„გაურკვეველი წარმოშობის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირება ბაზარზე წესრიგის დამყარებას ნიშნავს“
myrights.ge
„მემარცხენე ალიანსი“ კატეგორიულად მოითხოვს მაღალპროცენტიანი სასესხო ვალდებულებების რეგულაციას და გონივრული ზღვრული საპროცენტო განაკვეთის დაწესებას. პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია აცხადებს, რომ „კატასტროფულად გაძვირებული დოლარის კურსის ფონზე კიდევ უფრო უიმედოდ გამოიყურება ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობების გამო, კაბალურ პირობებში ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან და ონლაინ სესხებით უნამუსოდ მაღალგანაკვეთიან საკრედიტო-საპროცენტო მარყუჟში აქვთ თავი გაყოფილი“.
„ამ ორგანიზაციებიდან სესხის აღება პრაქტიკულად დაუბრკოლებლად და უპრობლემოდ არის შესაძლებელი. ხოლო ბანდიტურად გაასმაგებული პროცენტების გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი მარტივად კარგავს ყველაფერს თავისას და მამა-პაპისეულსაც. ამ ყაჩაღი ორგანიზაციების თავხედობა იქამდე მივიდა, რომ სესხის გარანტიად პენსიონერების გასაწყლებულ პენსიას იდებენ და შემდეგ ამ პენსიიდან წლიურ 35 პროცენტს ატოვებინებენ. უფრო მძიმე მდგომარეობაა ონლაინ სესხებზე, როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი 1000 პროცენტს აღემატება“, - ამბობს ძაგანია.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ მოითხოვს ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე დააწესოს რეგულაციები საპროცენტო განაკვეთებზე, განსაზღვროს გონივრული ზღვრული საპროცენტო განაკვეთები, მონიტორინგი დაევალოს ეროვნულ ბანკს: „ამავე დროს ჩვენ გვაინტერესებს აღნიშნულ ურთულეს პრობლემასთან დაკავშირებით რა მოსაზრებები გააჩნიათ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს“.
თავის მხრივ, ლეიბორისტული პარტია იწყებს „მამხილებელ აქციებს ყაჩაღი ბანკირების წინააღმდეგ“. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებას სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას.
„საახალწლოდ ლარის კვლავ გაუფასურებით ახალი დარტყმა მიაყენეს მათგან ისედაც არაერთხელ გაწირულ მოსახლეობას. მთელი ამ საბანკო შეთქმულების სათავეში დგას ქვეყნის მთავარი ბანკირ-დიქტატორი ივანიშვილი თავის თანამზრახველ საბანკო კრიმინალიტეტთან ერთად. რაიმე ობიექტური მიზეზი ვალუტის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ გააჩნია, გარდა ამ დანაშაულებრივი სინდიკატის განზრახვისა, ხალხის ხარჯზე იშოვოს მუქთა მილიარდები.
მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტისაგან მოვითხოვთ საკანონმდებლო პაკეტის სასწრაფოდ მიღებას, რომელიც ლარის კურსის დასტაბილურებამდე საერთოდ შეაჩერებს პროცენტების გადახდას; ხოლო შემდგომ უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას იმ კურსით, რაც არსებობდა ვალის აღებისას.
ამასთან, დაუყოვნებლივ დასაყადაღებელია და მევალეთა ფონდებშია გადასარიცხი ის 1 მილიარდ 980 მილიონი, რომელიც ბანკებმა ამ უმძიმეს პერიოდში უსამართლოდ გამოსძალეს მოსახლეობას.
ლეიბორისტული პარტია ამ კვირიდან იწყებს მამხილებელ აქციებს ყაჩაღი ბანკირების წინააღმდეგ.
იცოდეს ყველამ! ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ეს დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი!“-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერი:
- სახეზეა საბანკო შეთქმულება მოსახლეობის წინააღმდეგ. ლარის გაუფასურებისა და მოსახლეობის ტოტალური გაღარიბების ფონზე ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება ასტრონომიულ ციფრებს აღწევს; რაც სახელმწიფოში დამყარებული ოლიგარქიული საბანკო-საფინანსო დიქტატურით არის განპირობებული.
დრაკონული კანონმდებლობითა თუ კრიმინალური გზით, სავალუტო მაქინაციების გამოყენებით ბანკებს სრული უფლებამოსილებები აქვთ მინიჭებული მაქსიმალურად გაძარცვონ მოქალაქეები, მიითვისონ არამხოლოდ მათი ფინანსური რესურსი, არამედ უძრავი ქონებაც.
ამ მაფიოზურ კრიმინალური პირამიდის სათავეში დგას მთავარი ბანკირი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი.
ამ თემაზე ჩვენს კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია პასუხობს:
- თუ საუბარია ბანკების კრედიტზე, ეს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და დერეგულირებული სფეროა. ეროვნული ბანკის მხრიდან მრავალმხრივად კონტროლდება და ხარვეზები გარანტირებულად აღმოიფხვრება. ამიტომ მათი პროცენტების რეგულირება წარმოუდგენელი თემაა და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება სოციალიზმისკენ, რეალურად დაანგრევს საბანკო სისტემას.
მაგრამ თუ აქცენტია გაურკვეველი წარმოშობის ე.წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მათი რეგულირება, სათანადო ჩარჩოებში მოქცევა ბაზარზე წესრიგის დამყარებას ნიშნავს. რადგან ამ ორგანიზაციებს არაფერი საერთო არ აქვთ ნორმალურ ფინანსურ ინსტიტუტთან.
რეალურად, ესენი არიან სუპერსპეკულაციური ორგანოები, რომელთა მოგების პროცენტი ხანდახან 800 პროცენტს, ასტრონომიურ ციფრებს აჭარბებს. ამიტომ მათი „მოღვაწეობის“ რეგულუაციაში მოქცევა, უბრალოდ აუცილებელია.
საბოლოო ჯამში, ასეთ უკონტროლო პროცესს ეკონომიკის დაშლა მოჰყვება. ჩვენ თუ ამ მიუღებელი გზით ვივლით, გამორიცხული არაფერია.
- რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის საკანონდებლო რეგულირება?
- ბევრმა ქვეყანამ სწორედ ეს გზა აირჩია, როდესაც ჩათვალა, რომ ასეთი რეგულაცია უნდა მომხდარიყო. ხაზს ვუსვამ, საუბარია მეორე ტიპის ორგანიზაციებზე და არა საბანკო სფეროზე.
ასეთი ნაბიჯებით, საეჭვო წარმომავლობის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაქსიმალურად შეზღუდეს პროცენტის თვალსაზრისით და ეს მიღებული პრაქტიკაა. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი სწორედ ეს არის. რადგან ვიმეორებ, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები ანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას, მისი განვითარების პერსპექტივას.
- სხვაგან რამდენად მწვავედ დგას ეს საკითხი?
- სხვადასხვანაირი სიტუაციაა ამ თვალსაზრისით. არ დავასახელებ მათ, ვინც საქართველოში ძალიან აგრესიული ნაბიჯებით შემოვიდნენ. ამ დროს, 200-300 ლარიანი სესხის გაცემით ქვეყნის ეკონომიკისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ. გარდა იმისა, რომ ეს უბრალოდ ანგრევენ საფინანსო ბაზარს.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო მსგავსი რეგულაცია. საქართველომაც ეს გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.