მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მხოლოდ დეკემბრის თვეში, თბილისის საკრებულოში 567 ათასი ლარის პრემია და დანამატი გაიცა“ - 11 თებერვალი 2016

დედაქალაქის მერიის სრული „ქართუზაცია“ ხდება?

myrights.ge

40 ათასი ევროს ღირებულების რა კონსულტაცია გაუწია გერმანულმა კომპანიამ თბილისის მერიას? ამ მიმართულებით ტენდერი რატომ არ გამოაცხადეს? ვის ხარჯზე ატარებს „სამეცნიერო ექსპერიმენტებს“ დედაქალაქის მთავრობა? რა ხდება პრემია-დანამატების ყაბადაღებულ პრობლემასთან დაკავშირებით? რა დამსახურებისთვის გაიცა მხოლოდ დეკემბრის თვეში ნახევარ მილიონზე მეტი პრემია-დანამატი საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, შტატგარეშე მოსამსახურეებზე და ა.შ.? საშუალოდ რა ოდენობის შუამდგომლობას უწევენ მაჟორიტარი დეპუტატები მოქალაქეებს? რა აუცილებლობას წარმოადგენს 450 ათასლარიანი ტენდერის გამოცხადება საკონცერტო ინვენტარის შესაძენად, ასევე 20 ათასლარიანი ტენდერი თაიგულებისა და გვირგვინებისთვის? მიმიმდინარეობს თუ არა დედაქალაქის მერიის სრული ქართუზაცია?

ამ კითხვებზე „ქრონიკა პლუსს“ ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს: 

- მედიატორმა ახალი წლის შემდეგ მერიის მუშობაზე მონიტორინგი განვაახლეთ. რამდენიმე საინტერესო ქეისზე მსურს გიამბოთ. 

პირველი, დედაქალაქის მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 40 ათასი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც ასი ათას ლარზე მეტია. ეს შეთანხმება გერმანულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელსაც თბილისის მთავრობისთვის კონსულტაციის გაწევა დაევალა. იმისთვის, რომ საცობები განიტვირთოს მაგალითად გმირთა მოედანზე, შარტავას, პეკინის ქუჩაზე და ა.შ. 

რაც ყველაზე საინტერესოა, ამ 40 ათასი ევროს გადახდის შემდეგ საბოლოო ჯამში მივიღეთ „კონსულტაცია“, რომელიც დედაქალაქში შუქნიშნების დამატებას გულისხმობს. ვფიქრობ, ცოტა ანეკდოტურ მდგომარეობაში ჩავვარდით ჩვენც და დედაქალაქის მთავრობაც. რადგან რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ შუქნიშანი განტვირთავს საცობს გმირთა მოედანზე, პეკინზე ან შარტავაზე? ალბათ ყველა ხვდება, რომ ეს გამორიცხული ამბავია. 

მეორე, საერთოდ არ იყო იმის საჭიროება, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით გაეფორმებინათ 40 ათასი ევროს ხელშეკრულება. ეს ერთი მარტივი მიზეზის გამო. სატრანსპორტო მიმართულებით მერიაში გაქვს საქალაქო სამსახური და მილიონობით ლარს ვხარჯავთ კონკრეტული ადამიანების შრომის ანაზღაურებაში. ამიტომ მიუღებელია უცხოური კომპანიის დაქირავება იმისთვის, რომ ქალაქში საცობები განვტვირთოთ. 

თუ მაინცდამაინც აუცილებელი იყო გარეშე ექსპერტების ჩართვა, საქართველოშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით პროფესიულ კონსულტაციებს გაწევენ. და თუ არა, დედაქალაქის მერიამ გვითხრას მაინც, რომ არ გვყავს სატრანსპორტო კვალიფიკაციის ადამიანები. ბევრი პროფესიონალი გვყავს, ვისაც ამ მიმართულებით მუშაობა შეუძლია. 

მესამე, შუქნიშნების დადგმა საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს. როცა მანქანების რაოდენობა იზრდება, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ შუქნიშნები დაამატო და ა.შ. უნდა იზრუნო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ძველის მოვლასა და ახლის გაკეთებაზე. ვგულისხმობ ახალ ესტაკადებს, ხიდებს, გვირაბებს და ა.შ. დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს, ამის გარდა; იწვევს გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიას, რომლის სახელი არაფერს ამბობს. მის დოკუმენტაციასაც გადმოგიგზავნით. 

- რატომ მაინცდამაინც ამ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება? ან ტენდერი რატომ არ გამოაცხადეს? 

- ლეგიტიმური კითვებია. და მეტსაც გეტყვით, 2015 წელს საცობები რომ იყო, ამას ვერ ხედავდნენ და ამის დაგეგმვა არ შეიძლებოდა? 

ზემოაღნიშნული კვლევის გარდა, საინტერესოა, რომ ბიუჯეტში 300 ათასი ლარი უკვე გათვალისწინებულია იმისთვის, რომ მერიამ კიდევ სხვადასხვა კვლევები ჩაატაროს. იგივე კარგი მმართველობის შესახებ, თბილისელების ცხოვრების დონის შესწავლის კვლევა და სხვ. შეიძლება კიდევ გამოვარდეს ვინმე და რაღაც კვლევის მიმართულებით მორიგი ხელშეკრულება გააფორმონ. გამოდის, რომ თბილისელები ამ კვლევებში ვიხდით ძალიან დიდ თანხას. 

გავიგეთ, თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც გვითხრა, რომ დავით ნარმანია მკვლევარი მეცნიერიაო. მაგრამ უკაცრავად, ჩვენზე ხომ არ ატარებს სამეცნიერო ექსპერიმენტებს? თბილისელების ბიუჯეტით ხომ არ უნდა რაღაც სამეცნიერო ნაშრომები დაიცვას? 

ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნახევარი მილიონის გადახდა რაღაც კვლევებში თბილისის მერიის მხრიდან არანორმალური ნაბიჯია. მით უმეტეს, როცა სხვა ურთულესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით. 

- რა ხდება პრემია-დანამატების ყაბადაღებულ თემასთან დაკავშირებით? 

- ახლა რაც შეეხება პრემიებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საკრებულოს, მერიისა და გამგეობების ინფორმაციები გამოვითხოვეთ. საკრებულოზე შემიძლია დეტალურად გესაუბროთ. გამგეობებთან დაკავშირებით თქვენი გაზეთით დავაანონსებ, რომ საზოგადოება დეტალურ ინფომაციას ძალიან მალე მიიღებს. 

ე.ი. მხოლოდ დეკემბრის თვეში, საკრებულოში გაიცა 567 ათასი ლარის პრემია და დანამატი. საიდანაც 400 ათას ლარზე მეტი მხოლოდ პრემია იყო. დანამატები, შესაბამისად, 167 ათას ლარს შეადგენდა. ანუ, თბილისის ბიუჯეტიდან მხოლოდ დეკემბრის თვეში ნახევარ მილიონზე მეტი პრემია-დანამატი გაიცა. და ეს მიიღეს საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა, შტატგარეშე მოსამსახურეებმა და ა.შ. 

რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს. უნდა აღინიშნოს, რომ მათ პრემია ნამდვილად არ მიუღიათ. მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა, რომლებიც არიან კომისიების ხემძღვანელები, იგივე ჯაბა სამუშიამ, ნუგზარ მალაღურაძემ, გულიკო ზუმბაძემ, მაგალითად, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თარაშ შურღაიამ პრემია არ მიიღეს. თუმცა ჯამში 24-მა ადამიანმა 37 ათასი ლარის დანამატი მიიღო. რასაც საშუალოდ თუ გავყოფთ, 1600 ლარით მეტი ანაზღაურების მიღებას ნიშნავს დეკემბერში. 

რაც შეეხება აპარატის უფროსს, მის მოადგილეებს, პიარის სამსახურის ხელმძღვანელს და ა.შ. მათი პრემია იყო უბრალოდ კოლოსალური. მათ სარგოს გარდა, დეკემბერში, დამატებით ხელფასის 200 პროცენტი მიიღეს. რამაც ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი შეადგინა. 

ახლა თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს თბილისელებისთვის არ არის ხარკი და გაწეული სამუშაოსთვის გაცემული პრემია-დანამატია, მას ადეკვატურად ვერ ჩავთვლი. მგონი ყველამ იცის, რომ ნახევარი მილიონის საქმეს ნამდვილად არ აკეთებენ დედაქალაქის მხოლოდ საკრებულოსა და აპარატის თანამშრომლები. 

ჯერ ერთი, ძალიან ბევრნი არიან და შტატები აშკარად გაბერილია. 240 შტატის მოსამსახურეა დედაქალაქის საკრებულოში. აქ დეპუტატებს არ ვგულისხმობ. რის გამკეთებლები არიან, საერთოდ რა გაუკეთებიათ, რა ინიციატივები შემოიტანეს ამ ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქისთვის, რომ ნახევარი მილიონი მხოლოდ დეკემბერში მიიღეს? 

მით უმეტეს ლარის ამ პირობებში, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა ორი ადამიანი გაიყინა ახალ წელს გარეთ ქუჩაში, შიმშილის პირობებში. ეს ადამიანები კი არხეინად განაგრძობენ პრემიებისა და დანამატების მიღებას, რაც ცოტა არ იყოს უხერხულია. 

ასევე საინტერესოა, რომ პრემია-დანამატები მიიღეს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შტატგარეშე თანამშრომლებმა. ჯამში ეს პრემია 48 ათას ლარზე მეტს შეადგენს. 

ახლა აგიხსნით, თუ ვინ არიან ეს ბიუროს შტატგარეშე თანამშრომლები. თუ გახსოვთ, მედიატორმა კვლევა რომ გამოაქვეყნა, ერთი წლის განმავლობაში მაჟორიტარ დეპუტატებსა და მათ ბიუროებს რამდენი შუამდგომლობა ჰქონდათ გაწეული. ანუ რამდენი მოქალაქე მიიღეს და თხოვნა დაუკმაყოფილეს. 

გამოვიდა, რომ რამდენიმე დეპუტატს 3-5-10, მაქსიმუმ 15 შუამდგომლობა ჰქონდა დაწერილი. ანუ ზოგიერთი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამ ადამიანს მოემსახურა, ასეთი ბიუროებიც იყო. იყვნენ მაჟორიტარები, რობლებმაც მხოლოდ ხუთ ადამიანს გაუწიეს შუამდგომლობა. მაგალითად, დევით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან მხოლოდ15 ადამიანს გაუწია ასეთი დახმარება. ე.ი. 15 ადამიანის მომსახურაბა იმად ღირს, რომ მხოლოდ დეკემბერში 48 ათასის პრემია გაიცეს? რა გააკეთეს ამ ადამიანებმა ისეთი, რომ თბილისელებს ასე კისერზე გვასხედან და მილიონობით ლარის პრემია-დანამატები უნდა ვიხადოთ? 

ეს საკრებულოს პრემია-დანამატები და ახლა რაც შეეხება მერიას, აქ სრულყოფილი მონაცემები ჯერ არ გვაქვს. მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბრის თვეში ორჯერ გაიცა პრემია დედაქალაქის მერიასა და გამგეობებში. ამას ვამბობ იმ საჯარო ინფორმაციიდან, რომელიც ამწუთში ჩვენს ხელთ არსებობს. გამგეობების უმრავლესობაში დეკემბერში პრემია ორჯერ გაიცა. ერთხელ რიგითი პრემია და მეორეჯერ უკვე საახალწლო პრემიის სახით. დანარჩენს საზოგადოებას კონკრეტული შედეგების სახით წარვუდგენთ თქვენი გამოცემის საშუალებით. 

- რაც შეეხება ტენდერებს?

- მერიის ტენდერებთან დაკავშირებით, ასევე ორი საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გითხრათ. პირველი ეხება 450 ათასი ლარის ტენდერს, რომელიც გულისხმობს ქალაქში კონცერტის ჩატარებისთვის საჭირო ინვენტარს - მიკროფონებს, გამაძლიერებლებს და ა.შ. არადა, ამ მიმართულებით მერიას უკვე დეკემბერში სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელიც ასევე ნახევარ მილიონზე მეტი ლარის იყო. იქიდან ორი ჩაიშალა და ერთი სამასიათასლარიანი ტენდერი დაკონტრაქტების ეტაპზეა. ახლა რომ შეხვიდეთ საჯარო ინფორმაციაა და შესყიდვების საიტზე ნახავთ, რომ ამ ტენდერთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს. 

ანუ ეს მომსახურება ერთხელ უკვე ნაყიდი აქვთ გასული წლის დეკემბერში და ახლა კიდევ სამი ტენდერი გამოაცხადეს, რომელიც ჯამში ერთად ნახევარ მილიონამდე ლარისაა. ამის დოკუმენტაციასაც გადმოგიგზავნით.  

თქვე კაი ადამიანებო, ყველა ექსპერტი, ქართველი და უცხოელი, ვისაც კი საქართველოზე გული შესტკივა მოგიწოდებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას მოერიდეთ. მით უმეტეს, როცა ამის აუცილებლობა და გადაუდებელი საჭიროება არ არის. რადგან ეს ურტყამს ეკონომიკას და ლარს. და რა არის ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა - კონცერტისთვის ბაზბოჩკისა და მიკროფონის ტენდერის გამოცხადება? ეს ნორმალურია? ან რა ეცეკვებატ ან რა ემღერებათ, რა ეკონცერტებათ და ამაში დედაქალაქის მერიამ ნახევარი მილიონი ლარი რატომ უნდა დახარჯოს? 

ეს იმ ფონზე, როცა გაუბედურებულია თბილისის ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფამდე არის მისული და ა.შ. ჯერ რა გზა დააგეს გაგარინის მოედანზე, კი ნახეთ. ახლიდან არის დასაგები. არადა, ასი ათასობით ლარი არის გადაყრილი. სანამ გზას დააგებდნენ, არც ლაბორატორიული სამუშაო ჩაუტარებიათ, არც ექსპერტიზა და ა.შ. „არ იცოდნენ“, რომ შიგნით წყალკანალიზაცია გამოსაცვლელი იყო და ახლა წლის კომპანია და მერია ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. ამ პირობებში, ნახევარი მილიონი ლარი ასეთ სისულელეებში დავხარჯეთ. 

ძალიან არაადეკვატურები არიან და აგრძელებენ იმ მანკიერ დამოკიდებულებას, რაც ბიუჯეტის მიმართ აქამდე ჰქონდათ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მერის მოადგილე თუ სხვა თანამდებობის პირი. ახლა აპარატის უფროსიც შეუცვლიათ, რომელიც მანამდე სატრანსპორტო სამსახურში მუშაობდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დატოვებს თანამდებობას და მის ადგილზე ვინ მოვა. 

ბატონმა ივანიშვილმა სუსის მეშვეობით გადაწყვიტა, რომ დედაქალაქის მერიის სრული ქართუზაცია მოხდეს. შესაბამისად, მისი კომპანიის თანამშრომლების უმრავლესობა მერიაში გამოუშვა, მგონი კომპანიის ლიკვიდაციას აპირებს. 

იგივე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მერის მოადგილე, სხვადასხვა მიმართულებაზე ივანიშვილის კადრები დაინიშნენ. ამ პაატა ჯაჭვლიანსაც დიდი ალბათობით მისი კანდიდატი ჩაანაცვლებს. მაგრამ ვინც არ უნდა ჩაანაცვლონ, აბაშიძე იქნება მოადგილე თუ ლილუშვილი, გივი კუბლაშვილი იქნება კეთილმოწყობის უფროსი თუ ვინც არ უნდა იყოს, დედაქალაქის მერიაში სერიოზული პრობლემებია ფულის ყაირათიანდ ხარჯვასთან დაკავშირებით. 

ამ ტენდერის გარდა, დედაქალაქის მერიას გამოცხადებული აქვს 20 ათასლარიანი ტენდერი, რომელიც თაიგულებისა და გვირგვინების შესყიდვას გულისხმობს. ალბათ გახსოვთ, 1700 კუბოს ისტორია, მერია მას წინასწარ რომ ყიდულობდა და ამით ცოცხალი ადამიანების დამარხვაზე ზრუნავდა. ცოტა იუმორნარევად უნდა გითხრათ, რომ ალბათ დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ რაკი კუბოები აქვთ ნაყიდი, მერე იქ გვირგვინებითა და თაიგულებით  უნდა მივიდნენ, აბა სხვაგვარად როგორ იქნება ეს ამბავი? ამ თაიგულებსაც ამისთვის წინასწარ ყიდულობენ. 

რა მარაზმია, რა გვირგვინი, რის თაიგული. ე.ი. სხვა რამეს დედაქალაქის მერიაში ვერ ფიქრობენ. მეტი გასაკეთებელი ვერაფერი ნახეს, რომ ასეთი სისულელეებით იყვნენ დაკავებულები? პრემიები, კი ბატონო, მილიონობით უნდა გასაცენ, ასევე მილიონები საკონცერტო მომსახურებაზე დავხარჯოთ, ასი ათასობით გვირგვინებსა და თაიგულებში და ა.შ. და თბილისელებს რა - ჩვენ ვიაროთ დანგრეულ გზებზე, სოციალური მიმართულებით კიდევ უფრო გაჭირვებულ ყოფაში ვიყოთ. 

რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, ტენდერები ასევე გამაგრებით სამუშაოებზე იყო გამოცხადებული. მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე, მე-3 კვარტალის 18-ე კორპუსზე გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. 800 ათასი ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს კომპანია „დავსს“, რომელიც ამ ტენდერის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე დაფუძნდა. სატენდერო დოკუმენტაციაში ბევრი მოთხოვნა იყო, რომ გამოცდილება უნდა ჰქონოდა და ა.შ. კომპანიამ წარმოადგინა, რომ 2013 წელს დაფუძნდა და ამ „დავსის“ შვილობილი კომპანია იყო. და აგერ, რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვსო. ეს დოკუმენტაცია მერიამ მიიღო და ჩათვალა, რომ ეს მართლაც გამოცდილი კომპანიაა. 

ჩვენ ეს რუსული კომპანიაც მოვიძიეთ. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას რუსეთში განა სამშენებლო მიმართულებით ჰქონდა რაიმე გამოცდილება. არა, საუბარია მის მიერ კვერცხის, ზეთის, რძის პროდუქტების წარმოებაზე. რა შუაში იყო საერთოდ რკინა, ბეტონი, გამაგრება, მოკლედ, წარმოუდგენელი აბავია. 

მიუხედავად ამისა, მერიამ კომპანია „დავსთან“ ასეთი შინაარსის ხელშეკრულება გააფორმა. თანაც, სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებული იყო, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს ბეტონის ქარხანა, ანდა ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული. 2015 წლის 9 ოქტომბერს დაფუძნდა შპს „დავსი“. და ხელშეკრულება, რომელიც მერიაში წარადგინეს თარიღდება 8 ოქტომბრით. ნუ მომკლავთ და ჭკუიდან ნუ შემშლით, ეს მარტო მე ხომ არ მეჩვენება? კომპანიის დაფუძნებამდე ერთი დღით ადრე ხელშეკრულება რანაირად იყო დადებული? 

ეს ყველაფერი მერიამ ცნობად მიიღო და გაუფორმა კონტრაქტი აღნიშნულ კომპანის. ამის გარდა იყო კიდევ 3 კომპანია, რომელსაც ასევე გამაგრებითი სამუშაოების ხელშეკრულება გაუფორმეს. და ყველა მათგანი რუსული კომპანიების შვილობილებია. მათი ფუძე მოდის რუსეთიდან და ყველამ ასეთი დოკუმენტაცია წარმოადგინა. ჯამში, რასაც მერია მათ ჩაურიცხავს, სამ მილიონ ლარს სცილდება. ასეთ ვითარებაში რომ საქმეს ისევ რუსულ კომპანიებს აძლევ, ისიც საეჭვოს, კითხვის ნიშნებს ბადებს. ყველას შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ნახოს, ამ კომპანიებს რა დოკუმენტაცია აქვთ წარმოდგენილი. 

ესეც მიუთითებს, რომ მერიაში რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. ან გარიგებულები არიან, ან კორუფციაში იმყოფებიან. ან თვალს ხუჭავენ და ანდა სულაც სულელები არიან. მე აქედან არაფერს გამოვრიცხავ. მათგან რეალურად აღარაფერი მიკვირს.  

მოკლედ, თუკი რამე სერვისია მერიაში, ყველა მიმართულებით პრობლემაა, - დაწყებული ბაღებიდან, სატრანსპორტო სფეროთი დამთავრებული. 

- სატრანსპორტო სფეროში რას გულისხმობთ?

- რაც შეეხება სატრანსპორტო სფეროს, რეალურად კატასტროფული მდგომარეობაა. თუ არსებული სატრანსპორტო პარკი არ განახლდა, სერიოზულ კოლაფსს მივიღებთ. ათ წელზე მეტი ხნის წინ შემოყვანილ ავტობუსებს მილიონ კილომეტრზე მეტი აქვთ გავლილი. მწყობრიდან გამოსულია და ამით გადაადგილება უბრალოდ დაუშვებელია. რეალურად, ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ტრანსპორტია. 

იმის მაგივრად, რომ ამაზე ზრუნავდნენ და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ცდილობდნენ, კიდევ ვამბობ, ფულს ათას სისულელში ხარჯავენ. ოღონდ ამ ადამიანებს საქმეს ნუ გააკეთებინებ. 

პირდაპირ გეტყვით, კორუფცია მაინც და მაინც იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს მოელაპარაკოს და გარიგებაში შევიდეს. კორუფციაა, როცა თბილისელებს ხარკს გვახდევინებენ პრემიებსა და დანამატებში. კორუფციაა, როცა ოციათასიან ტენდერს აცხადებენ თაიგულზე, გვირვინზე და ა.შ. კორუფციაა, როცა ნახევარი მილიონის ტენდერს აცხადებენ საკონცერტო მომსახურების მიმართულებით. 

რახან კორუფციაზე ვსაუბრობთ, ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გითხრათ. წინა წელსაც ჩვენ კორუფციაზე ბევრი ვისაუბრეთ. ანტიკორუფციულმა სამსახურმა მერიაში რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი ეხებოდა კახი კალაძის ძმას, გიორგი არეშიძეს. რომელმაც თავის მეგობარს 95 ათასლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ასევე შაორის ბანაკთან, კვებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები იყო და ამაზე ჩვენმა ორგანიზაციამ პროკურატურაში წერილიც შევიტანეთ. 

- მოყვა რეაგირება?

- მინდა გითხრათ, რომ რეაგირება არის. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი სუსში იყო და გამომძიებელმა დაკითხა. ჩვენი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული 332-ე მუხლით, რომელიც თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს. ჯერჯერობით გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის და კვალიფიკაციაც სწორია. 

უბრალოდ, მეორე საკითხია ეს გამოძიება რამდენად მივა ლოგიკურ დასასრულამდე. ყველა დოკუმენტაცია არსებობს, რაც შეიძლება საგამოძიებო საქმიანობას სჭირდებოდეს. რახან დაიწყეს, ვფიქრობთ, რომ ეს საქმე შეიძლება ბოლომდე მივიდეს. 

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მალევე მოხდება გიორგი არეშიძის პასუხისგებაში მიცემა. მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო წელიწადია, კალაძე პოლიტიკურად გააქტიურებულია. და ბიძინა ივინაშვილის ასეთი ნაცადი ხერხია, რომ ხელქვეით მყოფ ადამიანებზე ჰქონდეს კომპრომატები. რის შემდეგაც მას კიდევ უფრო ღრმად ჩაავლებს ყურებში ხელს. 

ამიტომ ვფიქრობთ, რომ გამოძიების დაწყება, მიმართულების მიცემა პირდაპირ რომ ვთქვათ პოლიტიკური საკითხია. თორემ ბევრ საქმეზე გვინახავს, რომ არც დაინტერესებულან და არც გამოუძიებიათ. 

იგივე გეგი ნიჟარაძე არც დაუძახეს, როცა არათუ საბუთები და დოკუმენტები, აუდიო და ვიდეომასალა მივაწოდეთ გამოძიებას. ამიტომ ეს არის გამოძიება პოლიტიკური მიმართულებით. ამ საქმის გამოძიებას რაღაც დონემდე მიიყვანენ, შემდეგ თაროზე შემოდებენ. მერე დაიწყებენ კახი კალაძესთან ვაჭრობას და მისდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი უკვე ივანიშვილის მძევლად იქცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ცოლისძმას ემუქრება საკმაოდ დიდი სასჯელი. 

დარწმუნებული ვარ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდება. და ეს გამოძიება ემსახურება იმას, რომ კალაძე ბოლომდე ჯიბეში ჰყავდეთ. ახლაც ჯიბეში ჰყავთ, მაგრამ უფრო მყარად იქნება იქ. რათა რაიმე ამბიცია, პრეტენზია არ გაუჩნდეს და უფროსს, სოლოლაკის სასახლეში დავანებულ ივანიშვილს არ შეეპასუხოს. ამიტომ მისი ცოლისძმა ბოლომდე მძევლად ეყოლებათ აყვანილი. ისე, აშკარა კორუფციაზე თუნდაც ჩვენი კვლევების საფუძველზე სხვებიც არიან დასაკავებლები. 

ასევე პრემიებთან დაკავშირებით რის ხაზგასმა მსურს. „აიდიეფაიმ“ (ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა) გუბერნიებში გაცემულ პრემიებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. კერძოდ, 2015 წელს, ჯამში, გუბერნიებში მილიონ 114 ათასი ლარის პრემია და დანამატი გაიცა. რასაკვირველია, ეს კოლოსალური თანხაა. მით უმეტეს, როცა გუბერნატორებს აღარანაირი ფუნქცია აღარ აქვთ. ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ვეღარ ერევიან. აბსოლუტურად უფუნქციოდ არიან დატოვებულები, არადა, პრემიერის წარომადგენლები არიან. 

ეს ხომ დიდი თანხაა, მაგრამ მოდით შედარება გავაკეთოთ. მათთან შედარებით თბილისში, დედაქალაქის მთავრობასა და საკრებულოს რამდენად აშვებული აქვს აღვირები. ვიმეორებ, მარტო საკრებულოში დეკემბრის თვეში ნახევარ მილიონზე მეტი პრემია და დანამატი გაიცა. მკითხველი მიხვდება, ჩვენი შედარება რაშიც მდგომარეობს. 

მთელი საქართველოს მასშტაბით გუბერნატორები, მათი მოადგილეები, აპარატის თანამშრომლები ჯამში ერთ მილიონს იღებენ და აგერ საკრებულოში, ყავის დალევაში იღებენ ხელფასს და ზემოთ ორასპროცენტიან პრემია-დანამატს. და მარტო ერთ თვეში ნახევარ მილიონზე მეტი ჩაიჯიბეს. ეს პატარა გადახვევა და შედარება იმის გასაგებად, თუ რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. 

პრემიებთან დაკავშირებით მსურს კიდევ ერთი დეტალი გაგახსენოთ. ჩვენმა ორგანიზაციამ პირველ იანვარსვე გავაკეთეთ ხმამაღალი განცხადება, რადგან ჩამოვიარეთ უფასო სასადილოები და დაკეტილი დაგვხვდა. 32 ათასი მოშიმშილე ადამიანი გვყავს დღეს ოფიციალურად, რომელიც მერიის უფასო სასადილოში იკვებება. ეს ციფრი 14 ათასი იყო 2014 წელს და 2016 წლის დასაწყისში უკვე 32 ათასია. ანუ გაიზარდა შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა, მერიისვე ინფორმაციითა და სტატისტიკით. და ეს 32 ათასი ადამიანი დედაქალაქის მერიამ პირველ, ორ და სამ იანვარს სადიულის გარეშე დატოვა. 

ამაზე საჯარო განცხადება, სიუჟეტიც გავაკეთეთ და მოვუწოდეთ, რომ პირველში თუ დახურული გაქვთ, ორში და სამში მაინც გახსენითო. არა კაცო, ჩვენ მუშაობას ორშაბათიდან დავიწყებთო, - გვიპასუხეს. ამ ფონზე, როცა 32 ათასი ადამიანი ახალ წელს კიდევ ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს, იქ ორი ადამიანი ქუჩაში დაიღიპა, ეს ბედოვლათები პრემია-დანამატებს მაინც არ იკლებენ. 

- გამოსავალი სად არის?

- აქედან პირველი გამოსავალი დედაქალაქის მთავრობის შეცვლაა; ნარმანიას მოშორება მის გუნდთან ერთად. ეს ალბათ არჩევნებამდე არ მოხდება; თუკი გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ და გვაქვს ამბიცია, რომ განვითარებადი საზოგადოება მაინც ვიყოთ. გვინდა არ გვინდა, არჩევნებამდე მოცდა მოგვიწევს თუ მანამდე ივანიშვილმა სხვა რამ არ გადაწყვიტა და ნარმანიას პირდაპირ სახლისკენ არ მიუთითა. 

გამოსავალი ასევე კანონმდებლობასა და პოლიტიკურ ნებაში მდგომარეობს. დღეს არის იმის საშუალება, რომ მილიონობით პრემია-დანამატი გასცე და აღრიცხვა არ აწარმოო, თუ რაში აიღეს ადამიანებმა ეს დამატებითი ანაზღაურება. სანამ ეს სისტემა იარსებებს, ნებისმიერ ხელისუფლებას ცდუნება ექნება, რომ ეს გააკეთოს. ამიტომ ჩვენ მათ ბერკეტები უნდა წავართვათ და ამისთვის საკანონდებლო ინციატივები არის შემოსატანი. 

პირდაპირ გეტყვით, რომ არც პრემიის წინააღმდეგი არ ვართ, არც დანამატის. როცა საჯარო მოხელე კეთილსინდისიერად მუშაობს, ასრულებს ფუნქცია-მოვალეობებს, ორასი კი არა, 400 პროცენტი პრემია-დანამატი უნდა მისცე. მაგრამ რა პირობებში, იმ ფონზე, რაც დღეს გვაქვს? ვიღაც გამოვარდება და იტყვის, რომ აი ნაციონალების დროს ამაზე მეტს იღებდნენო. თუ  მეტს იღებდნენ, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. 

და მეორე, თუ ისინი იღებდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ვინც მოვა, ყველამ უნდა დააშავოს. პრემია აიღე და დანამატიც, ოღონდ გვითხარი რას აკეთებ. რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც დაგებულ გზას, ეკონომიკურ წინსვლას, არაფერი კარგი არ ხდება დედაქალაქში. ნაგვის ურნებიდან დაწყებული მთელი ინფრასტრუქტურა გამოსაცვლელია. ურნას ვერ ნახავ, დანგრეული არ იყოს. ავტობუსს ვერ ნახავ, გაუბედურებული არ იყოს. 

აგერ თბილისის მეტროში ვაგონების განახლება ხდებოდა. ვაგონთმშენებელი კომპანია იყო თბილისის მერიის დაქვემდებარებაში და განაახლეს კიდეც რამდენიმე ვაგონი. ეს საქმე ეტაპობრივად ხორციელდებოდა. რადგან ყველაფერს თავისი ექსპლუატაციის ვადა აქვს. ამათ უკვე წელიწადნახევარია ვაგონების განახლება შეჩერებლი აქვთ და მოძრაობის შუალედები ნელ-ნელა იზრდება. ადრე თუ მატარებლისთვის სადგურში ლოდინი 2 წუთით გიწევდა, ეს ინტერვალი მატულობს. 

თუ ამ მიმართულებით ვაგონების განახლება არ გააგრძელეს, აქაც სერიოზულ კოლაფსში თავს ამოვყოფთ. ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციასთან მოვიდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ამაზე ღიად ჩივიან. 20-25 ადამიანია, ვისზეც სახელმწიფოს ფული აქვს დახარჯული, სათანადოდ მომზადებულები, კვალიფიციური სპეციალისტები არიან. მათ განაახლეს ის ძველი ვაგონები, ჩამყაყებული და გაუბედურებული რომ იყო. კიდევ ძველების განახლების პროცესი მიმდინარეობდა. მერე დრო რომ გადის, უკვე ამ განახლებულსაც სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება, ყველაფერს თავისი ვადა აქვს. 

მით უმეტეს, თუ მატარებელს რაღაც ექსპლუატაციის პრობლემა აქვს, მას მომხარებაში არავინ გაუშვებს. გარდა საქართველოში გაკეთებული ვაგონებისა, ეს ადამიანები ბიუჯეტს კისერზე კიარ ასხდნენ; პირიქით, მაგალითად აზერბაიჯანიდან 60 მილიონის ინვესტიცია იყო შემოსული, რითაც ბაქო მისი ვაგონების შეკეთებას სთხოვდა. აქედან გზავნიდნან ჩვენი სპეციალისტების მიერ გაკეთებულს. 

მაგრამ ამ ხელისუფლების, დედაქალაქის მთავრობის პირობებში აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერებულია. ის აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებაც გააჩერეს, გაყინეს. ამ 25 ადამიანის გარდა კიდევ 70-მდე თანამშრომელია ამ კომპანიაში და მათი ოჯახები რეალურად ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს. პროფესიონალები, რომლებიც განა ბიუჯეტის ხარჯზე იყვნენ, იქით ქვეყნისთვის დივიდენდების მოტანა შეეძლოთ. 

რაც შეეხება გამოსავალს, როგორც აღვნიშნე, კანონმდებლობა შესაბამისი უნდა იყოს. საჭიროა მკაცრი კანონები და პოლიტიკოსების ლამაზ თვალებზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თორემ ისიც ვნახეთ, კანონმდებლობა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ გამოცდავერჩაბარებული ადამიანი რამდენიმე თვით, გინდაც წლით მოვალეობის შემსრულებლად იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე; რასაც დედაქალაქის მერი კარდად იყენებს თავისი ოროსანი თანამშრომლებისთვის. 

ჩვენ ესეც ვნახეთ, ამიტომ კანონმდებლობა ისე გასამკაცრებელია, რომ ნებისმიერ ბიუროკრატს, მერს თუ სხვა თანამდებობის პირს ამ კანონებისთვის გადაბიჯება არ შეეძლოს. 

რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც კანონმდებლობაში არსებობს სივრცე (სადაც ბიუროკრატს ლავირება შეუძლია), ის ამას სათავისოდ იყენებს. ეს არის გამოსავალი. სხვა შემთხვევაში კიდევ ვამბობ, დედაქალაქის ამ მთავრობის პირობებში, მგლის თავზე სახარების კითხვას დაემსგავსება ყველაფერი, - გამიშვით, ციკანი გაიქცაო. 

მაგრამ ესეც რომ არ ვილაპარაკოთ და მანკიერების შესახებ საზოგადოებას არ გავაგებინოთ, წარმოიდგინეთ მათი თავაშვებულობა სადამდე შეიძლება მივიდეს. ახლა კიდევ სადღაც რაღაცას ფიქრობენ, რომ არიქა, ვიღაც გვიყურებს, არიქა, ვიღაცას რაღაც ესმის და ცოტა სიფრთხილე მაინც გამოვიჩინოთო. რეალურად იმაზე დარდობენ, რომ ხვალ-ზეგ ეს მანდატი შეიძლება ჩამოერთვათ, როცა საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია აქვს მიმდინარე პროცესებზე. განა ადამიანების მძიმე ცხოვრებაზე ნერვიულობენ. იმას დარდობენ, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ცნობილი რომ ხდება და ამით ნელ-ნელა ნდობას კარგავენ.        

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია