მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არის მთის კანონი დისკრიმინაციული? - 11 თებერვალი 2016

„არ შეიძლება მარტო მთის სიმაღლიდან მიუდგე ამა თუ იმ სოფლის პრობლემას“ 

myrights.ge

„მემარცხენე ალიანსის“ განცხადებით, მთის კანონი არის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური, რადგან სხვადასხვა რეგიონის სოფლებს ეს სტატუსი ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლის მიხედვით აქვთ მინიჭებული, რაც ცვლილებას საჭიროებს. „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე, პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებთან ერთად საუბრობს. ჯიბლაძემ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებისკენ მოუწოდა. 

„ქრონიკა პლუსი“ „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურ მდივანს, პაატა ჯიბლაძეს ესაუბრება.  

- პირველი იანვრიდან ქვეყანაში ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონი, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ საგადასახადო შეღავათებს, რაც იმედია გახდება საწინდარი იმისა, რომ ამ რეგიონებში ჩაიდება ინვესტიციები, გავრცელდება სოციალური შეღავათები, რითაც შეჩერდება მთის დაცლის პროცესი და ამავე დროს იგი იქნება სტიმული ბარში ჩამოსული მოსახლეობისათვის მშობლიურ, მიტოვებულ სახლებში დასაბრუნებლად. 

კანონის შესაბამისად გამოქვეყნდა ჩამონათვალი იმ მაღალმთიანი სოფლების, სადაც ეს კანონი ამუშავდა. მაგრამ სამწუხაროდ ჩინოვნიკების უყურადღებობის, არაკომპეტენტურობის თუ გამიზნული ქმედების შედეგად ამ სიის მიღმა დარჩნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები არღუნი, ზემო არანისი, გრემისხევი, საკრამული, ციხედავი, ჭილურტი, ზოტიკაანთკარი, ველთაურთკარი, მლაშე, ახატანი, რამაც იქ მცხოვრები ადამიანების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. 

აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზემოთ დასახელებული სოფლების ნაწილს 1999 წლიდან მინიჭებული ჰქონდათ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შესაბამისი შეღავათებით. 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას, რათა ზემოთ დასახელებულ სოფლებზე უახლოეს პერიოდში გავრცელდეს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი. 

ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან სხვადასხვა რეგიონის სოფლებს ეს სტატუსი მინიჭებული აქვთ ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლის მიხედვით, რაც საჭიროებს ცვლილებას. 

- კანონის მიღებისას რატომ არ მოხდა არსებული რეალობის გათვალისწინება?

- ვიმეორებ, ჩინოვნიკთა ან უყურადღებობის, არაკომპეტენტურობს ან გამიზნული ქმედების შედეგად ზემოაღნიშნული სოფლები სიის მიღმა აღმოჩნდნენ. 

კონკრეტულად დუშეთს რაც შეეხება, კანონიდან გამომდინარე შეღავათები ათას და ათასი მეტრის ზემოთ მდებარე სოფლებს შეეხო. მაგრამ ვსვამ კითხვას, მაგალითად სოფელი ზემო არანისი, რომელიც ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, იქ მთის კანონი რატომ არ მოქმედებს? 

ამ დროს რაიონის სოფელია შალიკიანთკარი, რომელიც ათას მეტრზე დაბლაა და მასზე სრულად ვრცელდება აღნიშნული მთის კანონმმდებლობა. იგივე სოფელი საკრამული ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს, მაგრამ მთის კანონის ფარგლებში ისიც ვერ ხვდება. 

ამიტომ მოვუწოდებ დუშეთის დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის, რომ დაავალოს გამგეობის თანამშრომლებს, რათა ამ საფუძველზე ზემოაღნიშნული სოფლების გადამოწმება მოხდეს და სამართლიანობა აღდგეს. რათა მათზეც გავრცელდეს მთის კანონის მოქმედება. 

ჩვენ ველოდებით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას. ვიმედოვნებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის ვადაში ეს პრობლემა მოგვარდება. თუ ეს არ განხორციელდება, უკვე სხვა ზომებს მივმართავთ. ამას გავაკეთებთ ამ სოფლების მოსახლეობასთან ერთად, რომლებიც აქ ჩამოსულები იყვნენ და ხელისუფლებას პირდაპირ მიმართეს, რომ ეს კანონი მათზეც გავრცელებულიყო. 

ამასთან, დუშეთი თბილისთან ახლოს მებარე რაიონია და ამ ადამიანებმა ჩვენამდე მოაღწიეს. მაგრამ რა ხდება, მაგალითად, წალენჯიხაში, აჭარის მაღალმთიანეთში, კახეთის მთიანეთში ან მესხეთ-ჯავახეთში? ჩვენ რეალურად არ ვიცით, იქ ყველა სოფელი მოხვედრილია თუ არა აღნიშნულ სიაში? 

ამიტომ თქვენი გაზეთის მეშვეობით მსურს მოვუწოდო იმ რეგიონების მოსახლეობას, რომლებიც ცხოვობენ შესაბამის ადგილზე და არ ვრცელდება მთის კანონი, მოგვაკითხონ  „მემარცხენე ალიანსს“ და მათთან ერთად ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. 

- მაინც რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ, როცა სოფლებს შორის ამგვარი ცდომილებები დაუშვეს კანონში? 

- ვერ გეტყვით რით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ დასკვნების გამოსატანად კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ. როგორც აღვნიშნეთ, დუშეთის რაიონში ათასი მეტრის ზემოთ მდებარე სოფლებზე ვრცელდება ეს კანონი. თუმცა რიგ, უფრო დაბლა მდებარე სოფლებს მიენიჭათ ეს სტატუსი და ათასზე ზემოთ მდებარეები სიას არ გააკარეს. 

ასევე შედარებისთვის, ბაღდათის რაიონის სოფლებში ზღვის დონიდან 800 მეტრს ზემოთ მიენიჭათ სტატუსი. სიტყვაზე ვამბობ, ახალქალაქში ეს 1400 მეტრზე და ზემოთ მოხდა. გარკვეული დიფერენცირება გასაგებია, რომ ეს სხვადასხვა მიზეზთა გამო მოხდა. 

მაგრამ გამოვიდნენ და ეს ყველაფერი ოფიციალურად მაინც დაადასტურონ. გაათანაბრონ სოფლების მდგომარეობა, ვთქვათ ყველა ჩამოიყვანონ რვაას მეტრზე, საშუალოდ ათასი მეტრი აიღონ და ა.შ. 

კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. დუშეთის რაიონში და არამარტო იქ, არის მთელი რიგი სოფლები, რომლებიც საერთოდ დაცლილია მოსახლეობისგან. და ეს პროცესი სოფლებში მოსახლეობის დასაბრუნებლად, რასაკვირველია, წინგადადგმული ნაბიჯია. 

მაგრამ რა დააშავეს იმ სოფლებმა, რომლებიც ვთქვათ მდებარეობენ 1200 მეტრ სიმაღლეზე, ადრე იქ 130 კომლი ცხოვრობდა და დღეს  40-50 ოჯახი არი დარჩენილი, - ისევ დუშეთის რაიონის მაგალითზე მოგახსენებთ. სადაც ახალგაზრდები აღარ არიან. სადაც ერთ-ერთ სოფელში შარშან მხოლოდ ერთი ბავშვი დაიბადა; სადაც სკოლებში ორი-სამი პარალელური კლასი მოქმედებდა და დღეს იქ თითო კლასში 2-3 ბავშვი სწავლობს. 

ასეთ სოფლებს ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ იქიდან მიგრაციის პროცესი არ გაგრძელდეს. ჩვენი გადამრჩენელი მთა ბოლომდე არ დაიცალოს და ხატოვნად რომ ჩამოვაყალიბოთ, მთას დაუბრუნდეს მთიელი. ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლებისთვის. 

სწორედ ამისკენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და კანონის გასწორებას ვითხოვთ, რომ დარჩენილ სოფლებშიც სტიმული გაუჩნდეთ ადამიანებს. ვთქვათ, 900 მეტრზეა სოფელი და რეალურად იქ 5-10 ოჯახი არის დარჩენილი. ეს სოფელი ბოლომდე ხომ არ უნდა დაიცალოს? ხომ არ შეიძლება მარტო მთის სიმაღლიდან მიუდგე ამა თუ იმ სოფლის პრობლემას? 

ირაკლი ტრიპოლსკი შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეა და თვითმმართველობის კუთხით თავად უნდა ეფიქრათ და გადაეწყვიტათ სამართლიანად ეს საკითხი. კომიტეტისთვის შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებინათ და მის საფუძველზე აღნიშნული სოფლების შეღავათიან სიაში შეყვანა უნდა მომხდარიყო. 

ამ შემთხვევაში, კონსტიტუციურად ყველა თანაბარი იქნებოდა და ასეთ დისკრიმინაციულ მიდგომას ადგილი არ ექნებოდა. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ, შესაბამისმა საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა იმოქმედოს. 

- მოსახლეობამ უშუალოდ პარლამენტსაც თუ მიმართა და რაიმე რეაგირება თუ იყო? 

- ჩვენ ერთობლივად ირაკლი ტრიპოლსკის მივმართეთ და დაინტერსება ვთხოვეთ, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა. ამიტომ თქვენი გაზეთი მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ბატონ ირაკლის, რომ დაინტერესდეს ამ პრობლემით. ჩვენ მზად ვართ მასთან შეხვედრისთვის. იმისთვის, რომ ამ სოფლების მოსახლეობა შევახვედროთ დეპუტატს, თუკი მათი მხრიდან ასეთი დაინტერესება იქნება. 

თუნდაც კომიტეტის სხდომაზე განიხილონ, მოუსმინონ ამ ადამიანებს. ელემენტარულად, ჩვენი თანამშრომლობით გვსირს, რომ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვოს და მთაში მცხოვრები ადამიანები უყუარდღებოდ არ დავტოვოთ. 

ეს ადამიანები დღესაც მთაში ცხოვრობენ, საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან. თავიანთ თავს ინახავენ, ამიტომ უკამყოფილო არ უნდა დავტოვოთ. რათა შემდეგში თვითონვე რეკომენდაცია გაუწიონ ბარში ჩამოსულ თანამოძმეებს, რომ უკან დაბრუნდნენ; რაღაც მცირე ბიზნესი წამოიწყონ, განვითარდნენ და მათი საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია