მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველო ნატო-სგან თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ელოდება - 07 თებერვალი 2016

„ჩვენ დამატებითი ძალისხმევა და დროც გვჭირდება, რომ ალიანსის წევრობას  მივაღწიოთ“

myrights.ge

პრემიერ-მინისტრი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით ნატო-სგან თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ელოდება, რომელიც ვარშავის სამიტზე დაფიქსირდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 

„სამხედრო ნაწილში, განსაკუთრებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო შენაერთების თავსებადობა ნატო-ს სამხედრო შენაერთებთან არის იდეალური. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა. შემდგომი აქცენტირება უნდა გაკეთდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ჩვენ ამ მიმართულებით თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ველოდებით“, - ამბობს კვირიკაშვილი. 

რუსეთის მიერ ახალი თავდაცვის დოქტრინის მიღებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ  რუსეთის ხელისუფლებას ამოცანად ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა აქვს დასახული. მისივე შეფასებით, ამ მხრივ ახალი არაფერია: 

„გასაგებია, რუსეთის სახელმწიფოს, ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა და ეს სრულიად მოსალოდნელია. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა უცნაური. მოვლენები, რომლებიც ვითარდება, მაგალითად, იგივე მაკედონიაში, ძალიან კარგად აჩვენებს მის დამოკიდებულებას და განზრახვებს. თუმცა, ამასობაში თავისუფალი სამყარო საკუთარი წესებით მოქმედებს და ბუნებრივია, არ ექვემდებარება მსგავსი ტიპის შანტაჟს თუ მსგავსი ტიპის დამოკიდებულებებს. 

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის თანამშრომლობას, ჩვენ ვიცით, რომ ეს „ხელშეკრულებები“ ხელმოწერილია, ძალაშია შესული, თუმცა ასევე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში არაფერი მომხდარა რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზიც გამხდარა ხშირ შემთხვევაში. ასე, რომ რუსეთი არ იცავს თავის პრინციპებს, არც სუვერენულ ქვეყნებთან მიმართებაში და არც მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, უბრალოდ იმიტომ, რომ რუსული ხელისუფლების სახე ასეთია“.

ამ ფონზე, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი რუსეთთან „ურთიერთობების გადატვირთვას“ არ გამორიცხავს. ამის შესახებ ამერიკული მედიის ცნობით, კლინტონმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატების სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა. 

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მივიღებ ამის სანაცვლოდ“, - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა. 

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი: „ჩემი ურთიერთობა მასთან საინტერესოა. ჩვენთვის ყოველთვის რთული იყო შეთანხმებისთვის მიგვეღწია“.

ამ თემაზე, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტოლოგ ირაკლი მენაღარიშვილს ვესაუბრებით: 

- გამიჭირდება უფრო კონკრეტული ვთქვა, რაზეც პრემიერმა გაამახვილა ყურადღება. საუბარია იმაზე, რომ ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა შემდგომ გააქტიურებას საჭიროებს. მთავარი აქცენტია იმ ღონისძიებათა პაკეტის შესრულების დაჩქარებაზე, რომელიც იცით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე მიიღეს. ერთობლივი ნაბიჯების გადადგმაზე სამხედრო მშენებლობის გააქტიურების და საქართველოს შეიარაღებული ძალების და საერთოდ, თავდაცვის სისტემის ხარისხობრივად გაუმჯობესების მიმართულებით. 

უფრო კონკრეტული ჩამონათვალი ამ ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებებისა, დღეს საუბრის თემა უბრალოდ ვერ იქნება. რადგან, როგორც ცნობილია, ამაზე ალიანსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეიძლება მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების ეს მცდელობა თავის შედეგს მოიტანს; მათ შორის ალიანსის ვარშავის სამიტზე. 

ამასთან, არ მგონია დღეს ვინმეს რეალისტურად მიაჩნდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე რაიმე გარღვევის მიღწევა ვარშავაში. თუმცა გამორიცხული არაფერია და რაიმე სერიოზული ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას. მაგრამ ეს უკვე მთლიანად დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, რომელიც მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის უკრაინის ფრონტზე, ახლო აღმოსავლეთში, ისლამისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე და სხვაგან განვითარდება. 

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია პირობები შეიქმნას უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების წინ გადასადგმელად. მე პირადად არ ვიჩქარებდი ამ თვალსაზრისით რაიმე წინასწარი პროგნოზების გაკეთებისგან. 

- რამდენად შესაძლებელია გაწევრიანების სამოქმედი პროგრამის  (მაპის) მინიჭების საკითხი დაისვას და რამდენად დგას ამის აუცილებლობა? 

- როგორ გითხრათ, ამასთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორე ის, რაც მოგახსენეთ. ამის რეალისტურ პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. თუმცა გამორიცხული არაფერია. იმ კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. 

- ისე, ხომ არ დაგვიანდა კიდეც საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის, „მაპის“ მინიჭება? 

- არა, არავითარ შემთხვევაში. იმიტომ, რომ გაითვალისწინეთ რა მდგომარეობაში იყო საქართველო, როდესაც ნატოსთან თანამშრომლობა დაიწყო. მხედველობაში მაქვს 1994 წელი. გაითვალისწინეთ, რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდში. და გაითვალისწინეთ ის, თუ რამდენი ხანი დასჭირდა არაერთ სხვა ევროპულ ქვეყანას მსგავსი მიზნის მისაღწევად. 

რასაკვირველია, მხედველობაში არ მყავს ის აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ალიანსში გაწევრიანების პირველ ორ ტალღაში მოყვნენ. სახელმწიფოები, რომლებიც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წარმოიშვნენ და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, იქ განვითარებული სისხლიანი მოვლენების შედეგად. 

მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ნაბიჯ-ნაბიჯ მათი უმრავლესობა უკვე დაუკავშირდა მჭიდროდ ალიანსს. და საბოლოოდ ჩანს პერსპექტივა, რომ ევროპის ეს ნაწილი მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილი გახდება.

საქართველოც პოსტსაბჭოთა განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეგიონის ნაწილი აღმოჩნდა. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ ჩვენ დამატებითი ძალისხმევა გვჭირდება. ასევე დამატებითი დროც იმისთვის, რომ ამავე მიზანს მივაღწიოთ. 

- ახალი სამხედრო დოქტრინით რუსეთის ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა; რა გავლენას ახდენს ეს ჩვენი ინტეგრაციის პროცესზე?

- გავლენას ახდენს, რადგან დღეს რუსეთი ერთადერთი წინაღობაა, რომელიც საქართველოს ამ სტრატეგიული არჩევანის რეალიზაციის გზაზე დასაძლევია. ამ წინაღობაში შეგნებული, პოლიტიკურად გათვლილი და დაგეგმილი ნაბიჯების გადადგმას ვგულიხმობ რუსეთის მხრიდან. 

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რომელიც დღეს პრობლემაა საქართველოსთვის და მათ შორის ნატოში ინტეგრაციის გზაზეც, რუსული აგრესიის შედეგი გახლავთ. რუსეთმა იმ დოკუმენტის გამოქვეყნებით, რომელიც თქვენ ახსენეთ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორ უყურებს ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა მსოფლიო მოწყობას. უფრო სწორად, უყურებდა იმ მომენტში, როდესაც ეს დოკუმენტი იწერებოდა და მიღებულ იქნა. 

მაგრამ მოვლენების განვითარება მას შემდეგ (თუმცა დიდი დრო არც არის გასული) უჩვენებს, რომ რუსეთს მოუწევს გადახედოს თავის დამოკიდებულებებს დასავლეთთან, მათ შორის ნატოსთან მიმართებაშიც. 

მართალია ეს სწრაფად და მარტივად არ მოხდება, მაგრამ როგორც ეტყობა ეს გარდაუვალი პერსპექტივაა. მე, რასაკვირველია, მხედველობაში რუსეთის ეკონომიკური განვითარების ის დინამიკა და პრობლემები მაქვს, რომელიც ყველაზე მკაფიოდ უკანასკნელ კვირებში გამოჩნდა. 

- აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი რუსეთთან მორიგ „ურთიერთობების გადატვირთვას“ არ გამორიცხავს. მისი თქმით, „ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მივიღებ ამის სანაცვლოდ“. სად არის ასეთ შემთხვევაში საქართველოს ადგილი და როლი?

- რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პირველი წარუმატებელი ექსპერიმენტი ვფიქრობ ჭკუის სასწავლებელი იყო ყველასთვის. მათ შორის ამ იდეის ავტორებისთვისაც კი. ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ამგვარი ნაბიჯის გადაგმას თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყანა თავისივე სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების ხარჯზე არ შეეცდება. 

ვფიქრობ, გადატვირთვა სხვა საკიხთებთან ერთად სწორედ რუსეთის დამოკიდებულებასაც უნდა შეეხოს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და სხვა პარტნიორები.       

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია