მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ აკმაყოფილებს ოლიმპიურ სოფელში დევნილთა ბინები სტანდარტებს? - 01 თებერვალი 2016

„სამინისტრო მათ შანტაჟის ენით ელაპარაკება“

myrights.ge

ამ დღეებში, „დევნილთა პარტიამ“ თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელში რამდენიმე დევნილ ოჯახთან ერთად აქცია გამართა. პარტიის განცხადებით, ოლიმპიური სოფლის ერთ კორპუსში დევნილებისათვის ფართები სტანდარტის შესაბამისი არ არის. კერძოდ, 23-ე კორპუსის დევნილები აცხადებენ, რომ მათ სხვა კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისაგან განსხვავებით უფრო მცირე ფართიანი ბინები გადაეცათ, -  ერთ სულზე 15 კვადრატული მეტრი ფართი უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, თუმცა მათი ბინები ასეთი არ არის. მათივე განცხადებით, 23-ე კორპუსში ფართები დევნილებისათვის კანონით გათვალისწინებულ სტანდარტს არ შეესაბამება. 

„დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი შექმნილ სიტუაციაში დევნილთა სამინისტროს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამინისტრომ დევნილი ოჯახები საახალწლოდ ფაქტობრივად ქუჩაში დატოვა, რადგან მათთვის გამოყოფილ ბინებში ფართები სტანდარტებს არ შეესაბამება. ბინები ცარიელია და დევნილებმა იქ საახალწლოდ გადასვლა ვერ შეძლეს.

ამ პრობლემატიკაზე, „ქრონიკა პლუსი“ „დევნილა პარტიის“ ლიდერს, ლელა გულედანს ესაუბრება:

- ადგილი აქვს დევნილების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას. დაუშვებელია, რომ ოლიმპიური სოფლის ერთ კორპუსში დევნილებისათვის განსხვავებული ფართის ბინებია; ერთ ტერიტორიაზე ერთ კორპუსში ნორმალურ პირობებს სთავაზობენ დევნილებს, ხოლო მეორე კორპუსში კანონით გათვალისწინებული სტანდარტები დაცული არ არის. ფაქტობრივად დევნილები სხვა ფართებს უნდა დაელოდონ. 

ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსში ბინების ფართები განსხვავებულია. მხოლოდ ერთ კორპუსში, 23-ე კორპუსში არის ერთ ოჯახზე დაახლოებით 60-65 კვ.მ ბინები გამოყოფილი მაშინ, როცა დევნილებს 100 კვ.მ.-ის ფართის ბინები უნდა მიეღოთ. 

ასევე , კორპუსში გაზი არა აქვთ. მხოლოდ ელექტროღუმელით თბებიან, რომელიც ხშირად ირთვება იმიტომ, რომ სადენები დატვირთვას ვერ უძლებენ. 

- ასე რატომ მოხდა?

- თავიდან, ოლიმპიური სოფელი დევნილებისთვის განკუთვნილი არ ყოფილა. ზაფხულის ოლიმპიადისთვის სასტუმროს ტიპის კორპუსები ჩინურმა კომპანიამ ააშენა. შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ბინები დევნილებისთვის გადაეცათ. ფართების სიმცირით კი ეს 23-ე კორპუსი გამოირჩევა, დანარჩენებში ის სტანდარტებს შეესაბამება. 

თავიდანვე აქ მრავალსულიანი ოჯახების განთავსება უნდა მომხდარიყო. მაგრამ ორი ოთახის ფართზე ოთხი ოთახი ფიქსირდებოდა. რალურად, ოთახების გადატიხვრა მოხდა და 60 კვადრატული მეტრი ოთხ ოთახად წარმოადგინეს. 

არადა, წესით, ოთხოთახიანი ბინა ას კვადრატულ მეტრამდე მაინც უნდა ყოფილიყო. 

საძინებელი ძალიან პატარაა, ლოგინი და კარადა ფაქტობრივად ერთად ვერც ეტევა. ერთი და იგივე ტერიტორიაზე ბინებში ამხელა განსხვავებაა. სხვა კორპუსებში უკეთესი პირობებია, გათბობაც არის და ა.შ. მაგალითად, მეხუთე კორპუსში ცენტრალური და იატაკის გათბობაც კი ფიქსირდება. სხვაგან ეს არ არის. ასე, სხვადასხვა ტიპის კორპუსებია და ყველას სამართლიანად ერთნაირი საცხოვრებელი არ შეხვდა. 

ამის გამო დევნილებმა უკმაყოფილება გამოხატეს და ბევრი ოჯახი გასაღებს უკან აბარებს, რადგან ასეთ ბინებში შესვლა არ უნდათ. მაგრამ არიან გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ქირას ვერ იხდიან. 23 წელია ქირით ცხოვრობდნენ და, - ახლა უკვე ქირის გადახდა აღარ შეგვიძლია, იძულებული ვართ დავრჩეთო. 

სამინისტრო მათ შანტაჟის ენით ელაპარაკება, - თუ არ დარჩებით, კიდევ კარგა ხანი ვერაფერს მიიღებთო. ამიტომ იძულებული არიან ადგილზე იყვნენ.

- ამ ადამიანებს შანტაჟის ენით ვინ ელაპარაკება? 

- ამაზე თვითონ დევნილები ყვებიან. საუბარია სამმართველოს უფროსზე, მის მოადგილეზე, განსახლებას და სოციალურ საკითხებს ვინც კურირებენ. გვარების დასახელება არ მსურს, მაგრამ იქ დევნილთა საქმეების და განსახლების დეპარტამენტებია და მათი ხელმძღვანელი პირები არიან შემჩეული ამ ზეწოლაში. დევნილებს შანტაჟით ესაუბრებიან. 

- ამ ყველაფერში მინისტრის პოზიცია როგორია? 

- ყველამ ვიცით, რომ მინისტრს დევნილებთან კომუნიკაცია არ აქვს. მას მიღება საერთოდ არ აქვს, დევნილებს არც კი ხვდება. ამასთან დაკავშირებით, მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არ მომისმენია. მაგრამ ბოლო დროს ისიც შანტაჟის ენით ესაუბრება დევნილებს. მსგავსი გამოსვლები კი ადამიანებში აგრესიას იწვევს. 

არ ვიცი, ახლა რა კონკრეტულ მოლაპარაკებაზე წავლენ. დევნილებს გარკვეული გარანტიები სჭირდებათ, რომ უკეთეს პირობებში გადაიყვანონ ან ოჯახებში სულადობა მოაკლონ. ვთქვათ, რვასულიანი ოჯახიდან სამი ისევ აღრიცხვაზე დადგეს და დანარჩენი იმ ფართებში დარჩეს, რაც კანონიერად ეკუთვნის. ანუ კანონიერად რა სულადობაზეც არის გათვლილი, იმ ოდენობით დარჩეს ოჯახი ადგილზე და დანარჩენი ისევ აღრიცხვაზე იმყოფებოდეს. 

ვერ გეტყვით, რამდენად წამოვა დევნილთა სამინისტრო ამ წინადადებაზე. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ ახლა მოლაპარაკება მიდის, რათა ეს უკმაყოფილო ხალხი რაღაცნაირად კიდევ გააჩუმონ. ვნახოთ, ახლა კიდევ გვექნება ოჯახებთან შეხვედრა და პროცესს თვალყურად მივადევნებთ. აქამდე ხუთ ოჯახთან გავედით კონტაქტზე, ვინც ამ ყველაფრით უკმაყოფილებას გამოხატავს. 

- ამ 23-ე კორპუსში რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ბუნებრივი აირის შეყვანა? 

- ზოგადად, კორპუსამდე მოყვანილია და მრიცხველები თითქოს დაყენებულია. მაგრამ შიგნით არსად შეყვანილი არ არის. თან ელექტროსადენებიც დატვირთვას ვერ უძლებს, როდესაც რაღაც გამათბობელს რთავენ. ეს ხომ მაინც სასტუმროს ტიპის კორპუსია. და მე მახსენდება ჩვენი ცხოვრება სასტუმრო აჭარაში. იქაც გაზი არ გვქონდა და არსებული სადენები დატვირთვებს ვერ უძლებდა. 

23-ე კორპუსშიც იგივე სიტუაციაა, გაზი ბოლომდე შეყვანილი არ არის. ზოგადად, დევნილთა სამინისტროს სჩვევია მსგავსი მიდგომები. როდესაც ერთი და იგივე ტერიტორიაზე ერთ დევნილს კარგ პირობებს სთავაზობს, მეორეს არა. ამის მაგალითი დასავლეთ საქართველოშიც გვაქვს, როცა კონკრეტულ ტერიტორიაზე ერთ კორპუსს აკანონებს და მეორეს არა. ამის გამო დევნილები ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული არიან. პრინციპით, იქით კარგი პირობებია და აქეთ, ასეთივე მიდგომა რატომ არ არის? ვერ გეტყვით, ასე რატომ ხდება. 

ყველას ერთნაირად უნდა მისცენ და უკმაყოფილო არავინ დატოვონ, ერთნაირი სერვისით უზრუნველყონ. რატომ კეთდება დევნილებში ასე, რომ შიგნით დაპირისპირება გამოიწვიონ? ამას ტენდენციის ხასიათი აქვს სამინისტროს მხრიდან. შეიძლება ამაში გარკვეული მიზნები, გათიშე და იბატონეს პრინციპის მოქმედება იყოს. ხანდახან ამასაც ვფიქრობ, რომ დევნილები სერიოზული ძალაა და იქნებ ეშინიათ, რომ მათი გაერთიანება არ მოხდეს. ამიტომ ყოველთვის ხალხს ერთმანეთს აპირისპირებენ. 

- ამ ფონზე, დევნილების განსახლების კუთხით ყველაზე მწვავე პრობლემები სად არის გამოხატული? 

- უმწვავესი მდგომარეობაა სამეგრელოში. ზუგდიდში 54 ათას დევნილამდე ცხოვრობს და ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ამ რაიონში არის წარმოდგენილი. იქ ყველაზე საშინელი პირობებია, სადაც კი კომპაქტურ დასახლებებში ვყოფილვარ. გაუსაძლისი, ნგრევადი ობიექტებია, კანალიზაცია მოშლილია, წყალი არ არის... 

ძირითადად სამეგრელოშია ასეთი რეალობა, რადგან ყველაზე მეტად ეს რეგიონი არის დატვირთული. რეალურად, სამეგრელოში 80 ათასი დევნილი ცხოვრობს, აქედან უდიდესი რაოდენობა ზუგდიდშია. 

აღარ ვსაუბრობ ბორჯომზე, სადაც ძალიან ცუდი სიტუაციაა. ასევე ლიკანში, ხობში, აბაშაში  რთული მდგომარეობაა. 

- ამ მხრივ თბილისში რა ხდება? 

- ნგრევადი ობიექტებია თბილისის ზღვაზე, კორპუსები საშინელ მდგომარეობაშია. ქართლის, ორქოს საწმისის სასტუმროები, დეშეპეს კორპუსები (ასე უწოდებენ), სადაც გაუსაძლისი ვითარებაა. ფაქტობრივად, ნგრევადი ობიექტებია და იქიდან დევნილების გამოყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს. 

სასტუმრო კოლხეთი, რომელიც ახლა დაიცალა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ასევეა აეროპორტის დასახლება, სადაც სერიოზული პრობლემებია. დევნილების სამინისტრომ ამ ობიექტებიდან დევნილები პირდაპირი წესით გამოიყვანა და ასევე პირდაპირი წესით ოლიმპიურ სოფელში უნდა შეეყვანა. მაგრამ სამინიტრომ ეს არ გააკეთა. ანუ ანკეტები შეავსებინა და ქულების გათვალისწინებით, ოლიპიურ სოფელში ყველა არ შეიყვანა. დატოვა ოჯახები, ვისაც კი სადმე რაიმე ქონება უფიქსირდება.

გეტყვით, როგორ მუშაობს დევნილთა სამინისტრო. თუკი ოჯახის რომელიმე წევრს უფიქსირდება რაიმე მიწის ნაკვეთი ან რაღაც ფართი (საკუთარი სახსრებით შეძენილი), მისი მდგომარეობა უპერსპექტივო ხდება. ახლა, 23 წლის განმავლობაში დევნილებმა რაღაც მაინც მოახერხეს, გადადეს, ოჯახს ლუკმა-პური მოაკლეს და რაღაც შეიძინეს. ამ შემთხვევაში, დევნილთა სამინიტრო მათ განსახლების პროგრამაში აღარ განიხილავს. იქმნება კომისია და ამას უკვე პოლიციის, უშიშროების სამსახურები იძიებენ. ხან მეზობლებს გამოკითხავენ ხოლმე და ამ ინფორმაციას ფლობენ. სამინისტრო ძირითადად ამაზე მუშაობს, რომ მოიძიოს ვინმე, სადმე ქონებას ხომარ ფლობს. 

თუკი ასეა, ამ საქმეს, კონკრეტულ აპლიკაციას გადადებენ და მას პრიორიტეტს არ ანიჭებენ. ფაქტობრივად, ეუბნებიან, რომ შენ ახლა ბინის საჭიროება არ გაქვს და არ ვიცით, როდის დაგაკმაყოფილებთო. რეალურად, ნულ ქულას ანიჭებენ და ეს განსახლების პროცესი კი უვადო გახდა. 

ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამოქმედო გეგმაში ახალი ჩანაწერი გაჩნდა და როდის დამთავრდება დევნილთა ეს განსახლების პროცესი, კაცმა არ იცის. თვითონ მინისტრმა სუბარმა თქვა, - თქვენ იმდენი ხართ, მრავლდებით და სახელმწიფოს ამდენი ფული არ გააჩნიაო. 

ამის გამო პროცესი მართლა დაუსრულებელი გახდება. პირიქით, სახელმწიფოს უნდა უღირდეს ეკონომიკურადაც, რომ დასრულდეს ეს პროცესი; რათა ეს ხალხი ჭერით დააკმაყოფილოს. სახელმწიფოებრივად რომ იფიქრონ, მგონი ასე აჯობებს, რომ წარმატებით დასრულედეს ეს განსახლების პროცესი, - ყველას მისცენ კუთნილი ფართი.

ამ უკმაყოფილო ოჯახებიდან კი ბევრი ჩვენთან მოდის, რომ ქუჩაში დარჩნენ. ფაქტობრივად, სამინისტრომ დაპირება არ შეუსრულა და არ გადაიყვნა თუნდაც ამ ოლიმპიურ სოფელში. ძალიან ბევრი ოჯახი ამ მდგმარეობაში არის დარჩენილი. 

ფაქტობრივად, ამ პრინციპით სამინისტრო ძალიან გაჭირვებულებს აკმაყოფილებს. კი მესმის, რომ ძალიან გაჭირვებული პირველ ეტაპზე უნდა დაკმაყოფილდეს, ვისაც მართლა არაფერი მიუღია და ვერც თავისი სახსრებით შეიძინა. მაგრამ ის დევნილებიც კანონიერად და სამართლიანად ითხოვენ, სახელმწიფოსგან დახმარება მათაც სრულად ეკუთვნით. 

- რა რესურსი აქვს და რეალურად რას აკეთებს ამ სფეროში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება? 

- ლეგიტიმურ ხელისუფლებას 13-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და აქედან 8 მილიონი  ხელფასებში მიდის, დანარჩენი ადმინისტრაციულ ხარჯებია. გარკვეული პროექტები ხორციელდება, წიგნის გამოშვება, გარკვეულ თემაზე კონფერენცია და ა.შ. განსახლების მიმართულებით აფხაზეთის ბიუჯეტიდან ერთი კაპიკიც კი არ მიემართება. 

პრინციპში, არ აქვთ უფლებამოსილება, რომ ამ სფეროში რამე განახორციელონ. დევნილთა სამინისტროსაც სურვილი არ აქვს, რაღაცნაირად უფლებამოსილებათა დელეგირება მოხდეს და აფხაზეთის მთავრობაც ჩაერთოს ამ ნაწილში. სხვა შემთხვევაში, არაფრის გამკეთებლები არიან არც პოლიტიკურად, არც სოციალურად და არც დევნილთა უფლებების დაცვის მიმართულებით. არც სამართლებრივი მექანიზმებით და არც არანაირი მხარდაჭერა მათი მხრიდან დევნილებს არ აქვთ. 

თუნდაც უმაღლეს საბჭოს, რომელიც პირდაპირ ვალდებულია, რომ პარლამენტში კანონპროექტები წარადგინოს დევნილების დასაცავად, ამ მიმართულებით იმუშაოს, მთელი ამ ხნის განმავლობაში მსგავსი ინიციატივა არ დაუყენებია. რაღაც ხედვების დეკლარირება ხდება, მაგრამ ისე რომ კანონპროექტი შეეტანათ, ასეთი რამ არ ყოფილა. 

ფაქტობრივად, პარაზიტული ორგანიზაციაა, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიუჯეტიდან ვინახავთ. ის მარიონეტია ნებისმიერი ხელისუფლების, ვინც კი სათავეში მოვა. რათა შეინარჩუნონ თავიანთი ადგილები, იქვე სანათესაო დაასაქმონ და ა.შ. ამიტომ ჭაობია, სადაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამის გამო არც არავინ უწევს ელემენტარულ ანგარიშს. 

- გამოსავალი სად არის, რომ დევნილი ოჯახების განსახლება დროულად და ეფექტურად განხორციელდეს? 

- ორივე მიმართულებით ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს - კომპაქტურ ობიექტებზე, რომლებიც ინგრევა და სადაც დევნილების ცხოვრება არ შეიძლება; და კერძო სექტორის დევნილებში, ვინც ამდენი ხანი ქირით ცხოვრობს. პრიორიტეტი მაინც ნგრევად კომპაქტურ ობიექტებს ენიჭება. 

გამოსავალია, რომ თუკი სახელმწიფოს შესაბამისი ბიუჯეტი არ აქვს (დევნილთა უწყებასაც მცირე ბიუჯეტი აქვს), ამ შემთხვევაში აუცილებლად ალტერნატიული რესურსი უნდა გამოინახოს. თუნდაც მიწა უნდა გამოიძებნოს მათთვის, როდესაც დევნილებს მიწებს არ უკანონებენ. ეს მიწა დასაქმების პრობლემასაც მოაგვარებდა. 

ბევრი, თუნდაც თბილისში მცხოვრები დევნილი თანახმაა, რომ რაღაც პატარა ნაკვეთი მიიღოს რეგიონში და ამით დაკმაყოფილდებოდა, - სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილად ჩაითვლებოდა. 

ასევე შენობა-ნაგებობების სახით ძალიან ბევრი აქტივი აქვს ჩვენს მთავრობას. ეს არის გამოუყენებელი აქტივი, რომელსაც ვერ ყიდის, როცა საპრივატიზაცოდ გამოტანილი აქვს. თუნდაც ეს აქტივები რომ დევნილებს გადაეცეს, ძალიან კარგი იქნებოდა.

ზოგადად, სახელწიფო ფლობს მიწების 70%-ს და აქტივების სადღაც 50%-ს. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კერძო სექტორში უნდა გადავიდეს. ანუ პრივატიზაციის პროცესი უნდა განხორციელდეს და არამარტო დევნილებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა გადაეცეს. ეს იქნება ყველაზე სამართლიანი მიდგომა და აღმოსავლეთ ევროპას აქვს ამის გამოცდილება, თუ როგორ განხორციელდა ეს პროცესი. 

ამ გზით ქონება უნდა გაუნაწლდეს აბსოლუტურად ყველას, დევნილსაც და არადევნილსაც. უკვე ეს აქტივები ჩაებმება ეკონომიკურ მეურნეობაში. იმიტომაც ვერ ვვითარდებით ჩვენ, ეკონომიკურად წინ ვერ მივდივართ, რადგან ისევ „კომუნიზმში“ ვიმყოფებით. როდესაც სახელმწიფო დომინანტურად ფლობს წარმოების ფაქტორებს და ისევ ძველ მდგომარეობაში ვართ; არ გადავსულვართ საბჭოური ეკონომიკური სისტემიდან რეალურ საბაზრო ეკონიმიკაზე. საბაზრო ეკონომიკაში დომინანტი კერძო საკუთრებაა და ეს ფუნდამენტური პრინციპია. 

ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ძალიან დიდ აქტივებს ფლობს. ვინც კი მოდის ქვეყნის სათავეში, ამ აქტივების დათმობა არ უნდა და ძალაუფლებასაც თითქოს ამ გზით იმყარებს. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, რეალურად წინ ვერ წავალთ. რეალურ ეკონომიკურ ზრდას ვერ მივიღებთ და მუდმივ სტაგნაციასა და კრიზისში ვიქნებით. 

ამიტომ ჩვენი პროგრამით, ამ სახელმწიფო აქტივებს შევთავაზებთ არამარტო დევნილებს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ძალინ ბევრი უსახლკარო, სოციალურად დაუველია. ეს ჩვენი საკუთრებაა და მოქალაქეებს უნდა გადაეცეს. სწორედ ეს იქნება სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის მიმართ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია