მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველის განცხადება მშენებლობაზე ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით - 02 თებერვალი 2016

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტსა და მთავრობას შექმნან ეფექტური შრომის ინსპექცია

myrights.ge

სახალხო დამცველი მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში და შექმნან ეფექტური შრომის ინსპექცია.

გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 1 თებერვალს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მომუშავე ერთი ადამიანი სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა. მწუხარებას გამოვთქვამ აღნიშნულის გამო და ვუსამძიმრებ  გარდაცვლილის ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებას.

კიდევ უფრო სამწუხაროა ის გარემოება, რომ მრავალი ასეთი შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფო კვლავაც არ დგამს ნაბიჯებს ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც, პირველ რიგში, მსგავსი ფაქტების დროულ პრევენციას მოემსახურებოდა და მძიმე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე თუ სხვაგან დასაქმებული მრავალი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა სიკვდილისაგან, ხოლო მათ ჯანმრთელობასდაზიანებისაგან.

მართალია, ამ კონკრეტული ფაქტის გარშემო დეტალური გარემოებები ცნობილი არ არის, თუმცა, ხაზს გავუსვამ შრომის სფეროში არსებულ ძირითად საჭიროებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2013 წელს შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 111 და გარდაიცვალა 23 პირი, 2014 წელს დაშავდა 72 და გარდაიცვალა 46 პირი. სახალხო დამცველს შსსსაგან მოთხოვნილი აქვს 2015 წლის მონაცემები და აღნიშნული უწყების მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია.

როგორც წესი, და ამ შემთხვევაშიც ასეა, სამართალდამცავი ორგანოები იწყებენ გამოძიებას, თუმცა, საზოგადოება არ არის ინფორმირებული მისი საბოლოო შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სისხლისსამართლებრივი წესით რეაგირებაც კი არ არის საკმარისი, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ფატალური ან მძიმე შედეგის დადგომას ელოდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში და შექმნან ეფექტური შრომის ინსპექცია. სანამ ეს ორგანო შექმნილი არ არის, მუშაკების დაშავებისა და გარდაცვალების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობას აღნიშნული უწყებებიც იზიარებენ.

აქვე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია გასულ წლებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული და დაღუპული მუშაკების საქმეებზე დაწყებული გამოძიების შედეგების თაობაზე, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ გამოძიების დაწყებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს და რეალური შედეგებისაკენ არ არის მიმართული“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია