ისეთი ზეწოლა აღარ არის, როგორც ეს ადრინდელ წლებში იყო. მაგრამ ეს შიში დიდწილად მაინც დარჩა დასაქმებულ ადამიანებში. რადგან ხელისუფლება ეფექტურად ვერ ეხმარება დასაქმებულებს შრომითი ინსპექციის არარსებობის გამო, რათა ამ გზით დაიცვან თავიანთი უფლებები.
აი ეს პრობლემები კვლავაც არის და პროგრესს ხელს უშლის. ამის აღმოფხვრა არის საჭირო, რომ მდგომარეობა ქვეყანაში გაუმჯობესდეს.