მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ ხარობს დედაქალაქში დარგული „ნახევარი მილიონი“ ხე? - 01 თებერვალი 2016

„ტენდერი მორგებული იყო იმ ერთ სანერგეზე, სადაც ამ ათცენტიან სტარტერს ერთ ლარად ყიდდნენ“

myrights.ge

თბილისის მერი ერთი წლის საქმიანობის პრეზენტაციაზე აცხადებს, რომ დედაქალაქში შემოდგომის ჩათვლით უკვე ნახევარი მილიონი ხე დაირგო. დავით ნარმანია ოპოზიციას მოუწოდებს, კაბინეტში არითმეტიკის ნაცვლად, გავიდნენ და დარგული ხეები ადგილზე სათითაოდ დათვალონ. ადრესატები მართლაც გავიდნენ დედაქალაქის მითითებულ უბნებში, ითვალეს ითვალეს და ნახევარი მილიონი ახლადდარგული ხე მაინც ვერ დაითვალეს. 

აღნიშნულ პრობლემატიკაზე მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელს, ნატა ფერაძეს ვესაუბრებით. 

- ქალბატონო ნატა, როგორია დედაქალაქის მერიის პოლიტიკა გარემოს დაცვისა და გამწვანების სფეროში?

- უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მერიას ეს პოლიტიკა საერთოდ არ აქვს. მთელი ეს რესურსი, რასაც ე.წ. მილიონი ხის დარგვას ახმარენ, ტყუილად გახარჯულია. როგორც თვითონ ამბობენ, 500 ათასამდე უკვე დარგეს და ამაში დიდი ფულიც გადაიხადეს. მერიამ უკვე დადო რუკა, სადაც აღნიშნულია ტერიტორიები, სადაც ეს ხეები ვითომ დარგეს. სრულიად აბსურდული რიცხვები იყო მითითებული. ჩვენ რამდენიმე ობიექტზე გავედით და ის მცენარეები, რასაკვირველია, ვერ ვიპოვეთ. რაც ვნახეთ, აქედან 90% წიწვოვანებისა უკვე ხმელია. ხოლო რაც ფოთლოვანია, მისი გახარება გაზაფხულზე გამოჩნდება. 

ჩვენთვის ეს სურათი აღმოჩენა არ ყოფილა და შედეგით, ამ ხეების პარამეტრებით არც გაკვირვებული ვართ. რეალურად, ეს იყო სრულიად არადამაკმაყოფილებელი ხარისხის ნიმუშები, რასაც რგავდნენ. პროცესს თვალყურს ვადევნებდით და ეს თავიდანვე ნათელი იყო. მერიას ისეთი პიარიც კი არ ჰყავს, რომ უწყების გვერდზე მაინც არ დადონ ეს ფოტოები. თვითონ ამ ვებგვერდიდანაც კარგად ჩანს, რომ ეს ხეები უბრალოდ განწირულია დასაღუპად. 

ამ დროს, თითოში ძალიან ძვირი არის გადახდილი. ეს არის ერთი ციცქნა სტარტერები, რომლებიც ისევ მერიის გვერდზე ვნახეთ. თუ ჩვენი მერია ამაში ერთ ლარს იხდის, ევროპის სანერგეებში ფასები გადავამოწმეთ და თითო ასეთი სტარტერი 10-15 ცენტი ღირს. ასეთი სტარტერი კი, ქალაქში საერთოდ არ ირგვება და ვერ გაიხარებს, სანამ ცოტა არ წამოიზრდება.

ასევე მერიის ტენდერებში, მათ მოვლა-პატრონობაში მითითებულია წელიწადში ორჯერ მორწყვა. რაც ასევე გამორიცხავს აღნიშნული ნერგების გახარებას. ეს უკვე შეცდომაც აღარ არის. ვეკითხები, წელიწადში ორჯერ მორწყით ახალდარგული პატარა ხეები როგორ გადარჩება?

რაც შეეხება სტრატეგიას, როდესაც უკვე არსებულ დიდ ხეებს ჭრიან, ამაზე დიდი ხმაური ატყდა და ეს ამბები უკვე ყველამ იცის. და რასაც არ ჭრიან, ის ეწირება გზის დაგებას, თელასის კაბელების გაყვანას და ამის არაერთი ილუსტრაცია გვაქვს. თუნდაც დოლიძის კუთხეში არსებული ვენდის სასადილო ავიღოთ, რომელმაც 7 ხე მოჭრა და რაც დარჩა, ისიც ბოლომდე ჩააბეტონა. თუნდაც ის, რომ რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან თელასი კაბელებს ცვლიდა და მთელ რიგზე ხეებს დაუარეს და ფესვები უხეშად ჩაუჭრეს. ჩვენ ამ ყველაფერს მერიის გამწვანების სამსახურს ვუთითებთ; რაზეც ძალიან ზრდილობიანი, შაბლონური წერილი მოგვდის, რომ ამას გადავცემთ ზედამხედველობის სამსახურს და ზომებს მივიღებთო. 

დღეს ვნახეთ ე.წ. მიღებული ზომები. როგორც აღვნიშნეთ, მთელ რიგზე, ზრდასრულ საღ ხეებს ჩაუჭრეს ფესვები. მერე იმის მაგივრად, რომ ადეკვატური და გადასარჩენი ზომები მიეღოთ, ის ორმოები კენჭების ხრეშით ამოავსეს, რაც ამ ხეებს საბოლოოდ დაღუპავს. 

გარდა ამისა, ეს ხეები ქარქცევადი და სასიცოცხლოდ საშიში ხდება. რადგან, ასეთი ხეები უმეტესად ხალხმრავალ ადგილებშია, იგივე ვენდისთან, ქაშუეთთან და ა.შ. ასეთი შემთხვევები უკვე არაერთი გვაქვს ქალაქში. თუნდაც ნაძალადევში რომ ჩამოვარდნილი ხე დაეცა, ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტთან და ა.შ. 

თითქოს საღი ხეები უცებ, რატომღაც ვარდება. და არავინ ფიქობს იმაზე, რომ რაღაც თადარიგი, ნორმები და ზედამხედველობა იყო შემუშავებული სამშენებლო ან რაღაც სარემონტო სამუშაოების დროს. 

ამასთან, თბილისის შემოგარენში ამდენი დაავადებული ხეა და მათი დროულად გატანა არა და არ ხდება. ანუ იმ ზეხმელი ხეების, რომელიც პარაზიტების მატარებელია. ეს პარაზიტები გაზაფხულზე უფრო გააქტიურდებიან და მთელ არსებულ მწვანე საფარს შეიწირავენ. ეს ყველაფერი არც თუ ისე შორეულ მომავალში ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. 

დღეს გაზრდილი ქარები, ამაზე უკვე ნათლად მიგვითითებს. რადგან მწვანე საფარს გარდა ჟანგბადისა, ქარსაცავი ფუნქცია აქვს. ცოტა ხნის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატისტიკა, სადაც ონკოლოგიური და სასუნთქი დაავადებების გრაფიკის ზრდა არის მითითებული; ის დაავადებები, რომლებიც არაჯანსაღი ეკოლოგიით არის გამოწვეული. ეს ზრდა უკვე საკმაოდ საშიშ ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით ბავშვთა ონკოლოგიასა და სასუნთქ გზებში. 

ამიტომ მივიჩნევ, რომ ჩვენი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის საქმიანობა, ელემენტარულად, უკვე სიცოცხლისთვის საშიშია.           

- დარგული წიწვოვანების უმეტესობა რომ ხმება, დაავადებულ ხეებს რომ არ ჭრიან და ა.შ. ამაზე პასუხისმგებელი რომელი სამსახურია? 

- რასაკვირველია, პასუხისმგებელი ის უწყებაა, რომელიც ამ სამუშაოს ასრულებს და რაღაცებს გვპირდება. ანუ მთლიანობაში პასუხისმგებელი თბილისის მერიაა. ეს არის ჩვენივე ბიუჯეტიდან გახარჯული ფული, რომელზეც ძალიან მკაცრად უნდა გამოვითხოვოთ შესაბამისი პასუხები. ისინი ღუპავენ დარგს, რომელიც აბარიათ და ეს რეალურად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროა. 

ასევე დარწმუნებული ვარ, ის ფოთლოვანი ხეებიც გახმება. უბრალოდ, საჭიროა მოვიდეს სეზონი, რომ ვნახოთ, ცოცხლები კიდევ არიან თუ არა. ამიტომ ჯერ ვერაფერს ვამბობთ ამ ფოთლოვან ხეებზე. 

- ამ სტარტერების შეძენაზე, პერსპქტივის გაუთვლელობაზე პასუხისმგებელიც კონკრეტულად ეკოლოგიის სამსახურია? 

- დიახ, რადგან დარგის შესაბამისი სპეციალისტები მხოლოდ ამ განყოფილებაში არიან. სამსახურის წინა უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა ჩემი არაერთგზის გაცხადებული პრეტენზიის შემდეგ წამიყვანა სანერგეში, რომ ენახებინა თუ რას ყიდულობდა. იქაც კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ ეს არ არის ქალაქში დასარგავი სტანდარტი. და ეს ნერგები უნდა შეიძინოს არა მან, ვინც დარგვას აპირებს, არამედ სხვა სანერგემ, რომელიც მას კიდევ გაზრდის და დასარგავად გამოსადეგს გახდის. 

თუმცა ეს გარემოს დაცვის სამინისტროს კუთვნილი სანერგეა, ლილოს გზაზე და იქ ჯერ ირჩეოდა ეს ერთლარიანი სტარტერები და ტენდერი იმის მიხედვით ცხადდებოდა. ანუ ეს პრაქტიკულად სანერგესთან მოლაპარაკებას გულისხმობდა. საქმე პირიქით უნდა კეთდებოდეს, - ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს და მერე შერჩეული იქნეს, თუ რომელი სანერგე ან მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ამ დროს ტენდერი მორგებული იყო იმ ერთ სანერგეზე, სადაც ამ ათცენტიან სტარტერს ერთ ლარად ყიდდნენ. 

ამ საკითხებს, რასაკვირველია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური უნდა წყვეტდეს. 

- აქ კონკრეტულად რა ინტერესები იკვეთებოდა? 

- ვიმეორებ, ლილოში ეს გარემოს დაცვის სამინისტროს სანერგეა. იქ ნერგების ნაწილი ბორჯომში დასარგავად გამოჰყავთ. თუმცა ჩვენი რესურსი არ ყოფნის, რომ თვალყური ვადევნოთ ბორჯომის 2008 წლის ომში გადამწვარ ხეებზე ამას რანაირად აკეთებენ. თბილისში უბრალოდ იმდენი პრობლემაა, რომ სამწუხაროდ ვერ მოვიცალეთ მონიტორინგი იქაც ჩავატაროთ. 

პრაქტიკულად, ეს არის ბოლო სახელმწიფო სანერგე, რომელზეც უამრავი თანხა არის გამოყოფილი. თუმცა ხარისხი დამაკმაყოფილებელზე ბევრად ნაკლებია. 

- სანერგეში რომ ეუბნებოდით, ეს სტარტერი სანერგეში დამატებით გაზრდას საჭიროებდა, ამაზე რას გპასუხობდათ? 

- ძირითადად, თანხების ნაკლებობაზე იყო საუბარი. ანუ დამრჩა შთაბეჭდილება, ზემოდან აქვთ მითითება, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მილიონი რამე უნდა დარგონ. ამ დროს, ელემენტარულ ხარისხზე არავინ ზრუნავს. 

მიმდინარე წელს, ბერლინის მთავრობამ გამოაცხადა პირობა, რომ 2018 წლამდე ასი ათას ხეს დარგავენ. და ამ ფონზე, ჩვენ ნახევარ წელიწადში ნახევარი მილიონი უნდა დავრგოთ. ეს ხომ აბსურდია? ძალიან ცივილიზებული ქვეყანაც კი ვერ შეძლებს, რომ ეს გეგმა შეასრულოს. ამიტომ ეს არის უბრალოდ წინასაარჩევნო დაპირების შესრულების მცდელობა. თვალში ნაცრის შეყრა იმისთვის, ვინც ამას თვალყურს არ ადევნებს. უბრალოდ მათთვის, ვინც როგორც საბჭოთა დროს, მხოლოდ ტელევიზორს უყურებს.  

ეს არის მითითების შესრულება, რომ რაც გინდა ის ქენი, ოღონდ ნახევარი მილიონი ხე დაირგოს. ამიტომ ასეთივე პასუხებს ვიღებდით - აი, რა ვქნათ, ფული არ არის, ამდენი მაინც უნდა დაირგას, ერთ ლარად ვყიდულობთ და ა.შ. და ერთი ლარი არც ერთ ქალაქში დასარგავი ხე არ ღირს. ლოგიკურად, ასე ძვირი არც უნდა ღირდეს. ამას ჯობია დაირგას შედარებით ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი ხეები, რაც რეალურად გაიხარებს და ქალაქის კეთილდღეობაზე იმუშავებს. 

- ბერლინის მაგალითი მოიყვანეთ და ჩვენ შემთხვევში რასთან გვაქვს საქმე - უპასუხისმგებლობასთან, გულგრილობასთან თუ...

- მთელი სტრუქტურა საკმაოდ მარტივი გასამართია, თუ ადამიანს ამის ელემენტარული სურვილი გექნება. ამ სურვილის არქონასთან გვაქვს საქმე. მაგრამ რეალურად ამ ბოლო სურვილს ვერც შეასრულებ, თუკი გეტყვიან, რომ მილიონი ხე უნდა დარგო; თორემ ბიუჯეტს არ მოგცემენ. ანუ ეს არის არარეალური დავალების მიცემა, როგორც ეს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ხდება - წითელ ვარდებს დარგავენ და მერე თეთრად აღებინებენ... 

ანუ უკვე მოცემულობა არასწორია. ამ მოცემულობის სწორად შესრულება, მით უმეტეს ასეთი ბიუჯეტით გამორიცხულია. ჩვენ სწორედ ამას უნდა ვეუბნებოდით, რომ ეს უნდა გადაითქვას და დაირგოს ის, რაც რეალურად სარგებელს მოგვცემს. 

თუმცა ვიცით ეს ყველაფერი საიდანაც მოდის. კერძოდ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრძანება, რომ ეს მილიონი ხე დაირგას. და აი ხომ ხედავთ, როგორც უნდათ, ისე ასრულებენ. გამოდის, რომ ერთი ახალი ხე არ გვექნება და მხოლოდ დაუსრულებელი საუბარი ამ თემაზე. 

- მასიურად გამხმარი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა გვაქვს? 

- წარმოუდგენელი ვითარებაა დღეს ამ მიმართულებით. ჯერ კიდევ 2012 წლიდან ვცდილობდით, რომ ეს მდგომარეობა ნელ-ნელა გამოგვესწორებინა. ეს დაავადებები უკვე მაშინ დაწყებული იყო. წელს ალეკო ელისაშვილის მივმართეთ და მან საკრებულოში ორგანიზება გაგიკეთა, -  ეკოლოგიასა და გამწვანებაზე პასუხისმგებელ ყველა პირს შევხვდით. იყვნენ გარემოს დაცვის სამინისტროდან, პარლამენტიდან, საკრებულო-მერიიდან, ასევე უცხოელი სპეციალისტები, არასამთავრობოები და ა.შ. ასეთი ერთხოვანება არსად ყოფილა. ყველა აღიარებდა, რომ მდგომარეობა კრიტიკული, ფორსმაჟორულია და სასწრაფო ზომები არის მისაღები. 

ამაში, პირველ რიგში იგულისხმება დაავადებული ზეხმელი ხის, რომელიც სიცოცხლის ერთ ნიშანწყალსაც არ იძლევა, მოჭრა და გატანა. რადგან ის ხე პარაზიტების ბუდეა. ისინი ზამთარში იძინებენ და ამ სეზონზე მქსიმალურად დიდი ოდენობით უნდა იქნეს გატანილი, რომ გაზაფხულზე, როდესაც ვეგეტაცია გაიღვიძებს და პარაზიტები გავრცელებას დაიწყებენ, არ გადავიდეს საღ მცენარეზე. 

ამიტომ ივნისიდან ვცდილობთ, რომ მოხდეს მობილიზაცია და ამ ხეების გატანა. გიორგობიანს გრანტით თუ საჩუქრის სახით მოუპოვებია და საწყობში აქვთ ბენზოხერხები, სპეციალური ჟილეტები. თუმცა ჯერ ტენდერებს ნელა აცხადებდნენ, მერე ვიღაც არასამთავრობოები ამას შეცდომების გამო ასაჩივრებდნენ. ეს პროცესი დროში გაიწელა და დღემდე რაც მოხერხდა, ხეების რაღაც მცირე რაოდენობა კუსტბაზე და ასევე მთაწმინდის პარკის გზაზე მოიჭრა. თუმცა ეს ძალიან პატარა ნაწილია. 

რეალურად, ეს პრობლემა არის ვაშლიჯვარში, თბილისის ზღვისკენ, მცხეთისკენ, ლილოში, მთელი თბილისის გარშემო ეს სურათია. გაზაფხულზე ეს გაცილებით სერიოზულ პრობლემაში გადაიზრდება. 

ჩვენ პრეზიდენტსაც კი მივმართეთ წერილით, რომ ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოცხადეს და გაცილებით მეტი მობილიზაცია მოხდეს, რომ ამ ზამთრის სეზონზე ეს ზეხმელი ხეები მაინც იქნეს გატანილი. რათა ახალი პარაზიტების გამრავლება და დარჩენილი საღი ხეების დაზიანება ავიცილოთ. თუმცა ამაზე რეაგირება არ არის. 

ამ დროს, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მთელი მობილიზაცია გადართულია აი ამ ვითომ ხეების დარგვასა და თვლაზე; რაც ისევ და ისევ არ გაიხარებს. მსგავსი არადაკვატურობა ყველა ფარგლებს არის გაცდენილი. 

- ამ პრობლემატიკაზე გიორგობიანის მემკვიდრეს თუ ესაუბრეთ? 

- მეორე დღესვე მოგვიწია მისმა გაცნობამ. ნინო სულხანიშვილი ახალი მისულია, გავაცანით ეს პრობლემა და გვითხრა, რომ შეისწავლიდა. თითქმის ერთი თვე გავიდა და ვფიქრობთ, უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს ისევ და ისევ ამ ზეხმელ ხეებთან დაკავშირებით. მას ჯერ კიდევ დანიშვნამდე შევხვდით და ამ პრობლემაზე დაწვრილებით ვუთხარით. ნინოსთვის ეკოლოგია უცხო სფერო არ არის და წესით ალღო უნდა აეღო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა. 

არ ვიცით, შიგნით ფინანსური პრობლემაა დაბრკოლება, თუ უბრალოდ ნება არ არის, - არანაირი ძვრა არ არის ამ ზეხმელი ხების გატანასთან დაკავშირებით. 

- ანუ პირველი რიგის ამოცანა მაინც მათი გაზაფხულამდე გატანაა?

- დიახ, ყველას გატანა უკვე ნამდვილად აღარ მოესწრება, აგერ დეკემბერი უკვე გადის. 

2013 წელს, აქ გერმანელი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები და კიკეთში, სადაც იგივე პრობლემა იყო, ასეთი სანიტარული გამოხშირვა გააკეთეს. და შემდეგ ყოველგვარი ქიმიური დახმარების გარეშე ტყემ თვითაღდგენა დაიწყო. 

ანუ მას მერე, რაც ის დაავადებული ხეები მოშორდა და აერაცია მოხდა (ჰაერმა გაიარა), ამან შედეგი გამოიღო. მეტსაც გეტყვით, ამ ზეხმელი ხეების მოჭრით, ტყეში შუქი-სინათლე ჩადის და თვითაღდგენას იმ მხრივაც იწყებს, რომ ქვემოდან ახალი სახეობები ამოდის, იზრდება. სრულიად ახალი ხეები იწყებენ თავისით წამოსვლას. ანუ დღეს იმაზეც აღარ არის საუბარი, რასაც ეს მერია თეორიულად აპირებს, რომ მოჭრიან ხმელებს და ახალს დარგავენ. 

ამათ ახლების დარგვას აღარც ვთხოთ, იმდენად უუნაროები არიან. ამის ილუზიაც კი აღარ გვაქვს, რომ ესენი რაღაცების დარგვას მოახერხებენ, თუმცა ეს აუცილებელი იქნებოდა. იქნებ მოჭრან მაინც, რომ ახალი, საღები აღარ გახდეს მერე მოსაჭრელი. 

არაერთი აქცია გვქონდა, პეტიცია შევიტანეთ, პირისპირ ვესაუბრეთ. არაერთხელ საკრებულოში ამაზე სხდომა მოვიწვიეთ. არ ვიცი, რაღა დაგვრჩა, ანუ როგორ ვაიძულოთ, რომ ეს საქმე გააკეთონ.                

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია