მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს? - 01 თებერვალი 2016

„პრეზიდენტი მოერიდა კიდევ ერთ კონფრონტაციას“

myrights.ge

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხელმოწერის მიუხედავად, „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები „არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ“. ქვეყნის პირველმა პირმა საზოგადოებას რამდენიმე გარემოება განუმარტა.

„მე ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებეს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება:

პირველი - ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა.

შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს", - აცხადებს მარგველაშვილი.

აღნიშნული პოზიციის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ კოდექსთან დაკავშირებული ორი კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებებით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება – ხდება ცალკეული ოლქების გაერთიანება, ხოლო ცალკეული ოლქების - დაყოფა.

კერძოდ, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ცვლილებებით, ერთად, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიას და ცაგერს.

იცლება ყველა სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვარი. თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი მხოლოდ საგარეჯოში, გურჯაანში, ხაშურში, საჩხერში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იქნება. მეორე ცვლილება კი, მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელს, ქრისტიან-დემოკრატ გოჩა ჯოჯუას ესაუბრება:

- ბატონო გოჩა, როგორ აფასებთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და შემდგომ გაკეთებულ განმარტებას?

- რასაკვირველია, შეიძლება უფრო მეტის მოლოდინი იყო. ვთქვათ, თუკი პრეზიდენტი შეთავაზებულ ცვლილებებს ხელს არ მოაწერდა, ამით ფაქტობრივად იმას ეცდებოდა, რომ კანონი ძალაში არ შესულიყო. მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას ამის დაძლევა თავისუფლად შეეძლო.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი მოერიდა კიდევ ერთ კონფრონტაციას. თორემ საკუთარი პოზიცია მანამდეც გახმოვანებული ჰქონდა და ხელმოწერიც შემდეგაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ასე რომ, ჩემთვის ეს გასაგებია.

ვიმეორებ, რომ შეიძლება მასთან მიმართებაში  უფრო მეტი მოლოდინი ყოფილიყო. კერძოდ, პრეზიდენტს ნამდვილად შეეძლო, რომ თავისი პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად დაეფიქსირებინა.

არის კიდევ ერთი მომენტი. იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემა, ანუ საარჩევნო გარემოში შემავალი ერთ-ერთი ფუნდამენტური სფერო შეიცვალოს (რაზეც მთლიანად ეს  გარემო დგას), ამას კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება. რომლის დაძლევის პოლიტიკური სურვილი უმრავლესობას არ აქვს. ეს ფაქტორიც, ალბათ, გათვალისწინებული იყო.

აქედან გამომდინარე, დანარჩენი ცვლილებებიც, რასაკვირველია, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და ამის შანსები ჯერ კიდევ არის. არჩევნებამდე საკმაო დრო არის დარჩენილი და თუ ვინმეს სურს, რომ ცვლილება განახორციელოს, ეს სავსებით შესაძლებელია კიდეც.

უკვე პრემიერ-მინისტრთან სურს შეხვედრა იმ ჯგუფს, რომელიც ამ პრობლემატიკაზე აქტიურად მუშაობს. საუბარია 12 არასაპარლამენტო პარტიაზე, ამას კიდევ დამატებული 2 საპარლამენტო პარტია და პლუს არასამთავრობო ორგანიზაციები.

ვეცდებით პრემიერს დღეს არსებული რეალური სურათი დავუდოთ. და თუკი გვინდა არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, მაშინ ეს ცვლილებები ნამდვილად გასაკეთებელია.

თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ეს არ იქნება ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. რადგან ეს საკითხი უკვე საკონსტიტუციო უმავლესობასთან არის დაკავშირებული.

- მაინც რას ელოდებით პრემიერთან შეხვედრისგან და რა რესურსი არსებობს, რომ მომავალ არჩევნებამდე საარჩევნო თამაშის წესები მაქსიმალურდ შეიცვალოს?

- სწორედ ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი მოტივიც, რომ მან აღნიშნულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება 2 თებერვლამდე უნდა მოესწროს. ეს ციფრი თეორიულად შეგვიძლია ავიღოთ, რადგან შემდგომში საკონსტიტუციო ცვლილება აღარ ესწრება. თებერვლის დასაწყისიდან ფაქტობრივად ამოწურულია მთლიანად სისტემის ცვლილების ყველანაირი კონსტიტუციური ვადები.

ანუ შემდგომში თუკი შეიცვლება, ეს იქნება კანონდარღვევა თვითონ პარლამენტის მხრიდან. რადგან საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება ორი სესია და ეს ამბავი შემდეგ უკვე დაგვიანებულია.

აქედან გამომდინარე (რადგან სისტემა არ იცვლება), იმის შანსი მაინც არსებობს, რომ რაღაცები შევცვალოთ. მაგალითად, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს არის თვითონ ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების საკითხი. ამ შემთხვევაში, კანონმა ისე დაარეგულირა, რომ ბლოკის შექმნის დროს პოლიტიკური პარტიები არათანაბარ მდგომარეობაში არიან. სავსებით შეიძლება ეს საკითხი თვითონ ბლოკში შემავალ სუბიექტებს დავუტოვოთ, თუ როგორ უნდა დარეგულირდნენ, -  ამაზე კანონში ცვლილება შევიდეს და ა.შ.

ასევე არის მთელი რიგი კანონები, იგივე მედიასაშუალებებში რეკლამის გამოყენება როგორ შეიძლება. თუ არ გავათანაბრებთ, ყოველ შემთხვევაში, თანაბართან ახლოს მაინც რომ მივიყვანოთ არსებული მდგომარეობა. უზრამაზარი სხვაობა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ანუ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც შეალამაზებს მაინც და საარჩევნო გარემოს შედარებით თანაბარს გახდის, -  ეს გარემო პოლიტიკური სუბიექტებს უფრო თანაბარ პირობებში ჩააყენებს. ეს აუცილებლობა ნამდვილად  არსებობს.

პრემიერ კვირიკაშვილთან, აქამდე სადაც მუშაობდა პარლამენტიდან დაწყებული აგერ საგარეო მისისტრობით დამთავრებული, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა და ვფიქრობთ, რომ პრემიერ-მინისტრის რანგშიც ის უფრო კომუნიკაბელური და ადეკვატური ადამიანია. ალბათ, გარკვეულ ცვლილებებზე შეიძლება წამოვიდეს და ეს რესურსი ბოლომდე გამოყენებული იყოს. ვფიქრობ, რომ აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი.

თებერვლის პირველ რიცხვებში შეიძლება ამ საკითხზე შემაჯამებელი კონფერენცია გაკეთდეს. ჩვენ მოსახლეობას იმ რეალურ სურათს დავუდებთ, თუ რა ვეცადეთ, რა ვაკეთეთ, თავისი ხელმოწერებით და ყველაფრიანად, - ეს ყველაფერი შეჯამდება. 

ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მეორე რაუნდი, ოღონდ ეს თავისი ფასით არ იქნება იმხელა, რაზეც აქამდე საუბარი იყო. რადგან კონკრეტული მუშაობა უკვე წავა იმაზე, თუ ამ მახინჯი საარჩევნო სისტემიდან რა შეიძლება გამოვადნოთ, რა შეიძლება შევცვალოთ...

- თუ ხელისუფლება შესაბამის მზაობას არ გამოიჩენს და დღევანდელი სისტემით მივალთ არჩევნებზე, ეს ხელისუფლებას და მთლიანობაში ქვეყანას რას მიუტანს?

- ვხედავთ, რომ ევროპაში ურთულესი პროცესები მიმდინარეობს. საქმე ეხება იმ ფასეულობებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებზეც დასავლურ-ევროპული ღირებულებები დგას. ამ მხრივ დიდი საფრთხეებია, - ეს არის მიგრანტებთან ურთიერთობა, აქედან იწყება შეზღუდვები და ა.შ.

უკიდურესი ნეოლიბერალიზმის დასასრული არის ხოლმე ასევე უკიდურესი ტოტალიტარიზმი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. მიუხედავად ამ პრობლემებისა, არ მგონია ევროპამ ჩვენთან მიმდინარე ასეთი პროცესები დადებითად შეაფასოს.

ამის გარდა, არასტაბილურ გარემოში თვითონ ეკონომიკა და ბიზნესი ფრთხილია და ცდილობს, რომ თანხები რაც შეიძლება ნაკლები რისკით ჩადოს. ეს ყველაფერი კი თითოეულ ჩვენგანზე, მოქალაქეებზე მოქმდებს.

აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ ვერ შევძელით და ვერ ჩავატარეთ არჩევნები ისეთ გარემოში, სადაც იქნება სიმშვიდე, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, რასაკვირველია ეს ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე უარყოფითად აისახება.

ამიტომ იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, გულზე ხელს ვერ დავიკრებთ და რაღაც მაინც უნდა გავაკეთოთ. ეს რაღაც იქნება ის, რომ იქნებ გარკვეულ ნაწილში მაინც მოვახდინოთ ცვლილებების შეტანა. რომ პოლიტიკურად რაც შეიძლება მეტი სუბიექტი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.

პარლამენტში შესულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხონ ისეთი სტაბილური ანტიკრიზისული პროგრამის შექმნა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ჩიხიდან, რომელშიც შესულები ვართ.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია